Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვთა სახლებისა და მიუსაფარი ბავშვების პრობლემები საქართველოში


ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარების ერთ-ერთი სავალალო შედეგი უპატრონო და მიუსაფარ ბავშვთა რიცხოვნების ყოველწლიური მატებაა.

სააგენტო "კავკაზ-პრესის" ინფორმაციით, არაოფიციალური სტატისტიკით, მარტო თბილისში იმყოფება 4500 მიუსაფარი ბავში, რომლებიც, ძირითადად, ბაზრობებზე წვრილმანი ვაჭრობით, მათხოვრობითა და ქურდბაცაცობით ირჩენენ თავს. დაახლოებით 4535 ბავში იმყოფება კმაყოფაზე ე.წ ბავშვთა სახლებში, რომელთა უმრავლესობა ელემენტარულ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს საყოფაცხოვრებო და სასწავლო მოთხოვნებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვითარება მეტად მძიმეა, მიმდინარე წელს განხორციელებას დაიწყებს საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიუსაფარ ბავშვებზე ზრუნვასა და მათ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის საქართველოში 36 ოფიციალური ინსტიტუციონალური დაწესებულება ფუნქციონირებს. საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო განათლებისა და ბავშვთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის, მერაბ სანიკიძის, ინფორმაციით, მიმდინარე წლის ამ კატეგორიის დაწესებულებების შენახვაზე სახელმწიფო ბიუჯეტი თითქმის 6 მილიონი ლარის თანხის გამოყოფას ითვალისწინებს. აქედან 2309 ათასი ლარი სკოლა-ინტერნატებზე დაიხარჯება, 1360 ათასი კი - ბავშვთა სახლებზე, სადაც ამჟამად მშობლების ზრუნვას მოკლებული 4535 ბავშვი ცხოვრობს.

როგორც აღმოჩნდა, ამ თანხის ძირითადი ნაწილი ბავშვთა კვებისა და პედაგოგების ხელფასების დაფინანსებას ხმარდება, ხოლო რაც შეეხება ბავშვთა სოციალურ რეაბილიტაციას, სწავლის გაგრძელებასა და ამორტიზებული შენობა-ნაგებობების რემონტს, მერაბ სანიკიძის ინფორმაციით, სახელმწიფოს ამ პრობლემის მოგვარებაში, საერთშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან.

შარშან, მაგალითად, ევროკომისიის სასურსათო პროგრამის დახმარებით, გამოიყო მილიონი ლარი, რომლის დიდი ნაწილი, დაახლოებით 900 ათასი ლარი, ბავშვთა სახლების კაპიტალურ რემონტზე დაიხარჯა. 38 ათასი ლარი კი სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების რეგისტრაციისა და მონიტორინგის სისტემის შესაქმნელად გამოიყო.
[მერაბ სანიკიძის ხმა] "ასევე, აქ მინდა გამოვყო ერთი რამე, რომ ორმოცდაათი ბავშვი, რომელმაც დაამთავრა ეს ინსტიტუციონალური დაწესებულებები, მათივე დახმარებით, დღეს აგრძელებს სწავლას სხვა საფეხურზე. ზოგი კოლეჯში მოეწყო და ჩვენ მათ სტიპენდიას ვუხდით. და მომავალ წელს კიდევ 50 ბავშვი გვყავს დაგეგმილი".

ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი კი მიმდინარე წელს ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის გაგრძელება იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის განხორციელება საქართველოში, გაეროსა და ევროპის ბავშვთა ფონდების ფინანსური დახმარებით, ორი წლის წინ დაიწყო და 100 ბავშვს შესაძლებლობა მიეცა, დაბრუნებოდა ოჯახურ კერას. სიახლე ამჯერად იმაში მდგომარეობს, რომ ამ პროგრამის გაგრძელება სახელმწიფომ ითავა და 137 ათასი ლარი გამოყო უკვე ოჯახებში დაბრუნებული ბავშვების დახმარებისთვის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მშობლების ზრუნვას მოკლებული და მაწანწალა ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად მუშაობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ერთ-ერთი მათგანი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო," 1 მარტს დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხსნის "დღის ცენტრს", რომელიც ბაზრობებზე მოვაჭრე ბავშვებს მოემსახურება. ორგანიზაციის პრეზიდენტის, ნანა იაშვილის, თქმით, პროგრამა, რომელიც ათ თვეზეა გათვლილი, გაეროს ბავშვთა ფონდმა დააფინანსა და, ერთჯერადი კვების გარდა, ბავშვებს სულიერ საზრდოს მიღების შესაძლებლობასაც მისცემს.
[ნანა იაშვილის ხმა] "ბავშვები, რომლებიც მიიღებენ ამ პროგრამაში მონაწილეობას, მიიღებენ პირველად დახმარებას, აქ ნაგულისხმევია საკვებით მათი მომარაგება - და, გარდა ამისა, ისინი პირველად სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებასაც მიიღებენ".

ნანა იაშვილის თქმით, მარტიდან განხორციელდება მეორე პროგრამაც, რომელიც მე-16 ბაგა-ბაღის ბაზაზე ინვალიდი ბავშვებისთვის სპეციალური ჯგუფის გახსნას ითვალისწინებს. ჯგუფში მიიღებიან საშუალო და მცირე ჩამორჩენის მქონე ბავშვები, რომლებსაც ერთობლივი გაკვეთილები ჩაუტარდებათ ნორმალური განვითარების ბავშვებთან ერთად. ასეთი სწავლების ფორმა კი, სპეციალისტთა შეფასებით, გონებრივად და ფიზიკურად ჩამორჩენილი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG