Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პოლიტიკური წრეები ეჭვქვეშ აყენებენ შეერთებულ შტატებთან რეალურ პარტნიორობას


შეერთებული შტატების კონგრესის წინაშე პრეზიდენტის გამოსვლამ, რომელშიც ჯორჯ ბუში ზოგიერთ სახელმწიფოს ბოროტებასთან აიგივებს,

რუსეთში ერთგვარად გაამყარა იმ ადამიანთა პოზიცია, ვინც რუსეთ-ამერიკის პარტნიორობას, როგორც ასეთს, სკეპტიკურად უყურებს. მით უმეტეს დიდია მათი სკეპტიციზმი, როცა საქმე ეხება პარტნიორობას ტერორიზმთან და ახლა უკვე მასთან გაიგივებულ ცალკეულ სახელმწიფოებთან ბრძოლაში.

რუსეთის პრემიერმა მიხაილ კასიანოვმა ვაშინგტონის შეხვედრების შეფასებისას აღნიშნა, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა სრულიად ახალ ფაზაშია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით; თუმცა, იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც, მისი აზრით, გადახედვას საჭიროებს და ორი ქვეყნის პრეზიდენტების მაისში დაგეგმილ შეხვედრამდე უნდა მომზადდეს, მრავალფეროვნებით და სირთულით გამოირჩევა და ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ მოკლე დროში მოხერხდეს მათი მოგვარება. საუბარია ნატოსთან რუსეთის ურთიერთობის ახალ ფორმატზე, რამაც, ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზით, შესაძლოა, ე.წ. “პოლიტიკური ოცეულის” შექმნის მოწმეებიც გაგვხადოს; აგრეთვე გარკვეული ტიპის შეიარაღების შეზღუდვაზე, ენერგეტიკულ სტაბილურობაზე მსოფლიოში, რუსეთის ეკონომიკური სტატუსის შეცვლაზე და ა.შ.

ჯორჯ ბუშის “გალაშქრებას” ცალკეული სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის პრეზიდენტმა თავდაპირველად საკმაოდ მოწიწებით უპასუხა რამდენიმე ქვეყნის ელჩისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე, როდესაც აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება უპერსპექტივოდ მიიჩნევს მსოფლიო სტაბილურობის ნებისმიერ მოდელს, რომელიც ძალთა ერთი ცენტრის დომინირებას ეფუძნება. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ პარტნიორობა გარკვეული პრობლემების დასაძლევად აუცილებელია და დასძინა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით ერთი რომელიმე ქვეყნის, კონკრეტულად კი ერაყის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების განხორციელება დაუშვებლად მიაჩნია.

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ავღანეთში საომარი მოქმედებების დაწყება “რადიო თავისუფლების” ერთ-ერთმა ექსპერტმა თავის დროზე შეერთებული შტატების ხელისუფლების ე.წ. “შიდა მოხმარების” ოპერაციად, ანუ ამერიკელთა შურისძიების მოთხოვნაზე ბუშის საპასუხო ნაბიჯად შეაფასა. მას შემდეგ ოთხ თვეზე მეტი გავიდა და დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი არბატოვი შეერთებული შტატების შიდა აუდიტორიის “მოხმარებისთვის” გამიზნულად ჯორჯ ბუშის ბოლოდროინდელ გამოსვლას აფასებს და ფიქრობს, რომ მასში დიდია რიტორიკის წილი, რაც მიზნად ისახავს არა რეალურ ქმედებებზე გადასვლას, არამედ კონკრეტული სახელმწიფოების შეცბუნებას, რომ მათ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამოსწორების გზები ეძიონ. როგორც ცნობილია, საუბარია ერაყზე, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაზე.

თავის მხრივ, ბუშის გამოსვლის საპასუხოდ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა დასძინა, რომ ირანთან ურთიერთობის თაობაზე შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა წმინდა კომერციული ხასიათისაა, რადგან იარაღი, რომელსაც ირანი რუსეთისგან ყიდულობს, მხოლოდ თავდაცვითი დანიშნულების არის და, ამდენად, ეს ურთიერთობა ჩვეულებრივ ვაჭრობად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომ რუსეთი არ აპირებს ამ პროცესის შეჩერებას, რადგან დარწმუნებულია, რომ რა წუთსაც ირანისთვის იარაღის მიყიდვას შეწყვეტს, გამოჩნდება ათეულობით სხვა ქვეყანა, რომელიც იმავეს გაკეთებას მოისურვებს.

ცნობილია, რომ ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაში ჩაბმაზე თანხმობის გაცხადებისას რუსეთი სწორედ ჩეჩნეთში რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკისადმი დასავლეთის მხარდაჭერაზე ამყარებდა იმედს, რაც დასავლეთისთვის არ აღმოჩნდა ცალსახად მისაღები და ევროპის საბჭოს მესვეურებმა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დაცვაზე მსჯელობა სწორედ ბოლო საპარლამენტო ასამბლეის თემად ჩათვალეს. რუსეთის დუმის წარმომადგენლები სრულიად გამოიყვანა წყობიდან საპარლამენტო ასამბლეაზე ჩეჩნეთის ბოლო არჩეული პრეზიდენტის – ასლან მასხადოვის წარმომადგენლის – აჰმედ ზაკაევის ყოფნამ. გაღიზიანება მათ არც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაუმალავთ.

რუსეთის გაღიზიანების მთავარ მიზეზად მაინც შუა აზიაში ამერიკის სამხედრო ნაწილების განლაგებაა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის წარმომადგენელი პაველ კანდელი აცხადებს, რომ საუბარი აზიური საფრთხის თავიდან ასაცილებლად სტრატეგიულ პარტნიორობაზე ზედმეტია, რადგან შუა აზიაში ყოფნით შეერთებული შტატები მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რუსეთის გავლენის შესუსტებაზე “ზრუნვას” განაგრძობს. კანდელის აზრით, საგარეო პოლიტიკა, რომელსაც დღეს რუსეთის პრეზიდენტი აწარმოებს, მოკლებულია პრაგმატიზმს, რამაც სულ მალე შეიძლება მნიშვნელოვნად დასცეს ქვეყანაში მისი პოპულარობის მაღალი რეიტინგი.

“ცივი ომის” გადაზრდა მხურვალე პარტნიორობაში, როგორც ჩანს, გაცილებით ხანგრძლივი პროექტია, ვიდრე ამას მისი ინიციატორები გეგმავდნენ. ამერიკელი პოლიტოლოგი საილას მაკჰენრი განიხილავს ამერიკა-რუსეთის მომავალი ურთიერთობის განვითარების სამ ვარიანტს: რომ ისინი იქნებიან სტრატეგიული მოწინააღმდეგეები, ხანგრძლივი მოკავშირეები, ან დროებითი “თანამგზავრები”, რომლებიც მაშინ შექმნიან კოალიციას, როცა საერთო ამოცანა ექნებათ გადასაჭრელი. მაგალითად ისეთი, როგორიც დღეს ტერორიზმთან ბრძოლაა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG