Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გეგმები აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს


ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ბურჯანაძემ აღიარა, რომ კორუფცია პარლამენტშიც არსებობს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებში მრავლად მოიძებნება ეგერთ წოდებული კორუფციული ხვრელები.

კანონების აღსრულებაზე კონტროლის თვალსაზრისით უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკმაოდ სუსტ ორგანოდ არის ჩამოყალიბებული. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტისადმი მოსახლეობის ნდობის დეფიციტს ხედავს და ამ პრობლემას ახალი ინიციატივებით უპირისპირდება.

საქართველოს პარლამენტი დისკრედიტებულია, ამ პრობლემის დასაძლევად აუცილებელია მოსახლეობამ დაინახოს, რომ დეპუტატებს სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით მოქმედება შეუძლიათ. მაგალითად, ნორმალური საარჩევნო კოდექსისა და თვითმმართველობის შესახებ კანონის მიღება.
პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, სწორედ აღნიშნული კანონების მიღება იქნება სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედების დემონსტრირება. ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კოდექზე და თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის სასწრაფოდ დაწყების მომხრეა, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტების დახვეწის მომიზეზებით ადგილობრივი არჩევნების გადადება დაუშვებელია. პარლამენტის თავმჯდომარის გეგმის მიხედვით, საარჩევნო კოდექსისა და თვითმმართველობის შესახებ კანონის მიღება საგაზაფხულო სესიის განმავლობაში უნდა მოხდეს.

ბურჯანაძეს სხვადასხვა ფინანსური დაჯგუფების ინტერესების ლობიზმის პრაქტიკის აღმოფხვრის სურვილიც ამოძრავებს, თუმცაღა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის დეფიციტია და ძნელი წარმოსადგენია, რა მექანიზმი შეიძლება დაუპირისპირდეს დეპუტატთა და პარლამენტს გარეთ არსებული ფინანსური კლანების ერთობლივ ინტერესებს.

საქართველოს პარლამენტის ახალ და საკმაოდ ჭრელ რეალობაში, სახელმწიფოს ინტერესებისთვის შეთანხმებული მოქმედების პოტენცია არ იგრძნობა. ამ რეალობაში პარლამენტისადმი მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად ბრძოლა საკმაოდ რთული იქნება. რთული იქნება, საპარლამენტო თანამდებობების ახლებურად გადანაწილების პროცესიც, რომელიც ნინო ბურჯანაძის თქმით, გარდაუვალია. ამ ყველაფრის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის რეპუტაციის აღდგენა დაგეგმა და ამ გეგმაში განსაკუთრებული ადგილი მინისტრთა კაბინეტის შემოღებისთვის ბრძოლას მიანიჭა. როგორც მან 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "მე 98 წლიდან მაქვს ჩამოყალიბებული მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია მინისტრთა კაბინეტის შემოღება. მინისტრთა კაბინეტი უნდა შეიქმნას და ეს 2 წლის წინ რომ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, ქვეყნაში უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა, ამიტომ ვთვლი, რომ პარლამენტში უნდა დაიწყოს სერიოზული მსჯელობა ამ მიმართულებით. ბატონ ავთოს აქვს უფლება საკუთრი მოსაზრება ჰქონდეს. ჩვენ მასთანაც გვექნება კონსულტაციები, ისევე, როგორც პრეზიდენტთან."

ასე რომ, მინისტრთა კაბინეტის შემოღების იდეასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის და სახელმწიფო მინისტრის პოზიციები განსხვავებულია. ავთანდილ ჯორბენაძის აზრით, მინისტრთა კაბინეტის შემოღებისთვის ზრუნვა ნაადრევია. ეს საკითხი დღის წესრიგში 2 წლის მერე შეიძლება დადგეს. ნინო ბურჯანაძისთვის კი მინისტრთა კაბინეტის შემოღება გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს. თუმცა, ეს ამოცანა რა გინდ მიმზიდველად არ უნდა გამოიყურებოდეს, მოქმედ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო უმრავლესობის შეკოწიწებაზე ოცნება არარეალურად გამოიყურება. მით უფრო მინისტრთა კაბინეტის შემოღებისთვის, რასაც, საკითხის დღის წესრიგში დაყენების შემთხვევაში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ვიწრო მერკანტილური ინტერესები დაუკავშირდება.
XS
SM
MD
LG