Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელობების რიცხვით ბალტიისპირეთის სახელმწიფოები მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანას უსწრებენ


ჩვენი პროგრამის შემდეგი თემაა თვითმკვლელობა. ოღონდ, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ სუიციდებს - იუგოსლავიაში ორი ყოფილი მინისტრის,

ან კიდევ საქართველოში ნუგზარ საჯაიას ტრაგიკულ აღსასრულს კი არ შევეხებით, არამედ გადავინაცვლებთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებსაც თვითმკვლელობების რაოდენობით მსოფლიო ლიდერის სამწუხარო პოზიცია უკავიათ. რატომ ირჩევენ სიცოცხლესთან გამოთხოვებას დამოუკიდებელი ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის მკვიდრნი? ან როგორია თვითმკვლელობათა სტატისტიკა?

დავიწყოთ რიცხვებით: ბოლოდროინდელი სტატისტიკური მონაცემები გვაუწყებს, რომ თვითმკვლელობების რაოდენობით ლიტვა ლიდერობს ევროპაში და, შესაძლოა, მთელს მსოფლიოშიც. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შარშან თავი მოიკლა 1533-მა ლიტველმა, რაც ნიშნავს, რომ 100 000 ადამიანზე 44 თვითმკვლელობა მოდიოდა.

რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი შედარებით დაბალია. მაგალითად, რუსეთში 100 000 ადამიანზე 3, ფინეთში 30, ხოლო ლატვიასა და ესტონეთში შესაბამისად 34 და 33 თვითმკვლელობა მოდის. მაგრამ თუ გლობალურ საშუალო მაჩვენებელს გავითვალისწინებთ – 100 000 ადამიანზე 16 თვითმკვლელობა – ცხადი გახდება, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მათი მეზობლები სუიციდის უჩვეულო სიხშირით გამოირჩევიან.

ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი დანუტე გაილიენე თვითმკვლელობის თემაზე ორი წიგნის ავტორია. როგორც მან ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ვალენტინას მიტეს უთხრა, თვითმკვლელობათა მაჩვენებლები, რომელთა აღრიცხვა ლიტვაში 1924 წელს დაიწყო, ათწლეულების მანძილზე ძალიან დაბალი რჩებოდა (5-დან 9-მდე თვითმკვლელობა 100 000 ადამიანზე). მან მკვეთრად იმატა 60-იან წლებში და ისევ იკლო გორბაჩოვისეული ”პერესტროიკის” დროს, როცა ბალტიისპირეთში დამოუკიდებლობის მოძრაობამ და, მასთან ერთად, ოპტიმიზმმა იმძლავრა.

მაგრამ 1991 წლიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სუიციდების რიცხვი ისევ გაიზარდა და ერთგვარ ზენიტს მიაღწია 1996 წელს, როცა სიცოცხლეს საკუთარი ნებით გამოეთხოვა 1723 ადამიანი, ანუ 100 000 ადამიანიდან 49 კაცი. როგორც პროფესორი გაილიენე ამბობს: [დანუტე გაილიენეს ხმა] ”ტიპურ თვითმკვლელად უნდა წარმოვიდგინოთ შუა ასაკის (40-დან 60-მდე წლის) ლიტველი მამაკაცი, რომელიც სოფლად ცხოვრობს. როგორც წესი ეს ადამიანები ალკოჰოლს ეტანებიან.”

ლიტვის მაჩვენებლები შეგვიძლია მთელ რეგიონზე განვაზოგადოთო, ამბობს ლატვიის მეცნიერებთა აკადემიის თანამშრომელი, ფსიქიატრი ელმარს რანკანსი. როგორც მან რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტს უთხრა, ლატვიაში სუიციდების რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღირიცხა 1994 წელს: 100 000 კაცზე 41 თვითმკვლელობა, რაც თითქმის ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მანამდე 6 წლით ადრე. იმავე 1994 წელს ესტონეთშიც 41 სუიციდი მოდიოდა 100 000 ადამიანზე, მაგრამ მას შემდეგ ეს მაჩვენებელი სულ უფრო მცირდება.

ამასთან, ესტონეთისა და შვეციის ერთობლივი ”სუიციდოლოგიის ინსტიტუტის” დირექტორმა აირი ვარნიკმა ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში დაადასტურა, რომ თვითმკვლელების დიდ უმრავლესობას შეადგენენ მამაკაცები, და რომ ხშირად ფიგურირებს ალკოჰოლის პრობლემა: [აირი ვარნიკის ხმა] ”ევროპასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის თვითმკვლელობის მაჩვენებელთა სხვაობა მხოლოდ მამაკაცებს ეხება. ქალთა შორის თვითმკვლელობების რიცხვი ევროპაში თითქმის ყველგან ერთნაირია, მაგრამ მამაკაცთა თვითმკვლელობის რიცხვი თითქმის ხუთჯერ აღემატება ქალებისას.”

შეკითხვაზე, როგორ შეიძლება აიხსნას თვითმკვლელებს შორის მამაკაცების დიდი რაოდენობა, ვარნიკი მიუთითებს ტრადიციულ სოციალურ როლზე: როგორც წესი, მამაკაცი მიიჩნევს თავს ოჯახისა თუ ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლად და, როგორც წესი, მამაკაცს უჭირს, შეეგუოს აზრს, რომ არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარება მის ძალებს აღემატება. რაც შეეხება მიზეზებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სუიციდების რიცხვის გაზრდა გამოიწვია, ლიტველი პროფესორი დანუტე ვალიენე განმარტავს: [დანუტე ვალიენეს ხმა] ”ადამიანები ფსიქოლოგიურად ვერ მოერგნენ ამჟამინდელ ცვლილებებს, ცხოვრების ახალ წესს. ასეთ ვითარებას ჩვენ ვუწოდებთ ცხოვრების ჩვეული წესის მოშლით გამოწვეულ ”სოციალურ შოკს”. იმავდროულად, განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანები მოკლებული არიან სახელმწიფო უწყებებისა თუ საზოგადოების სათანადო თანადგომას.”

პროფესორი ვალიენე ირწმუნება, რომ არსებობს შესაძლებლობა, დაეხმარო ადამიანს, რომელსაც თავის მოკვლა გადაუწყვეტია. მაგალითად, ის თანამემამულეებს ურჩევს, უყურადღებოდ არ მიატოვონ მეზობელი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ თავს აღარ იცოცხლებს.

ცხადია, პროფესორ ვალიენეს რჩევა არა მარტო ლიტველებს გამოადგება.
XS
SM
MD
LG