Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში გამართული ქართულ-აფხაზური არაფორმალური შეხვედრები


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ამ რამდენიმე დღის წინ დიდ ბრიტანეთში გაიმართა ქართულ-აფხაზური არაფორმალური შეხვედრები, რომლებშიც, ძირითადად, ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მათ შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, სათბობენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ბესლან კუპრავა, დეპუტატი ილია გამისონია და სხვები. ამ შეხვედრის შესახებ ქართული ჯგუფის წევრს, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ რომან გოცირიძეს ვესაუბრეთ.

შეხვედრის ორგანიზატორი იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ქართული და აფხაზური ჯგუფების წარმომადგენლები არაფორმალურ ვითარებაში უნდა გასცნობოდნენ ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული კონფლიქტის მოგვარების ფორმებს. რომან გოცირიძის თქმით, ბელფასტში დღესაც ძალიან დაძაბული ვითარებაა, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი ჯერჯერობით ჩამცხრალია. [გოცირიძის ხმა] "ადამიანებს შორის არის წარმოუდგენელი ზიზღი და აუტანლობა. პროტესტანტები და კათოლიკეები ერთი ქალაქის შიგნითაც კი გამიჯნულნი ცხოვრობენ. საკმარისია, ორი უბანი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდეს განსახლებული, რომ აუცილებელი ხდება უზარმაზარი კედლის აშენება, ვინაიდან შეტაკებები დღემდე გრძელდება".

ასეთივე მდგომარეობაა ლონდონ-დერიში, რომელიც ოციოდე წლის წინათ ტერორიზმის ცენტრად მიაჩნდათ ჩრდილოეთ ირლანდიაში. ქართული და აფხაზური ჯგუფები ესტუმრნენ, აგრეთვე, ირლანდიის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილს, ბოლო სამი დღის განმავლობაში კი შეხვედრები ჰქონდათ ლონდონში - ლორდთა პალატასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბუნებრივია, რომ დიდ ბრიტანეთში იმართებოდა შეხვედრები ქართულ და აფხაზურ ჯგუფებს შორის. ამ შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ნიადაგის მოსინჯვა, თუმცა, აფხაზური მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რომან გოცირიძე აღნიშნავს: [ გოცირიძის ხმა] "მათ აქვთ უკიდურესად ხისტი პოზიცია და როდესაც მე, შედარებით რბილ პოლიტიკურ პოზიციაზე მდგომი ადამიანი, მათ აბსოლუტურ უკომპრომისობას შევეჯახე, იქიდან დავბრუნდი არა კეთილად ან უფრო ლიბერალურად განწყობილი, არამედ, პირიქით, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ცალმხრივი დათმობები აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან ურთიერთობაში არავითარ შედეგს არ გამოიღებს".

მეტიც, რომან გოცირიძის აზრით, აფხაზეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის სერიოზული ეკონომკიური ბაზის შექმნის ტოლფასია.

[გოცირიძის ხმა] " ამიტომ გულუბრყვილოა ჯერ ეკონომიკური დაახლოების და შემდეგ პოლიტიკური მოწესრიგების ფორმებზე ფიქრი. აფხაზეთის ეკონომიკური სიძლიერე ნიშნავს იმას, რომ იქ რუსული კაპიტალი დაისადგურებს და აფხაზეთი, ფაქტობრივად, რუსეთის კიდევ ერთი დამატებითი პროვინცია გახდება".

ამდენად, რესპონდენტი არა მხოლოდ დიდი ერთობლივი პროექტების განხორციელებას, არამედ მცირემასშტაბიან ეკონომიკურ თანამშრობლობასაც სრულიად გაუმართლებლად მიიჩნევს.

რომან გოცირიძის აზრით, რაოდენ არაპოპულარულიც უნდა იყოს ეკონომიკური სანქციების თემა, საქართველოს არავითარი სხვა ბერკეტები არ გააჩნია სეპარატისტულ ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის. მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში გამართული შეხვედრების შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთთან შეიძლება მხოლოდ იმგვარი ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც ორმხრივად ხელსაყრელია და, ფაქტობრივად, იძულებით ხასიათს ატარებს. რომან გოცირიძეს მაგალითად მოაქვს ენგურჰესზე შექმნილი ვითარება, როდესაც წყალსაცავს აკონტროლებს ქართული მხარე, ხოლო ელექტროსადგური აფხაზური მხარის კონტროლის ქვეშაა. როგორც ცნობილია, ელექტროენერგიის გამომუშავების ხარჯებს მთლიანად საქართველო აფინანსებს, ენერგიის 30% კი უფასოდ მიეწოდება აფხაზეთს.
XS
SM
MD
LG