Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილგაზის" ხელში ჩასაგდებად ებრაელები და რუსები იბრძოლებენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისის გაზგამანაწილებელი სტრუქტურის ირგვლივ აგორებული სკანდალების სერია განვითარების მორიგ ფაზაში შედის.

ამ დღეებში საქართველოს "თბილგაზის" პრივატიზების ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ებრაული ფირმა "ტახალის" წარმომადგენლები ეწვევიან.

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის პრივატიზების მსურველი ებრაული კომპანიის, "ტახალის," პარალელურად თბილისს რუსული ენერგოგიგანტის, "იტერას," მაღალი დელეგაციაც სტუმრობს, მართალია, "იტერას" მესვეურები თავიანთი ვიზიტის მიზნებს არ ახმაურებენ და ოფიციალურ ვერსიად "საქგაზის" აქციონერთა კრებაზე დასწრებას ასახელებენ, დამკვირვებლებს მაინც ეჭვი ეპარებათ, რომ "იტერა," რომელსაც, დიდი ხანია, თბილგაზის მიმართ თავისი ინტერესები აქვს, ამ ორგანიზაციის პრივატიზების მიმართ გულგრილი არ დარჩება, შეასაბამისად, თბილგაზის განსახელმწიფოებრიობის ირგვლივ არსებული ინტრიგების დასრულებამდე ყველაფერი ბოლომდე ნათელი არაა.
ამასთან, "ტახალის" წარმომადგენლები თავიანთ საპრივატიზებო წინადადებას ცვლიან, რის გამოც თბილისის საკრებულოს გულწრფელ შეშფოთებას იწვევენ. ებრაელთა წინადადებით, თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელი მთლიანად უნდა შეიცვალოს და, ძველი ფოლადის მილების ნაცვლად, სპეციალური პოლიეთილენის მილები ჩაიყაროს, რის საწინააღმდეგო, ბუნებრივია, არავის არაფერი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში სადავოა თავად ინვესტიციების წარმომავლობა. ებრაული კომპანია თბილგაზში ინვესტიციების 90 პროცენტის განხორციელებას საბანკო კრედიტებით აპირებს და მხოლოდ თანხის 10 პროცენტს გაიღებს "საკუთარი ჯიბიდან". თუ "ეი-ეს თელასის" გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ნათელი გახდება, რომ ამჯერადაც ინვესტიციების ამოღება თბილისელთა ხარჯზე მოხდება და მოსახლეობა ტარიფით იგრძნობს ებრაული ფულის "სიმძიმეს".
საინტერესოა, რომ თბილისის საკრებულომ ამ დღეებში მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, დედაქალაქის ბიუჯეტიდან თბილგაზს ყოველწლიურად 2 მილიონი ლარი გამოეყოფა, ამის გამო საკრებულოში დარწმუნებულნი არიან, რომ თბილისში გაზის პრობლემას თავად უცხოელი ინვესტორის გარეშე გადაწყვეტენ და ებრაელების მიერ შეპირებულ შედეგსაც 20 წელზე ადრე მიაღწევენ.
თბილგაზის პრივატიზებისას თავისი ამბიციები აქვს საქგაზსაც, რომელსაც მსხვილი აქციონერის, "იტერას", ვალები ამ ამბიციების იურიდიული გამაგრების საშუალებას აძლევს. ამჟამად თბილგაზს "საქგაზის" 21 მილიონ 770 ათასი ლარი მართებს. თუმცა ვალების თემა ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის და, სავარაუდოა, ყველაფერი სასამართლო გარჩევის საგანი გახდეს. მანამდე კი თბილისის გაზგამანაწილებელი სტრუქტურის ხელში ჩასაგდებად თბილისში ებრაულ-რუსული შერკინებაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG