Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკი და მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებები


ანტიკორუფციული საბჭოს მიერ წარმოდგენილმა პროექტმა და აღმასრულებელ ხელისუფალთა შემცირება-გადაჯგუფების მოსალოდნელობამ ძალიან დიდი დაბნეულობა გამოიწვია.

ექსპერტთა იმ კატეგორიასაც კი, რომელიც ხსენებულ პროექტს აბსოლუტურად ეთანხმება, ამ ეტაპზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება უჭირს. თუმცა ისინი ერთმნიშვნელოვნად არიან დარწმუნებული იმაში, რომ სახელმწიფო მოხელეთა კორპუსის შემცირებით კორუფციის დონეც აუცილებლად შემცირდება.

18 სამინისტროდან – 10-ის, ხოლო 28 დეპარტამენტიდან მხოლოდ 7-ის დატოვების იდეა ბევრს მართლაც ძალიან ხიბლავს. მათ შორისაა დამოუკიდებელი ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ახლა სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების გასატარებლად განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია და საქართველომ ეს შანსი ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას. თვალჭრელიძე დარწმუნებულია, რომ რაც მცირერიცხოვანია ბიუროკრატიული აპარატი, მით დაბალია ქვეყანაში ქრთამის აღებ-მიცემობის მასშტაბებიც. ამასთან, დამოუკიდებელმა ექსპერტმა წინადადებით მიმართა ანტიკორუფციულ საბჭოს, ჩინოვნიკთა ხელფასების გაზრდასთან და ერთგვარი სახელშეკრულებო მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებით.

თუკი ეს წინადადება რეალობად იქცა, ვთქვათ, მინისტრს საშუალება მიეცემა ასი თანამშრომლის ნაცვლად დაუდოს ხელშეკრულება იმ ერთს, რომელიც ამ ასი ადამიანის სამუშაოს შეასრულებას გაართმევს თავს. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ანაზღაურებაც შესაბამისი, ანუ მაღალი უნდა იყოს. თვალჭრელიძის აზრით, ანტიკორუფციული საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროექტი ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისითაც სასიკეთოდ წაადგება.

აბსოლუტურად საპირისპირო მოსაზრებისაა ეკონომიკის ექსმინისტრი (აწ უკვე არასამთავრობო სექტორში დასაქმებული) ვლადიმერ პაპავა, რომელსაც, მისივე თქმით, აბსოლუტურად არ ესმის, რა ხდება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ასეთი მექანიკური დაკომპლექტება კარგს არაფერს მოიტანს. იგი იხსენებს წარსულს და აცხადებს, რომ, თავის დროზე, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროთა ერთ უწყებაში გაერთიანებამ დადებითი შედეგი არ მოიტანა. “შედეგად მივიღეთ მხოლოდ ის, რომ გართიანებულმა უწყებამ თავისი ძალისხმევის უდიდესი წილი მრეწველობისკენ მიმართა, ხოლო ვაჭრობა და ეკონომიკა, თითქოს, განზე დარჩა” – ამბობს ექსმინისტრი და შიშობს, რომ ამ წარუმატებელი სინთეზისთვის კიდევ სხვა სამინისტროების მიერთება უფრო დიდ პრობლემებს წარმოშობს. ამასთან, პაპავას ღრმად სჯერა, რომ “პატარა მთავრობა იაფ და არაკორუმპირებულ მთავრობას სულაც არ ნიშნავს”.

სხვათა შორის, ანტიკორუფციული საბჭოს პროექტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები (ეკონომიკურ ბლოკთან მიმართებით) ჯერჯერობით შეთანხმებას ძირითადად ერთადერთ საკითხში აღწევენ, ესაა ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროთა გაერთიანება. სხვა საკითხია, როგორ აღიქვამენ იმავე საკითხს თავად ამ უწყებებში დასაქმებული სახელმწიფო მოხელეები.

უნდა ითქვას, რომ ანტიკორუფციული საბჭოს პროექტის გამოჩენამ და არაპროდუქტიული ჩინოვნიკებისკენ მიმართულმა, პრეზიდენტ შევარდნაძის მკაცრმა ტონმა, ასე ვთქვათ, საკადრო პანიკის გაღვივებას მისცა დასაბამი. აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოსტების დაკარგვის შიში განსაკუთრებით მძაფრად, ჯერჯერობით, განყოფილების გამგეებისა და სამმართველოს უფროსების დონეზე შეიმჩნევა. თუმცა არავინ იცის, რა ბედი ელის ზოგიერთ მინისტრსა და დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG