Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში აფხაზეთის საკითხის განხილვა დაუდგენელი ვადით გადაიდო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 11 თებერვალს პრეზიდენტ შევარდნაძისა და საპარლამენტო ფრაქციების ლიდერების შეხვედრა კიდევ ერთი სამთავრობო კომისიის შექმნითა და პარლამენტში აფხაზეთის საკითხის გადადებით დასრულდა.

პრეზიდენტი შევარდნაძე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებამდე, აუცილებლად მიიჩნევს ამ პრობლემის ძირეულ შესწავლას.

პრეზიდენტის ამ შეთავაზებით არც პარლამენტარები არიან აღფრთოვანებული და არც აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები. ალბათ, ეს უკანასკნელნი განსაკუთრებით, რადგან ენგურის ხიდზე მიმდინარე აქციის წარმომადგენლებთან სწორედ მათ ჰქონდათ ურთიერთობა და სწორედ ისინი აცხადებდნენ, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტი აუცილებლად განიხილავდა აფხაზეთის კონფლიქტის საკითხს.
არანაკლებ საინტერესოა, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებულად თვალშისაცემი განხეთქილების პროცესი დევნილებშიც შეიმჩნევა. როგორც ცნობილია, 15 თებერვალს თბილისში, სპორტის სასახლეში დევნილთა ყრილობის ჩატარება იგეგმება. და თუ პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმება დევნილთა ყრილობის გამართვას, პრეზიდენტი გაკვირვებას გამოხატავს ყრილობის გამართვის მიზეზთან დაკავშირებით:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] " ჩემამდე მოვიდა ეს ცნობა, მითხრეს ამის შესახებ. ვიცი, რომ ასეთი მოძრაობა დაიწყო. როგორ შეიძლება, მე წინააღმდეგი ვიყო რაიმე თავყრილობის, მაგრამ თვითონ მიზანი, რასაც ისინი ასახელებენ, ცოტა გაუგებარია...რომ უნდათ გამოხატონ სურვილი, რომ მხარი დაუჭირონ ბატონ ასლან აბაშიძეს, რომ მან შეასრულოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქცია."

დევნილთა ყრილობის ჩატარების ინიციატორია პარლამენტარი ბორის კაკუბავა, რომლის განსაკუთრებული სიმპატიები აჭარის ლიდერის მიმართ გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს. შეგახსენებთ, როცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაპატიმრების სანქცია ჰქონდა გაცემული ბორის კაკუბავაზე - იგი პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერაქტის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი, იმუნიტეტმოხსნილი პარლამენტარი სწორედ აჭარას აფარებდა თავს.

რაც შეეხება აჭარის ლიდერის სამშვიდობო ვიზიტს მოსკოვში - სამწუხაროდ, ჯერჯერობით, თბილისამდე მხოლოდ ასლან აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის შეხვედრის ამბავმა ჩამოაღწია. პრეზიდენტ შევარდნაძის განმარტებით, როგორც თავად ასლან აბაშიძემ ჩააყენა საქმის კურსში, შეხვედრები მოსკოვში საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. თუმცა, აქვე პრეზიდენტი ხაზგასმით აცხადებს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ბევრი აქვს გასაკეთებელი ასლან აბაშიძესაც, ავთანდილ ჯორბენაძესაც, მალხაზ კაკაბაძესაც და პირადად მასაც. შესაბამისად, ასლან აბაშიძის სურვილი, მისი, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის როლი დომინანტური ყოფილიყო, პრეზიდენტმა უარყო.
11 თებერვალს სოხუმში იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძეც. შეხვედრა მაინც და მაინც ნაყოფიერი არ გამოდგა. სოხუმის ხელისუფლება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის აღდგენის პირობად ისევ კოდორის ხეობიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოყვანას ასახელებს.
XS
SM
MD
LG