Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ქალთა და, მათთან ერთად, ახალშობილთა ჯანმრთელობა უარესდება


ყოველკვირეული პროგრამა "ქალი და მსოფლიო" დღეს რუსეთში ფრიად მწვავე დემოგრაფიულ პრობლემას ეთმობა.

უკვე რამდენიმე წელია, რუსეთის მოსახლეობა წლიურად 750 ათასი ადამიანით კლებულობს. დღეს ის დაახლოებით 144 მილიონ ადამიანს შეადგენს, მაგრამ თუ ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდა, ზოგი დემოგრაფის ვარაუდით, 50 წელიწადში რუსეთს სულ 50-მდე მილიონი მოსახლე, ანუ დღევანდელი რაოდენობის მესამედი ნაწილი თუ ეყოლება. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერსპექტივაზე არა ნაკლებ დამთრგუნველია ზოგიერთი დღევანდელი მაჩვენებელი!

რუსეთში 4 ახალშობილიდან მხოლოდ 1 არის ჯანმრთელი, 4 ქალიდან ერთადერთის ორსულობას არ ახლავს თან ამა თუ იმ სახის გართულებები. არადა, ბავშვის ჯანმრთელობა არა მარტო მშობლებისა თუ ახლობლებისათვის არის უდიდესი ფასეულობა - მას საზოგადოებრივი განზომილებაც აქვს.

"ბავშვების ჯანმრთელობა ინვესტიცია არისო", აღნიშნა ჩვენი რადიოს თანამშრომელთან, კეტლინ ნოქსთან საუბრის დროს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობისა და განვითარების განყოფილების დირექტორმა, ჰანს ტროედსონმა და განაგრძო: [ტროედსონი]
"თუ ინვესტიციას არ გავაკეთებთ ჩვენს შვილებში, რაც მათი დაბადებიდანვე იწყება, წინ ვერ წავიწევთ და ლაპარაკი არ არის მხოლოდ ბავშვის სიცოცხლის დაცვაზე. საჭიროა მათი პოტენციალის სრულად განვითარება. ჩვენ ჯანსაღი ბავშვები გვჭირდება. გვჭირდება სწავლის უნარის მქონე ბავშვები, ვინაიდან მომავალი მათ ეკუთვნის. ისინი არიან ჩვენი მომავალი ლიდერები, ინჟინრები, ექიმები, მუშები, რომლებიც წინ უნდა წავიდნენ. ასე რომ, ახალშობილებზე ზრუნვა პრაქტიკულ მოსაზრებებსაც ეფუძნება".

ტროედსონის მიერ მოხსენიებული ერთ-ერთი საკითხი - ბავშვის სიცოცხლის დაცვა - რუსეთში შედარებით კარგად არის მოგვარებული. 1000 ახალშობილიდან გარდაცვლილთა რიცხვია 17, რაც, მართალია, ორჯერ აღემატება ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ იმავდროულად უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე აღირიცხება დანარჩენი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში. ასე რომ, რუსეთის მთავარი პრობლემა სხვაა - კერძოდ, უხეირო პირობები სიცოცხლის პირველ წლებში, ისევე როგორც დედათა სუსტი ჯანმრთელობა. დღეისთვის შექმნილ ვითარებას ექსპერტები ერთხმად ხსნიან იმავე მიზეზებით, რომლებიც ქვეყანაში დემოგრაფიულ ვარდნას იწვევს- ეს მიზეზებია სიღატაკე, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და გარემოს დაბინძურება.

არის საკითხებიც, რომელთა შესახებ ექსპერტები ერთმანეთისაგან განსხვავებულ შეფასებებს იძლევიან: ასე მაგალითად, ნეონატოლოგისტი ირინა რიუმინა ამბობს, რომ რუსეთში ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ახალშობილთა 50 პროცენტზე მეტს. მართალია, მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი შედარებით უმნიშვნელო დაავადებებსაც მოიცავს, მაგრამ ხშირია ასფიქსია, სეფსისი, სასუნთქი სისტემის, აგრეთვე ჰემოლიზური დაავადებები. [რიუმინას ხმა]: "რუსეთში იმატა დედათა დაავადებიანობამაც. ანუ ამ ბავშვთა დედების ჯანმრთელობა გაუარესდა. ასე რომ, საქმე გვაქვს ბიოლოგიურ ფაქტორთანაც."

ამერიკელი დემოგრაფი მურეი ფეშბახი, რომელიც რუსეთის აღიარებული ექსპერტია, კიდევ უფრო პირქუშ სურათს ხატავს: მისი ინფორმაციით, რუსეთში ახალშობილთა მხოლოდ 30-მდე პროცენტი შეიძლება ჩაითვალოს სრულიად ჯანმრთელად, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი ათი წლის წინ 40 პროცენტს აღწევდა. ვითარების გაუარესებას, ფეშბახის განმარტებით, ორსული ქალების სულ უფრო მზარდი ნაწილის ჯანმრთელობის გაუარესება იწვევს. ორსულ ქალებში გავრცელებულია, მაგალითად, ანემია, რომელსაც ნაადრევი მშობიარობის საფრთხე უკავშირდება. კიდევ უფრო სახიფათოა პრეეკლამპსია და ტოქსემია, რომლებიც დედასაც და ნაყოფსაც საბედისწერო შედეგებით ემუქრება. იზრდება აგრეთვე თირკმელებისა თუ ვენერიული დაავადებების რიცხვი. როგორც ამერიკელი ექსპერტი ამბობს: [ფეშბახის ხმა] "ორსულ ქალთა შორის ანემიით დაავადებულთა რიცხვი თითქმის რვაჯერ გაიზარდა, რის მიზეზადაც უნდა ჩაითვალოს ცუდი კვება და არა ხშირი მშობიარობა, როგორც, დავუშვათ, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში. ცუდი კვების ფაქტორს ემატება ნარკომანიისა და ვენერიულ დაავადებათა შემთხვევების ზრდა. საშინელი რამ უნდა ვთქვა- 10- დან 14 წლამდე გოგონებში სიფილისით დაავადებულთა რიცხვი, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ათწლეულის მანძილზე თითქმის 70-ჯერ გაიზარდა".

ქალთა ჯანმრთელობაზე მეტად უარყოფითად მოქმედებს აგრეთვე აბორტი, ანუ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, რომელიც, საქართველოსი არ იყოს, რუსეთშიც რჩება არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების მთავარ გზად. მართალია, რეპროდუქტოლოგიური ჯანმრთელობის პროგრამების მეშვეობით ბოლო ათწლეულის მანძილზე აბორტების რიცხვის შემცირება მოხერხდა, მაგრამ რუსეთი აბორტების მაჩვენებლით მსოფლიოში მაინც ერთ-ერთ პირველ ადგილზე რჩება: 3 ორსულობდან თითქმის 2 მთავრდება აბორტით, რუსეთის მკვიდრი ქალი ფერტილურ ასაკში საშუალოდ 2-3 აბორტს იკეთებს. როგორც რუსეთის საოჯახო დაგეგმვის ასოციაციის დირექტორი ინგა გრებეშოვა აღნიშნავს: [გრებეშოვას ხმა] "აბორტის შემდეგ გართულებების ძალიან მაღალი მაჩვენებელი აღირიცხება, ალბათ დასავლეთის ევროპის ქვეყნებზე უფრო მაღალი. ესენია ინფექციური დაავადებები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და განაყოფიერების უნარის დაქვეითება."

მაგრამ რამდენად ძნელია ადამიანების დარწმუნება აბორტის მავნებლობაში, "ქალი და მსოფლიოს" წინა გამოშვებაში, ქართველ ექსპერტთან საუბრის დროსაც შევიტყვეთ: მაშინ ბატონმა ნიკა ნუცუბიძემ გვითხრა, რომ საჭიროა საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული, აბორტის ერთგვარი "ტრადიციის" მოსპობა, აბორტის მავნებლობაზე ინფორმაციის, აგრეთვე არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ალტერნატიულ საშუალებათა გავრცელება. ასეთ ძალისხმევას ჩვენში იჩენენ კიდეც, მაგრამ ფინანსური პრობლემები დიდ გასაქანს არ იძლევა. ასეა რუსეთშიც- ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთის ჯანდაცვის სფეროში ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 251 დოლარი იხარჯება, მაშინ როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ეს ხარჯი 1700 დოლარს აღწევს.

სხვათა შორის, საქართველოში შესაბამისი მაჩვენებლი სულ 91 დოლარია.
XS
SM
MD
LG