Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების გაყალბების პრაქტიკა საქართველოში


არჩევნების გაყალბების იმ ტექნოლოგიაზე, რომელიც საქართველოში მოქმედებდა და, ალბათ, ახლო მომავალშიც იმოქმედებს, ჩვენს საზოგადოებას ზოგადი წარმოდგენა აქვს.

სამაგიეროდ, ამ ტექნოლოგიის კონკრეტული დეტალები კარგად არის ცნობილი პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, მით უფრო იმათთვის, ვინც სახელისუფლებო ძალას წარმოადგენდა ან წარმოადგენს და ვინც არჩევნების გაყალბების პრაქტიკას წლების განმავლობაში თავადვე ხვეწდა. კარს მომდგარი ადგილობრივი არჩევნების წინ ამ პრაქტიკის გახსენება მიზანშეწონილი უნდა იყოს.

ჩვენი საზოგადოება მორიგი დრამატული და ტრაგიკომიკური საარჩევნო ციებ-ცხელების მოწმე ხდება. მოწმე ხდება ყოფილი მმართველი პარტიის სიით ხელისუფლებაში მოსული და შემდეგ ერთმანეთთან მკვეთრად დაპირისპირებული ძალების წარმომადგენელთა საჯარო შეხლა-შემოხლის, ლანძღვა- გინების, დემაგოგიის, თავის მართლების, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ერთმანეთზე გადაბრალებისა და ასე შემდეგ. პოლიტიკურ სივრცეში დაგროვილი ჭუჭყი ყველაზე მეტად თვალშისაცემი არჩევნების წინ ხდება, მაშინ, როცა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ხალხსა და ხალხის პრობლემებს იხსენებენ, მათ შორის, ასე:

[ გია ბარამიძისა და დათო საგანელიძის ხმები] “ საგანელიძე: სინდისი გეყოს, ადექი და ამ ოთახიდან გადი და, საერთოდ, საქართველოდან წადი, რომ გაქურდე მთელი ქვეყანა. - ბარამიძე: ვისზე ლაპარაკობ? თქვენ, თქვენ ხართ გამდიდრებულები ამ ხალხის ძარცვის ხარჯზე! - საგანელიძე: პირში წყალი გამოივლე, სხვაზე რომ ლაპარაკობ! - ბარამიძე: პირში წყალიც გამოივლე და ხალხშიც გაიარე, ხალხში გადი! - საგანელიძე: მეცოდები, მეცოდები, რომ ფულის გამოჩენის გრცხვენია, ამის უნარიც არ გაგაჩნია.”

აი, ასეთი ფორმით დაიწყო კამპანია, რომელსაც ადგილობრივი არჩევნები უნდა მოჰყვეს - ღონისძიება, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ უნდა ამუშავდეს ყოფილი და ამჟამინდელი სახელისუფლებო ძალების წარმომადგენლების ხელში დახვეწილი ტექნოლოქია.
წარსულში ჩატარებული არჩევნების გაყალბების გამო იერიში მიაქვთ ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერებზე. “აღორძინებად” წოდებული სხვა სახელისუფლებო ძალა რატომღაც ნაკლებად ახსენდებათ. ასეა თუ ისე, არჩევნები რომ სერიოზულად ყალბდებოდა, ამას ის პირებიც აღიარებენ, რომლებიც ბოლო პერიოდამდე ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში იყვნენ და რომლებსაც წინა არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა ბრალდებათ. კონკრეტული პასუხისმგებელი კი მაინც არ ჩანს და საზოგადოებასაც მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ კონკრეტულად ვინ და რა მეთოდებით აყალბებდა არჩევნებს.

ბევრი ფიქრობს, რომ არჩევნები, ძირითადად, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების მასიური ჩაყრითა და ოქმების გაყალბებით ყალბდებოდა. სინამდვილეში, გამოიყენებოდა ბევრად უფრო დახვეწილი და ნაკლებად შესამჩნევი მეთოდებიც.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერების დაცვისა და ადმინისტრაციულ რეფორმათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაქარია ქუცნაშვილი ამ მეთოდებს ასე წარმოგვიდგენს:

პირველი – ამომრჩეველთა ერთი და იგივე ჯგუფები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ათეული უბნის ძირითად სიაში შეჰყავდათ, უბნიდან უბანზე წყნარად და შეუმჩნევლად მოძრაობდნენ და მართვის მოწმობის, სტუდენტის ბილეთისა ან ლტოლვილის მოწმობის წარდგენითა თუ წინასწარ ჩაწერილი ქუჩის სახელით გამოხატავდნენ თავის “დამოუკიდებელ არჩევანს.” ასეთი ზედმეტი ამომრჩევლები აუცილებლად სიების დასაწყისში უნდა ყოფილიყვნენ ჩაწერილნი, სიის ეს ნაწილი კი კომისიის იმ წევრების ხელში უნდა მოხვედრილიყო, რომლებიც მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ.

მეორე – საბჭოთა პასპორტებითა და რეგისტრაციის რამდენიმე ათეული მოწმობებით შეიარაღებული სხვა ჯგუფები სხვადასხვა საარჩევნო უბნების დამატებით სიებში ხვდებოდნენ. ამომრჩევლის დამატებით სიებში შეყვანისთვის სწორედ რეგისტრაციის მოწმობა იყო საჭირო, მასზე კი მისამართი მითითებული არ არის, არ გააჩნია არავითარი დამცავი მექანიზმი და გაყალბებას უპრობლემოდ ექვემდებარება. ასე რომ, არჩევნების გაყალბებაში თავის სიტყვას, ეგერეთ წოდებული, “საპასპორტო რეფორმაც” ამბობდა.
ძველი, საბჭოთა პასპორტები რომ ბარდებოდა პოლიციის რაიონულ განყოფილებებს, კაცმა არ იცის, ნადგურდებოდა თუ არა. არჩევნებში პოლიციის როლზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, საარჩევნო კანონი და ცენტრალური საარჩევნო კომისია კი არჩევნებში გამოსაყენებელ პირადობის დამადასტურებელ საბუთთა წრეს კი არ ზღუდავდა, პირიქით, აფართოებდა.

კიდევ ერთი მეთოდის შესახებ: ამომრჩეველთა ერთ ჯგუფს წინასწარ ურიგდებოდა ზედმეტი ბიულეტენები, რომლებიც საარჩევნო ყუთებში იყრებოდა საარჩევნო უბნებში მიღებულ ბიულეტენებთან ერთად. აღარაფერს ვიტყვით, არჩევნების წაგების თავიდან აცილების მიზნით, ხმების დათვლის პროცესში დებოშის ატეხისა და ამით პირველი ტურის შედეგების გაუქმების პრაქტიკაზე, რაც უფრო მაჟორიტარულ არჩევნებს ახასიათებს. ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, ყველაზე შეუმჩნევლად და ეფექტურად მაინც ზემოთ მითითებული სამი მეთოდი გამოიყენებოდა. ზედმეტი ბიულეტენებითა და პირადობის საბუთებით შეიარაღებული, უბნიდან უბანზე მოძრავი, არცთუ ხალხმრავალი, ჯგუფები ყველაზე მეტად ამართლებდა. მათი გამოყენებით თბილისში თავისუფლად შეიძლებოდა 70000 ყალბი ხმის მიღება, ქვეყნის მასშტაბით კი - 500000 - ის ან უფრო მეტის.

საინტერესოა, ამჯერად რომელი პოლიტიკური ძალისთვის იმუშავებს ეს, კარგად აპრობირებული, მეთოდები.
XS
SM
MD
LG