Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსურ ურთიერთობათა პერსპექტივის შესახებ


ვლადიკავკაზში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თანამეგობრობის კომიტეტის თავმჯდომარესა და ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი,

ქართველ სოციალისტთა ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე ალაპარაკდა, რაც შეიძლება აღნიშნული საკითხისადმი ქართველ პოლიტიკოსთა ფრაგმენტული დამოკიდებულების კიდევ ერთ მაგალითად მივიჩნიოთ.

ვახტანგ რჩეულიშვილი, სხვათა მსგავსად, ფიქრობს, რომ სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში სიტუაცია უფრო იმედის მომცემია, ვიდრე აფხაზეთში. ამ იმედის საფუძველს ის ხედავს ქართულ და ოსურ მოსახლეობას შორის დღეს უკვე მიმდინარე ნდობის აღდგენის პროცესში, კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების გაჭიანურებას კი პოლიტიკოსების არაოპერატიულობასა და უკომპრომისობას აბრალებს:

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა]
"ჩვენ და ოსებს შორის პოლიტიკოსებმა არ დაძრეს ერთმანეთის მიმართულებით ნაბიჯები. რატომ. აი, ჩვენ ვეძახით სულ სამაჩაბლოს, რაც ოსებს აგიჟებს, იმიტომ რომ სამაჩაბლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ერთი ნაწილია მარტო. ისინი ამბობენ: არა, ჩვენ ვართ სამხრეთ ოსეთი, - და ჩვენ გვაგიჟებს ეს, იმიტომ რომ ასოციაციით ჩნდება ჩრდილო ოსეთი, ერთიანი ოსური სახელმწიფოსა და სეპარატიზმის, საქართველოსათვის ტერიტორიის დაკარგვის ასოცირებული შთაბეჭდილება. ჩვენ თუ ამ სტერეოტიპებიდან არ გამოვედით, ვერც მოვაგვარებთ ამ კონფლიქტს ვერასოდეს".[სტილი დაცულია]

ვლადიკავკაზის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის სერგეი მირონოვისა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ადრინდელ შეხვედრას მოჰყვა და, რჩეულიშვილის აზრით, იმით გამოირჩეოდა, რომ რუსეთის დეპუტაცია, ჩვეული წესის საწინააღმდეგოდ, სეპარატისტთა მხარდამჭერად არ გამოსულა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოევიც ესწრებოდა.

[რჩეულიშვილის ხმა]
"ხომ იცით, როგორ იყო მოლაპარაკებები ადრე - გინდა აფხაზთან, გინდა ოსთან: რუსული და აფხაზური ან ოსური მხარე ერთ პოზიციაზე იყო, ქართული მხარე - მეორე პოზიციაზე. ახლა ასე არ არის. რომ შემოვიდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი და დაიწყო ისევ ლაპარაკი გენოციდზე და ა.შ., იქ რუსებმა უთხრეს თვითონ, მე კი არ მითქვამს: ჩვენ მოგიწვიეთ იმისთვის, რომ ვეძებოთ კონფლიქტის გადაჭრის გზები და არა ვისმინოთ, ვის რა აქვს დანაშაული, ერთმანეთთან ჩადენილი. და ამაზე რომ წავიდეთ ჩვენ ახლა და ვილაპარაკოთ ნებისმიერი ჩვენგანის ცოდვებზე, ჩვენ ისევ ვერაფერს ვერ გადავწყვეტთო. - უცებ დაიბნა, არ მოელოდა, რომ ჩვენ, ქართველები და რუსები, ამ პოზიციაზე დავდგებოდით ერთად".

ვლადიკავკაზის შეხვედრის შემდეგ სოციალისტთა ლიდერი ქართულ-ოსური ურთიერთობის მოგვარებაში ალანიის პრეზიდენტ ალექსანდრე ძასოხოვის პოტენციის შესახებ ალაპარაკდა. რჩეულიშვილს განსაკუთრებით მოეწონა ის, რომ შეხედრაზე ძასოხოვმა ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ ოსეთის რუსეთისადმი და სამხრეთ ოსეთის საქართველოსადმი კუთვნილებას.

რჩეულიშვილის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე რუსულ პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა კავკასიაში გამოჩენის შესახებ ძასოხოვი აცხადებდა: "ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება უარყოფითად არ აისახოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მდგომარეობაზეო," და იქვე დასძენდა: "არ იქნებოდა სასურველი, რომ ჩვენი გაყოფილი ხალხი, მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, ტრაგიკულ სიტუაციაში აღმოჩენილიყო. სტრატეგიული თვალსაზრისით, რუსეთისა და საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა ოსი ხალხის ინტერესებს უპასუხებს, მაგრამ თუ ამ ურთიერთობას რაიმე გამოცდა ელის, ჩვენ რეაგირების შესაბამისი ფორმები უნდა გამოვნახოთ". რა ტრაგიზმსა და რეაგირების ფორმებს გულისხმობს ძასოხოვი, ინტერვიუში არ ზუსტდება, თუმცა იგი ზუსტად აყალიბებს აზრს საქართველოს მომავალი ტერიტორიული მოწყობის შესახებ. იგი აცხადებს: "ყველაზე მომხიბლავი საქართველოს ტერიტორიაზე ფედერაციული სახელმწიფოს მოდელის გადაუდებელი რეალიზაციაა. საქართველო ხომ დე ფაქტო ფედერაციული სახელმწიფოა". ძასოხოვის აზრით, კონფლიქტის მოგვარება რუსეთის მონაწილეობის გარეშე მიუღებელია, რადგან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს.

თავად ცხინვალის ხელისუფლების ლიდერი ედუარდ კოკოევი კი თავის უპირველეს მიზნად სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებას ასახელებს და "ნეზავისიმაია გაზეტას" კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ როგორ რეაგირებს ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი მის ამ მოთხოვნაზე, აცხადებს: "ნორმალურად, მხარს უჭერს ჩვენს სწრაფვას გაერთიანებისკენ".

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გამორიცხავს როგორც ორი ოსეთის გაერთიანებას, ისე ხვალ ცხინვალის რეგიონის, სამაჩაბლოს სახელით, საქართველოს რაიონად დაფიქსირებას, თუმცა სრულიად რეალურად ესახება კონფლიქტის მოგვარება სეპარატისტული რეგიონისთვის ფედერალური საქართველოს ფარგლებში სტატუსის განსაზღვრის გზით.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG