Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი მოსამართლე იუსტიციის სამინისტროს დაუპირისპირდა


ანდრო ეული, პრაღა ამერიკელი მოსამართლე აცხადებს, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუცია იუსტიციის სამინისტროს უფლებას არ აძლევს, დააკავოს 11 სექტემბრის ტერაქტებში ეჭვმიტანილი პირები,

ვიდრე გამოძიებას არ ექნება სათანადო სამხილი ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ ოფიციალური ბრალდების წასაყენებლად.
მოსამართლე შირა შაინდლინის მიერ სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილება, მართალია, ერთ ადამიანს, ოსამა ავადალას ეხება, მაგრამ, შესაძლოა, ამერიკაში 11 სექტემბრის შემდეგ დაკავებულ სხვა ეჭვმიტანილებზეც გავრცელდეს.

იორდანიის მოქალაქე ოსამა ავადალა, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოს კოლეჯში სწავლობდა, 21 სექტემბერს დააპატიმრეს. ამჟამად იგი ნიუ იორკის ციხეშია მოთავსებული. 11 სექტემბრის ტერაქტებთან დაკავშირებით ავადალამ 10 ოქტომბერს მისცა ჩვენებები ნაფიც მსაჯულთა დიდ ჟიურის.

გამოძიება აცხადებს, რომ ოსამა ავადალამ იცრუა, როცა ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ არ იცნობდა ხალიდ ალ-მიდჰარს, რომელმაც სხვა ტერორისტებთან ერთად ის სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა, ვაშინგტონში, პენტაგონის შენობაზე რომ განახორციელა თავდასხმა.

ავადალას ყალბი ჩვენების მიცემის ოფიციალური ბრალდება წაუყენეს, რაც ათწლიანი პატიმრობით ისჯება. სასამართლო პროცესის დაწყებამდე ავადალა თავდებით გაათავისუფლეს და მან სან დიეგოში განაგრძო სწავლა.

მიიღო რა 30 აპრილს გადაწყვეტილება, მოსამართლე შირა შაინდლინმა განაცხადა, რომ ფედერალურ გამომძიებლებს არ ჰქონდათ ავადალას, როგორც დიდი ჟიურისათვის საჭირო მოწმის დაპატიმრების კონსტიტუციური უფლება. შაინდლინს მიაჩნია, რომ მოწმე, რომლის წინააღმდეგ არ ყოფილა აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მხოლოდ სასამართლოს მსვლელობის დროს შეიძლება იქნეს დაკავებული, რაც, როგორც წესი, გამოძიების დამთავრების შემდეგ ხდება.

ამდენად, შირა შაინდლინმა დაადგინა, რომ დიდი ჟიურისათვის მიცემული ჩვენება არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს ავადალას წინააღმდეგ, ვინაიდან მისი დაკავება უკანონო იყო. მოსამართლემ ავადალას გაუუქმა ყალბი ჩვენების მიცემის ბრალდება. მოსამართლე შაინდლინის გადაწყვეტილების გამო გაწბილება გამოხატა შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრმა ჯონ ეშკროფტმა. მან თქვა, რომ ფედერალურ გამომძიებლებს წარსულში არაერთხელ დაუპატიმრებიათ მოწმეები ზუსტად ასეთსავე ვითარებაში. შირა შაინდლინის გადაწყვეტილებას ეშკროფტმა ”ანომალია” უწოდა.

ვაშინგტონში მოქმედი პოლიტიკური ცენტრის ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშნის” ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, პოლ როზენცვაიგი იზიარებს ეშკროფტის პოზიციას. მისი თქმით, ფედერალური მთავრობის გამომძიებლები ყოველთვის შიშობენ, არ გასცდნენ თავიანთ უფლებამოსილებათა ჩარჩოებს, როცა საქმე მოწმეთა დაკავებას ეხება. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში როზენცვაიგმა განაცხადა, რომ ავადალას საქმის გარშემო აურზაური იმ პირებმა ატეხეს, ვინც ფიქრობს, რომ იუსიტიციის სამინისტრომ უკანონოდ დააკავა ოსამა ავადალა. როზენცვაიგმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ავადალა ოთხ თვეზე მეტი ხნის წინათ გაათავისუფლეს თავდებით. [პოლ როზენცვაიგის ხმა] ”გუშინ, როცა მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ავადალა შინ იყო, უკვე გამოსული იყო ციხიდან. იგი დეკემბერში გაათავისუფლეს”.

ნიუ იორკში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ”ჰიუმან რაიტს უოჩის” ერთ-ერთი ლიდერი ჯეიმს როსი მიესალმა მოსამართლე შაინდლინის გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია მოწმეების დაკავება მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების მიზნით. ჩვენებების მიღების მიზნით ამა თუ იმ ეჭვმიტანილის დაკავება მიუღებელი და არაკონსტიტუციურიაო, დასძინა ჯეიმს როსმა.
იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსამართლე შირა შაინდლინის გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
XS
SM
MD
LG