Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ჰიუმან რაიტს უოჩი” ვაშინგტონს აკრიტიკებს


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 მარტს გამოქვეყნებული ყოველწლიური საანგარიშო მოხსენების შესახებ, რომელშიც ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებია აღნუსხული,

ჩვენს წინა გადაცემებში არაერთხელ გვქონდა საუბარი, როცა მრავალი მთავრობა გავაკრიტიკეთ ამ უფლებათა მიუტევებელი დარღვევების გამო. ამჯერად, გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მიმდინარე ანტიტერორისტული კამპანიის ჩარჩოებში თავად შეერთებული შტატების მთავრობა გვევლინება ადამიანის უფლებათა დარღვევის თანამონაწილედ.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ ”ჰიუმან რაიტს უოჩმა” დაიწყო გამოძიება გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებული ცნობისა იმის შესახებ, რომ ამერიკის მთავრობა, სასამართლო პროცედურის უგულებელყოფით, ფარულად ეხმარება ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადიციას ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამავე ცნობის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, ეჭვმიტანილები ჩაჰყავთ ისეთ ქვეყნებში, სადაც მათ დაკითხვის დროს წამება ელით. და ამგვარ დაკითხვებს ზოგჯერ შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყების აგენტებიც ესწრებიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პატიმართა წამებას კრძალავს გაეროს მიერ 1984 წელს მიღებული კონვენცია, რომელსაც სხვებთან ერთად შეერთებულმა შტატებმაც მოაწერა ხელი. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონი ამერიკელ აგენტებს წამების გამოყენებას უკრძალავს. სტატიაში, რომელიც 11 მარტის ნომერში გამოაქვეყნა გაზეთმა ”ვაშინგტონ პოსტმა”, მოყვანილია 11 სექტემბრის ტერაქტამდე და მის შემდგომ მომხდარი რამდენიმე შემთხვევა, როცა შეერთებულმა შტატებმა დააჩქარა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირის ექსტრადიცია ერთი ქვეყნიდან მეორეში, და ზოგჯერ თავადვე ჩაიყვანა ეჭვმიტანილი იმ ქვეყანაში, სადაც მას ოფიციალური ბრალდება ჰქონდა წაყენებული.

სტატიაში დეტალურად არის აღწერილი მოჰამად საად იქბალ მადნის საქმე. შარშან ნოემბერში იქბალი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ჩავიდა პაკისტანიდან. მას თან ჰქონდა როგორც პაკისტანის, ისე ეგვიპტის პასპორტები. ჯაკარტაში ჩასვლამდე ორი თვით ადრე იქბალი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაჟინებული მოთხოვნით ინდონეზიის უშიშროების აგენტებმა დააპატიმრეს იმის გამო, რომ ახლო კავშირში იყო ბრიტანელ რიჩარდ რიდთან. ეს უკანასკნელი ამერიკაშია დაპატიმრებული. დეკემბრის მიწურულს მან ფეხსაცმელში დამონტაჟებული ყუმბარით სცადა ამერიკის სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქება. იქბალის ექსტრადიციის თხოვნით, ტერორისტებთან მისი კავშირის გამო, ინდონეზიას ეგვიპტემაც მიმართა. მალე იქბალი ამერიკაში რეგისტრირებული პატარა თვითმფრინავით ჩაიყვანეს ეგვიპტეში. ”ვაშინგტონ პოსტის” მტკიცებით, ყოველივე ეს ისე მოხდა, რომ იქბალს არც ვექილი ჰყოლია და იგი არც გაუსამართლებიათ.

სახელმწიფო დეპარტამენტის საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეგვიპტის უშიშროების ძალები ხშირად აწამებენ ტერორიზმში ეჭვიმტანილ პირებს. ამასობაში, ადამიანის უფლებათა მოძრაობის აქტივისტებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულმა სტატიამ. ვაშინგტონში დაფუძნებული დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრის, ”მემკვიდრეობის ფონდის” მკვლევარის, ჯეიმს ფილიპსის აზრით, სხვა ქვეყნების დახმარება ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ექსტრადიციის მიზნით სავსებით გამართლებული და მისაღებია, და, რაც მთავარია, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას წაადგება.
XS
SM
MD
LG