Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლობალიზაციის პროცესი და საქართველო


გასული წლის ივნისში გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" გამოქვეყნდა თამაზ ჩხენკელის წერილი, სათაურით: "განვემზადოთ ახალი საუკუნისთვის".

წერილის თემაა ის საფრთხე, რომლის წინაშე საქართველო აღმოჩნდება "სამყაროს მოდერნიზაციის" პროცესში, აგრეთვე, ამ საფრთხის თავიდან აცილების გზები.

გლობალიზაციის თემა სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება ქართული საზოგადოებისთვის.

რა იცის რიგითმა ქართველმა გლობალიზაციის შესახებ? შესაძლოა, მას ახსოვდეს ერთი ფრაგმენტი ედუარდ შევარდნაძის წინასაარჩევნო გამოსვლიდან, რომ მოვა დრო, როდესაც შატილში პატარა გოგონა ჩართავს კომპიუტერს და ინტერნეტის მეშვეობით მთელ მსოფლიოს დაუკავშირდება. ამ მაგალითით პრეზიდენტი შეეცადა, მარტივად აეხსნა გლობალიზაციის სიკეთე, ამასთან, კიდევ ერთხელ დაედასტურებინა სახელმწიფო კურსის დასავლური ვექტორი. შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეს, განსაკუთრებით, "ასავალ-დასავალის" მკითხველს, სხვა ხატოვანი მაგალითებიც ახსოვდეს, ოღონდ, ალექსანდრე ჭაჭიას ორგვერდიანი ინტერვიუდან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა გლობალიზაციისგან მომდინარე საფრთხეს. ეს ინტერვიუ ჯერ კიდევ 2000 წლის მაისში გამოქვეყნდა. ციტატა: "გლობალიზაციის თეორიის თანახმად, მსოფლიო მართვის ცენტრი ვაშინგტონი უნდა იყოს. დღეს დედამიწის მოსახლეობის ოცი პროცენტი, ეგრეთ წოდებული "ოქროს მილიარდი," 82-ჯერ მეტ რესურსს მოიხმარს, ვიდრე მთელი დანარჩენი მოსახლეობა. "ოქროს მილიარდის", ანუ გლობალისტების, ამოცანაა, არ დაუშვან რესურსის გადანაწილება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებიან საერთაშორისო ორგანიზაციები - სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლებიც მათ ხელში ჩავარდნილ ქვეყნებს ისეთ პირობებს ჰკარნახობენ, რომ პრინციპულად შეუძლებელი ხდება ამა თუ იმ ქვეყნის განვითარება" (ციტატის დასასრული).

დასავლეთში გლობალიზაციის პროცესს სულ სხვაგვარად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი ნებისმიერ პატარა ქვეყანასაც კი ცივილიზაციის ყველა სიკეთეს აზიარებს. მართალია, გლობალიზაციის პროცესის საფრთხობელად გადაქცევა ალექსანდრე ჭაჭიას პოლიტიკური ამოცანაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რიგითი მოქალაქის ცნობიერებაში შატილში ამუშავებული ინტერნეტი არადამაჯერებელი არგუმენტია, ხოლო სავალუტო ფონდის ლანძღვა - გაცილებით მეტად გასაგები და დამაჯერებელი.

თუმცა გლობალიზაციის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც თანხმდებიან, რომ ამ პროცესს უახლოესი წლების განმავლობაში ვერაფერი შეაჩერებს. ამიტომ ამერიკიდან აგრერიგად დაცილებულ საქართველოშიც კი არაერთი ადამიანი ფიქრობს - როგორი მზაობით უნდა შეხვდეს ჩვენი ქვეყანა გლობალიზაციას, რა სიკეთე უნდა მიიღოს მისგან და რა არ უნდა დათმოს თავისი წიაღიდან. თამაზ ჩხენკელის წერილი სწორედ ამგვარი ფიქრის ნაყოფია. ავტორის აზრით, ჩვენ პლანეტარული ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრები ვართ და მოდერნული გარდაქმნები ჩვენზეც ბუნებრივად გავრცელდება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ "მოდერნიზაცია არ ნიშნავს "გადასავლურებას" ყველგან და ყველა ასპექტში. ჩვენ ევროპელები ვართ, მაგრამ განვსხვავდებით ევროპელებისგან და ეს განსხვავება არამცთუ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ უნდა გავაღრმავოთ და გავამდიდროთ". აქვე თამაზ ჩხენკელი მკითხველს აცნობს გერმანელი კულტურტრეგერის ფრანკ ტაიხმანის ერთ დაკვირვებას: "ევროპაში ადამიანის ცნობიერება საკუთარი პიროვნებით არის შეზღუდული; ევროპელს შეუძლია, გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. ქართველი, პირიქით, მჭიდროდ არის დაკავშირებული თავისი ერის კულტურულ წარსულთან და შეუძლებელია მისი აქედან მოწყვეტა. დამოკიდებულება საკუთარი კულტურის ისტორიასთან ქართველს არსებითად განასხვავებს ევროპელისგან." თამაზ ჩხენკელი ტაიხმანის ამ მოსაზრებას "შესანიშნავ დაკვირვებას" უწოდებს და თავადაც მიიჩნევს, რომ ქართველებმა სწორედ ერთიან, ინტეგრირებულ სამყაროში უნდა შევინარჩუნოთ ეს თავისთავადობა - შინაგანი კონტაქტი კულტურის მაცოცხლებელ წყაროებთან.

მართლაც, გლობალიზაციის პროცესი შეიძლება შევადაროთ ჰორიზონტალურ ვექტორს, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება და სივრცეს აერთგვაროვნებს - ყველგან ამკვიდრებს ერთსა და იმავე ღირებულებებს - დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკას. ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც გლობალიზაციის ჰორიზონტალურ ტალღაში მოექცევიან, ამ პროცესს უნდა დახვდნენ ვერტიკალური ინტეგრაციით, ანუ საკუთარი კულტურის და საუკეთესო ტრადიციების წიაღში ჩაღრმავებით. მხოლოდ ორგვარი - ჰორიზონტალური და ვერტიკალური - ინტეგრაციის ჯამი არის ის ფარი, ის სახურავი, რომელიც ჩვენს ქვეყანას იზოლაციონიზმისგანაც დაიცავს და თვითმყოფადობასაც შეუნარჩუნებს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვართ მზად ჰორიზონტალური ინტეგრაციისთვის, რადგან გვაკლია განათლება და კომპეტენტურობა; და, მით უმეტეს, არ ვართ მზად ვერტიკალური ინტეგრაციისთვის, რადგან ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებს, თუნდაც არაცნობიერად, უფრო მეტად წარსულს ვუკავშირებთ, ვიდრე მომავალს.
XS
SM
MD
LG