Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ჭაჭია საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო-ტექნიკური დახმარების გაწევას გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება "ერთობის" თავმჯდომარე ალექსანდრე ჭაჭია,

რომელსაც აქამდე უფრო მოსკოველ პოლიტოლოგად წარადგენდნენ ხოლმე. "ჩემი პოზიცია ასეთია, – განაცხადა ჭაჭიამ, – რაკი გვყავს უუნარო და მარაზმატული ხელისუფლება, რომელსაც საკუთარ ტერიტორიაზე წესრიგის დამყარების თავი არა აქვს, მაშინ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია სხვა ქვეყნების დახმარება იმ საქმეში, რასაც საქართველოს იურისდიქციის გავრცელება ჰქვია".

ჭაჭიას მსჯელობა, როგორც ყოველთვის, ლოგიკური და მწყობრია, მაგრამ არა იმდენად, რომ ბზარები ვერ უპოვო. მისი მთავარი კოზირი, წესისამებრ, პატრიოტიზმია. ჭაჭია პარადოქსად მიიჩნევს საქართველოს უარს რუსეთისათვის, რომელიც გვთავაზობდა, რომ პანკისის ხეობას საკუთარი ძალებით გაათავისუფლებდა. ამ დროს კი ჩვენი ქვეყანა, ჭაჭიას თქმით, ზარ-ზეიმით იღებს ამერიკის წინადადებას, რომ ქართველი ჯარისკაცების ხელით და ქართველთა სისხლით გათავისუფლდეს პანკისი. “წინ პრაგმატული საკითხი უნდა წამოვიდეს: ვისი სისხლის ფასად ვათავისუფლებთ პანკისს? რუსეთის წინადადებით, ეს მოხდებოდა რუსი ჯარისკაცების სისხლით. ამერიკელთა წინადადებით კი, ქართველი ჯარისკაცების სისხლის ფასად”, – განუცხადა ალექსანდრე ჭაჭიამ “დილის გაზეთს”. კითხვას, რატომ ჰგონია, რომ რუსეთი ქართველთა საქმეში ტყუილად დაღვრის სისხლს, ჭაჭია უპასუხებს, რომ ეს ქართველების საქმე არ არის.

ძნელი სათქმელია, ვინ მიიღებს ასეთ არგუმენტებს უკრიტიკოდ. ჯერ ერთი, ყველა ვხედავთ, 1999 წლის მიწურულს რუსეთის მიერ ჩეჩნეთში წამოწყებული “ანტიტერორისტული ოპერაცია” ჯერ არ დამთავრებულა და არც დასრულების პირი უჩანს. რა გარანტია არსებობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მაინცდამაინც პანკისში იმოქმედებენ სწრაფად და შედეგიანად? მეორეც, საქმე ეხება შენს ქვეყანაში უცხო სახელმწიფოს ჯარის ან სპეციალური დანიშნულების რაზმის შემოყვანას და საბრძოლო მოქმედებას, რაც შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. თავის დროზე, ჩეჩნეთში ოპერაციის დაწყების შემდეგ, რუსეთს საქართველომ უარი უთხრა მისი ნაწილებისთვის დერეფნის შექმნასა და ჩვენი ქვეყნის გავლით ჩეჩნეთში შეღწევაზე. მოტივი: ჩვენს ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებათა ესკალაციისა და კავკასიურ ომში საქართველოს ჩათრევის საფრთხე. რა გასაკვირია, რომ საქართველო უარს ამბობს უკვე არა უბრალოდ რუსული რაზმების გატარებაზე, არამედ მათთვის ასპარეზის დათმობაზე ჩვენი ქვეყნის შიგნით ომის საწარმოებლად? კიდევ ერთი, საქართველოს მოქალაქეებს კარგად ახსოვთ, რა ახლდა რუსული სამხედრო შენაერთების შემოშვებასა და მოქმედებას აფხაზეთის კონფლიქტისა და სამოქალაქო ომის დროს. ეს ელემენტარული საკითხებია, რომელთა დავიწყება ჭაჭიას გაქანების პოლიტოლოგისა და იდეოლოგის მიერ ცოტა გაუგებარია. და ბოლოს: მართალია, პანკისის პრობლემა, ძირითადად, ჩვენი ხელისუფლების კისერზეა. ჩვენივე შეცდომას თუ დანაშაულს კი ჩვენ მაგივრად არავინ გამოასწორებს.
XS
SM
MD
LG