Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ახალგაზრდების არჩევნებში ჩართვას შოუპროგრამებით ცდილობს


მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში მოწყობილ არჩევნებში ახალგაზრდებს დაბალი აქტიურობა ახასიათებთ. საქართველოში ეს უფრო მწვავედ შეიმჩნევა, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს და,

განსაკუთრებით, ახალგაზრდობას არ სჯერა, რომ არჩევნების მეშვეობით ქვეყნის ცხოვრებაში რაიმე ცვლილების შეტანას შეძლებს. საზოგადოების ამ ფენის საარჩევნო აქტიურობის გაზრდას შეერთებული შტატების საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ცდილობს პროექტით „წადი ხმის მისაცემად!“

ადგილობრივ არჩევნებზე მისვლას და ხმის მიცემას ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდებენ საზოგადოების ამ ფენაში პოპულარული მომღერლები და შოუმენები საქართველოს 8 ქალაქში გამართულ კონცერტებზე, ტელე-რადიო რეკლამებში და ქუჩებში გამოკრული პლაკატებით. სააგიტაციო კულტ დესანტის მთავარი გუნდი მამუკა ონაშვილის, ნეკა სებისკვერაძის, აჩი ფურცელაძის, ქეთა თოფურიასა და დუტა სხირტლაძისაგან შედგება, მათ რაიონებში ადგილობრივი მომღერლებიც შეუერთდებიან. კამპანიის მონაწილე შემსრულებლები არც ერთი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ღონისძიებებში არ მიიღებენ მონაწილეობას, რითაც ხაზს უსვამენ პროექტის მიუკერძოებლობასა და მიზანს.

ამ პროექტის პრეზენტაცია 14 მაისს გაიმართა. რესპუბლიკური ინსტიტუტის ქართული პროგრამების ხელმძღვანელ ჯოშუა როზენბლუმის აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდათა პრობლემების გადასაჭრელად. განათლების, დასაქმებისა და დასვენების საკითხები, რომლებიც პრიორიტეტულია ახალგაზრდა ამომრჩევლისათვის, ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა და მისი მოგვარება სწორედ ადგილობრივ ორგანოებს ხელეწიფება.

პროექტის მონაწილე ნეკა სებისკვერაძის თქმით: [სებისკვერაძის ხმა] „ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის ის, რომ რაიონებში გასვლითი კონცერტები იქნება. მონატრებულია ხალხი კონცერტებს. იმ ხალხს უფრო სჭირდება დააჯერო ახალგაზრდობას, რომ შენი წვლილი შეიტანო შენი ქვეყნის განვითარებაში. მე 17 წლის ვარ ჯერ და არ წამესვლება, თორე სიამოვნებით გავაკეთებდი ჩემს არჩევანს.” [სტილი დაცულია]

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მსგავსი პროექტები ჯერ კიდევ 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩვენებისას განახორციელა. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ამ კამპანიების შემდეგ არჩევნებში ახალგაზრდობის 54 % მიიღო მონაწილეობა. თუ რატომ უნდა მივიდნენ ადგილობრივ არჩევნებში ახალგაზრდები და აპირებს თუ არა თავად ხმის მიცემას, ამ კითხვებს ჩემთან საუბრისას დუტა სხირტლაძემ ასე უპასუხა: [სხირტლაძის ხმა] „მე აუცილებლად მივალ იმიტომ, რომ შეიძლება კატასტროფა მოხდეს, ისევე როგორც საფრანგეთში მოხდა რაღაცა საშინელება და ბოლოს ყველამ გადაწყვიტა, რომ მივიდეს არჩევნებზე. არჩევნებზე მისვლა საჭიროა საქართველოს განვითარებისთვის ელემენტარულად, იმიტომ რომ რაღაცნაირად ავიცილოთ თავიდან ელემენტარული გაყალბება, რომლის გარეშეც უბრალოდ არ არსებობს დღევანდელი არჩევნები საქართველოში და მე, საერთოდ, მიმიფურთხებია პოლიტიკისთვის...“[სტილი დაცულია]

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს მიაჩნია, რომ ახალგაზრდობის აქტიურობით და არჩევნების პროცესში ჩართვით კენჭისყრის შედეგების გაყალბება იკლებს, რაც საქართველოში დემოკრატიის განვითარებას დიდად შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG