Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იყენებს მოსკოვი რუსეთის პასპორტებს თანამეგობრობის ტერიტორიაზე საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად


როგორც აქამდეც აღვნიშნავდით, სეპარატისტულ, მაგრამ საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე – აფხაზეთში,

რუსეთის მოქალაქეობის მქონე ათეულათასობით პირის ყოფნა (ამ შემთხვევაში სამშვიდობო ჯარის ნაწილებს არ ვგულისხმობ), როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებისთვის დროთა განმავლობაში სულ უფრო ძლიერ ბერკეტად იქცევა რეგიონში საკუთარი კონტროლის შენარჩუნების მცდელობისას.

ჩემს მიერ ამ საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის საფუძველი კვლავ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება გახდა, რომელმაც ფაქტიურად გაამყარა კიდეც ვარაუდი, რომ რუსეთის ხელისუფლების მომდევნო ნაბიჯები საქართველოს აფხაზეთის რეგიონში სწორედ იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვის მოტივით გაფორმდება.

თუ საერთაშორისოდ მიღებული ნორმებით ვიმსჯელებთ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებით რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ათასობით მოქალაქის ყოფნის სტატუსი თავად აქცია არალეგალურად, დღეს კი მათი ინტერესების დაცვაზე საუბრობს პრეზიდენტიც და მისი საგანგებო ქვეშევრდომიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში. ამასთან არც ერთ მათგანს არ ავიწყდება ხშირად გაიმეოროს, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობასაც რუსეთი აღიარებს და მხოლოდ ამგვარი მთლიანობის ფარგლებში ესახება ნებისმიერი, მათ შორის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება.

პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული “რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ” კანონის პროექტის განხილვისას სახელმწიფო დუმამ მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში, ზოგიერთი დეპუტატის გარდა, პროცედურის გამკაცრების მომხრე იყო, მიიღო დამოუკიდებელი დეპუტატის _ ვიქტორ ალკსნისის შესწორება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის შეღავათის გაწევის თაობაზე, რაც მათთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კანონიერად ცხოვრების ყოველგვარი ვადის დაცვის გარეშე მოქალაქეობის მინიჭებას გულისხმობს. გაუგებარია მხოლოდ ერთი: როგორ უნდა მოიქცეს რუსი ეროვნების და, თუ უფრო დავაზუსტებთ, არა მხოლოდ რუსი ეროვნების მოქალაქემ, რომელიც რუსეთის პასპორტით სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩა, სადაც მისი უვიზოდ ყოფნა უკანონობაა. რეალობა ასეთია: თუკი ის სეპარატისტულ რეგიონშია, შეუძლია მშვიდად იყოს, მას რუსეთის ხელისუფლება დაიცავს. რამდენად ალოგიკურადაც უნდა ჟღერდეს ეს ფრაზა, საკითხს ოფიციალური რუსეთი სწორედ ასე აყენებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინთან საუბარში ჟურნალ “იტოგის” კორესპონდენტი აცხადებს: “აფხაზებისთვის რუსეთის პასპორტების გაცემას საქართველოში რუსეთის ხრიკად მიიჩნევენ, რომლის საშუალებითაც ის აფხაზეთის მიერთებას ცდილობს”, რაზეც ლოშჩინინი პასუხობს, რომ არავითარ ხრიკებს რუსეთი არ მიმართავს და რომ ეს კანონიერი პროცესია, რომელიც მთელი თანამეგობრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და დასძენს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში რუსეთი თავის “უზენაეს ვალდებულებად მიიჩნევს დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ინტერესები და უფლებები. სწორედ ამიტომ ვიღებთ მკაცრ ზომებს ნებისმიერი სახის პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად და მოვუწოდებთ თბილისს გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და თავშეკავება”, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და “მკაცრ ზომებზე” და ოფიციალურ თბილისზე ზემოქმედებაზე საუბრისას გამორიცხავს რუსეთის მიერ ძალის გამოყენებას.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ დღეს რუსეთის ტერიტორიაზე ათეულ ათასობით უვიზო ქართველის კომპაქტურად ცხოვრების ფაქტი და შემდეგ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მათი ინტერესების დაცვის მოტივით რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის აუცილებლობაზე ოფიციალურად აცხადებდეს. ძნელად წარმოსადგენი სურათია.

საქართველოს მხარის სუსტ საინფორმაციო მცდელობას რუსეთი აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტების პროვოკატორად და სეპარატისტთა მხარდამჭერად წარმოედგინა, ოფიციალური რუსეთი დღეს საკუთარ მოქალაქეებზე მზრუნველის როლში უპირისპირდება და კიდევ ერთხელ ნათელყოფს საკუთარ უკომპრომისობას.

დასასრულ იმაზე, თუ რას ემყარება დღეს რუსეთის საგარეო პოლიტიკა, როგორია მისი კურსი. პრეზიდენტ პუტინს ზოგიერთი თანამემამულე ოპონენტი ზედმეტ პროდასავლურობაში სდებს ბრალს. სინამდვილეში კი რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსი დღესაც მხოლოდ ისეთია, როგორიც მის ინტერესებს შეესაბამება. ეს არის, რომ ხანდახან ისინი დასავლეთის ინტერესებს ემთხვევა. იგორ ივანოვმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ განაცხადა: “რუსეთი ატარებს არა “პროდასავლურ”, ან “პროაღმოსავლურ”, არამედ პრორუსულ კურსს და ამდენად მისი საგარეო პოლიტიკა მრავალმიმართულებითი ხასიათის არის. ამ პოლიტიკას კი განსაზღვრავს რუსეთის ინტერესები და ბევრ სფეროში მასთან თანხვედრაში მყოფი მსოფლიო საზოგადოებრიობის ინტერესები, რომელთა შორის უმთავრესი დღეს 21-ე საუკუნის ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების მიმართ ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG