Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირისა და ორგანიზაცია ისლამური კონფერენციის ფორუმი სტამბოლში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს სტამბოლში დამთავრდა პირველი ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის კავშირის 15-მა და ორგანიზაცია ისლამური კონფერენციის 57-მა წევრმა ქვეყანამ.

მათ პირობა დადეს, რომ შეებრძოლებიან რასობრივ და კულტურულ ცრურწმენას და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ტერორიზმი არც ერთი რელიგიის სინონიმი არ არის.

თავშეყრისთვის საუკეთესო ადგილი შეირჩა – ბოსფორის ზღვის პირას მდებარე სტამბოლი ევროპასა და აზიას აერთებს. თურქეთი თავს დასავლეთისა და ისლამურ ცივილიზაციებს შორის დამაკავშირებელ ხიდად თვლის.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისმაილ ჯემი მიესალმა რა ფორუმს ოსმალეთის იმპერიისდროინდელ ჩირაღანის სასახლის დარბაზში, თქვა, რომ თავშეყრის მიზანია ქრისტიანებისა და მუსლიმანების დაახლოება, რათა ტერორიზმის წინააღმდეგ ომი ცივილიზაციათა შეტაკებად არ გადაიქცეს.

შეერთებული შტატები ხშირად აღნიშნავს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომი, რომელსაც ის ოთხი თვის განმავლობაში აწარმოებდა ავღანეთში, არ იყო ისლამის წინააღმდეგ გალაშქრება. ამ სიტყვებს მუსლიმანურ სამყაროში ერთგვარი სკეპტიციზმით ეკიდებიან.

22 არაბული ქვეყნის ლიგის გენერალურმა მდივანმა, ეგვიპტის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ამრ მუსამ მრავალი მუსლიმანის აზრი გამოხატა, როცა განაცხადა სამშაბათს:”მოდი მოვლენას ნამდვილი სახელი ვუწოდოთ – ეს არ არის ცივილიზაციათა შეტაკება, ეს არის შეტაკება ისლამთანო.”

მაგრამ მისასალმებელ სიტყვაში ჯემმა თქვა, რომ არ შეიძლება ტერორიზმის განსაზღვრა რელიგიური ან კულტურული ნიშნით, ვინაიდან, მისი სიტყვით, “ტერორიზმს არა აქვს რელიგია.” მან თქვა აგრეთვე, რომ 11 სექტემბრის ტერაქტებმა აჩვენა, “რამდენად ადვილად შეიძლება ამოტივტივდეს ღრმად ფესვგადგმული ცრურწმენა.”

მსგავსი მესიჯით გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი აჰმედ ნეჯდეთ სეზერი, რომელმაც თქვა, რომ ცივილიზაციის გადასარჩენად აუცილებელია “ჰარმონია, შემწყნარებლობა და დიალოგი”. [სეზერის ხმა] “ისლამური კონფერენციის ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს ქვეყნები შეიკრიბნენ აქ, 21-ე საუკუნის დამდეგს, რათა გამოძებნონ კაცობრიობის წინაშე ხანგრძლივ და საშუალო პერპექტივაში მდგარი პრობლემების გადაჭრის გზები, რაც დიდად შეუწყობს ხელს უნივერსალურ მშვიდობასა და კეთილდღეობას.”

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოზეპ პიკემ (ესპანეთი ევროპის კავშირის მორიგი თავმჯდომარეა) თქვა, რომ მსგავსება ქრიტიანობასა და ისლამს შორის გაცილებით აღემატება მათ შორის განსხვავებას. მისი თქმით, მუსლიმანურმა კულტურამ ევროპის ისტორიაში უდიდესი წვლილი შეიტანა. “ჩვენი წარსული და მომავალი ერთმანეთთან არის დაკავშირებულიო”, თქვა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია დასკვნით დეკლარაციაში ტერორიზმის განმარტებამ. ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაჰმუდ ჰამუდმა თქვა, რომ საჭიროა განვასხვავოთ “ტერორიზმი” და “უცხო ოკუპაციის წინააღმდეგ ლეგიტიმური ბრძოლა” (აშკარაა, რომ მან პალესტინელთა აჯანყება იგულისხმა). მაგრამ ლიბანელი მინისტრის მოწოდებას არავინ გამოეხმაურა. მეტიც, დასკვნით დოკუმენტში ტერორიზმი დაგმობილ იქნა “მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით”.
XS
SM
MD
LG