Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ჭიანურდება კავშირგაბმულობის ობიექტების პრივატიზება


საქართველოში კავშირგაბმულობის ობიექტების გასხვისების აუცილებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2 წლის წინათ დაიწყო, მაგრამ ამ საკითხის დაგვირგვინება ვერა და ვერ მოხერხდა.

გულმოდგინე მცდელობის მიუხედავად, სახელმწიფომ სააქციო საზოგადოება "საქართველოს ელექტოკავშირსა" და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქართველოს ტელეკომს" ნანატრი ინვესტორები ვერ გამოუძებნა. ამჟამად გარკვეული იმედი ნორვეგიულ კომპანია "ტელე-ნორ"-ს (TELE-NOR) უკავშირდება, რომლის წარმომადგენლებიც თბილისში ჩამოსვლას 9 მაისისთვის გეგმავენ.

ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ნორვეგიული კომპანიის რეალურ სურვილს ვერ აკონკრეტებს, რადგანაც "ტელე-ნორს" ჯერჯერობით ოფიციალური განაცხადი არ გაუკეთებია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ 9 მაისს დაგეგმილი ვიზიტი ნიადაგის მოსინჯვას ისახავს მიზნად და ამიტომ კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ ეტაპზე ნაკლებადაა მოსალოდნელი. კომერციული ურთიერთობის მომავალი კი, რა თქმა უნდა, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პირობებს შესთავაზებს სტუმრებს საქართველოს მხარე. აქვე მოგახსენებთ, რომ ხსენებული ნორვეგიული კომპანია ჰორიზონტზე ოდნავ მოგვიანებით, "ელექტროკავშირის" აქციათა გასაყიდად გამოცხადებული, წარუმატებელი ტენდერის გვერდის ავლით, გამოჩნდა და ამიტომ მასთან ქონების მართვისა და კავშირგაბმულობის სამინისტროებს, წესით, აბსოლუტურად განსხვავებული საუბარი უნდა ჰქონდეთ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაში საუბარი, შესაძლო, დროებითი მართვის უფლების მინიჭებაზე გაიმართოს, რაც, თურმე, მთლად სასურველი ვარიანტი არ არის.

მოლაპარაკების წარმოებისას, ალბათ,გაითვალისწინებენ იმასაც, რომ "ტელე-ნორი", ამ ეტაპზე, ის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მრავალტანჯული კავშირგაბმულობის ობიექტების მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს და ამიტომ მისი დაკარგვა საქართველოს მხარეს ნამდვილად არ სურს. თუმცა, თუკი საქმე გაყიდვაზე მიდგა, ქონების მართვის სამინისტრო გვერდს ვერც მსოფლიო ბანკის რეკომენდაციას აუვლის, რომლის მიხედვითაც, "საქართველოს ელექტროკავშირის" აქციათა75% და ‘საქართველოს ტელეკომის" აქციათა 51%, ფინანსური მრჩევლის შუამავლობით, ტენდერის გზით უნდა გაიყიდოს. აქვე მოგახსენებთ, რომ სიმწრით ნაპოვნ ფინანსურ მრჩეველთან - გერმანულ "კომერც ბანკთან" დადებულ ხელშეკრულებას ვადა ისე გაუვიდა, რომ (მისი თავდადებული შრომისა და გულმოდგინების მიუხედავად) კავშირგაბმულობის ობიექტებს რეალური მყიდველი არ გამოუჩნდა. ახლა კი, როცა კავშირგაბმულობის სამინისტრო ნორვეგიელების ვიზიტს ელოდება, ქონების მართვის სამინისტრო ფიქრობს რომელი აჯობებს (მომავალ ტენდერზე საზრუნავად), ხელშეკრულება "კომერც ბანკს" გაუგრძელოს თუ ამ საქმისთვის ახალი შუამავალი მოძებნოს.

ამასობაში, "საქართველოს ელექტროკავშირის" დირექტორის თემურ ბუცხრიკიძის თქმით, სააქციო საზოგადოება მეტად მძიმე მატერიალურ-ტექნიკური პრობლემების წინაშე დგას და ძლიერი ინვესტორის გარეშე ვერაფერს გახდება. მისი განცხადებით, კავშირგაბმულობის ხსენებულ ობიექტს, რომელიც ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, 400 ათას აბონენტს ემსახურება, ევროპულ სტანდარტებთან მისაახლოებლად 200-300 მილიონი დოლარი ესაჭიროება. ცუდია, რომ ქართულ მხარეს კავშირგაბმულობის სფეროში ინვესტორის ძებნისას საქმე ასარჩევად სულაც არ აქვს. ინვესტორს ის სანთლით ეძებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG