Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსაზრებები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციონალური ცვლილებების პროექტის გარშემო


გიორგი კაკაბაძე, თბილისი როგორც ცნობილია, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.

ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ქვეყანაში არსებული 18 სამინისტრო 10-12-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო 28 დეპარტამენტის ნაცვლად, 7 უნდა დარჩეს. ამდენად, სახელმწიფო მართვის სისტემას სერიოზული ინსტიტუციონალური გარდაქმნა მოელის.

აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციონალური გარდაქმნა ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ჯერ ერთი, მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს სახელმწიფო მოხელეთა უზომოდ გაბერილი ბიუროკრატიული აპარატი და მეორე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ სპეციალისტები, რომლებიც კარგად ერკვევიან საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებში. თამაზ აქუბარდიას თქმით, [აქუბარდიას ხმა] “ჩვენი ბიუროკრატიული აპარატი მეტისმეტად დიდია. საერთოდ, საბიუჯეტო სფეროში მუშაობს დასაქმებულთა, დაახლოებით, 45 პროცენტი. ცხადია, აქ მასწავლებლებიც არიან და ექიმებიც, მაგრამ მათ არ ვგულისხმობ. რაც შეეხება საქართველოში არსებულ ბიუროკრატიულ აპარატს, მისი შემცირება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ხაზი უნდა გაესვას, ის არის, რომ კორუფციამ საქართველოში ძალიან დიდ მასშტაბებს მიაღწია. ამიტომ აუცილებელია ახალი და ძირეული საკადრო ცვლილებების განხორციელება.”

ამასთან ერთად, ეკონომიკური ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირების პროცესს უნდა მოჰყვეს ცვლილებები საკანონმდებლო ხელისუფლებაში, დეპუტატთა რიცხვის შემცირების თვალსაზრისით. “ამდენად, აუცილებელია, რომ ძირეული რეფორმები ხელისუფლების ორივე შტოში განხორციელდეს”, – ამბობს იგი.

თამაზ აქუბარდიას ეუცნაურება ის გარემოება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტი მომზადდა არა საქართველოს მთავრობის, არამედ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ: [აქუბარდიას ხმა] “არ მინდა, ისე გამიგონ, თითქოს არ ვენდობი ანტიკორუფციულ საბჭოს და, განსაკუთრებით, მის თავმჯდომარეს, ბატონ მირიან გოგიაშვილს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რამდენადაც ასეთი ღრმა ინსტიტუციონალური ხასიათის რეფორმები მიმდინარეობს, თავიდან ბოლომდე უნდა იქნას აღებული პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ და ამიტომ თვითონ მთავრობის მიერ უნდა იქნას შემოტანილი ეს მოდელი განსასჯელად და განსახილველად.”

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მომზადებული პროექტი უახლოეს დღეებში უნდა განიხილონ მთავრობის სხდომაზე. თამაზ აქუბარდია არ გამორიცხავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის თაოსნობით, ალტერნატიულ პროექტს წარადგენს. ეკონომიკური ექსპერტი აქვე აღნიშნავს,რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მომზადებულმა პროექტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მოწონება დაიმსახურა.
[აქუბარდიას ხმა] “ცხადია, ამ ინსტიტუციონალურ ცვლილებებს ისინი მხარს დაუჭერენ. ისინი იზიარებენ აზრს, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატები გაბერილია და, სხვათა შორის, ერთი რამეც არის, - ის პროფესიონალები, მაღალი რანგის პროფესიონალები, ახალგაზრდები, პირველ რიგში, რომლებმაც განათლება მიიღეს დასავლეთში, ჩამოვიდნენ და მუშაობა დაიწყეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უმწირესი ხელფასების გამო თავი დაანებეს იქ მუშაობას და კერძო სტრუქტურებში გადავიდნენ. ამდენად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დარჩა კადრები, რომელთა პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ეს არის გუშინდელი დღე.”

“ამიტომ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა კადრების მოზიდვის თვალსაზრისით, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ხელფასების ზრდა და ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა”, -ამბობს თამაზ აქუბარდია.

2005 წლისათვის მინიმალური ხელფასი საქართველოში უნდა გაუტოლდეს 110-120 ლარს, დაუბეგრავი მინიმუმი – 50 ლარს, საშუალო ხელფასი კი – 220-230 ლარის ფარგლებში უნდა იყოს. ასეთ პროექტზე მუშაობენ როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში.

“ეჭვგარეშეა, ამ პროექტის არსებობა კარგ ფონს ქმნის იმისათვის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური გარდაქმნის პროცესი წარმატებით განხორციელდეს,”- მიიჩნევს ეკონომიკური ექსპერტი.
XS
SM
MD
LG