Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთლიანი შიდა პროდუქტი ოდნავ გაიზარდა, თუმცა ეს არავის უგრძვნია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკის ზოგად ტენდენციებში, მართალია, არცთუ ძალიან საგრძნობი, მაგრამ მაინც,

ზრდის სიმპტომები გამოიკვეთა. თუმცა ზრდის ეს ტემპი, შესაძლოა, მხოლოდ ინერციას მიეწეროს, რადგან რეალური მდგომარეობის გამოსწორებას ჯერჯერობით მაინცდამაინც სასიკეთო პირი არ უჩანს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2002 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთელი რეალური შიდა პროდუქტი წლიური 3,7 პროცენტით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი შარშან, ამავე პერიოდში, მხოლოდ 1,3 პროცენტი იყო. სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, შარშანდელ ჩავარდნასთან შედარებით, გამოცოცხლება დაეტყო მრეწველობას. აღნიშნული ტენდენცია, შესაძლოა, ენერგეტიკის სფეროში მდგომარეობის რამდენადმე გამოსწორებასაც მიეწეროს.
2002 წლის პირველ კვარტალში სამომხმარებლო ფასების ინდექსით გაზომილმა ინფლაციამ წლიური 5,3 პროცენტი შეადგინა. შეიცვალა სამომხმარებლო ფასების ინდექსის სტრუქტურა: თუ 2000-2001 წლებში ფასების ზრდა გვალვების გამო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაძვირებით იყო განპირობებული, 2002 წლის ინფლაციის ზრდაში წილი სამომხმარებლო კალათის სხვა ჯგუფებმა გადაინაწილეს.
სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრის მონაცემებით, 2002 წლის განმავლობაში ცენტრალური ბანკი განაგრძობდა ზომიერად მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას. ეროვნული ბანკის წმინდა აქტივები, კვარტალურად, 8,1 პროცენტით შემცირდა, ხოლო წლიური ზრდის ტემპმა 19.9 პროცენტი შეადგინა.
2002 წლის პირველ კვარტალში სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე 58,5 მილიონი ლარის გარიგება დაიდო. ეს მაჩვენებელი 76,7 პროცენტით მაღალია შარშანდელ ამავე პერიოდთან შედარებით. თუმცა სადისკონტო პროცენტი სახელმწიფოსათვის არასახარბიელოდ გამოიყურება, რადგან კვარტალური საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 37,3 პროცენტს გაუტოლდა. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ემისიის მოცულობა, მართალია, გაიზარდა, მაგრამ ამ სეგმენტის განვითარებას მეორადი ბაზრის არარსებობა მნიშვნელოვნად აფერხებს. არადა, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაბალანსებლად სახაზინო ვალდებულებების ბაზარი ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლებთან შედარებით, ოდნავ გაუმჯობესდა საბიუჯეტო მოსაკრებლების მობილიზების დონე, თუმცა ამას ექსპერტები წლის დასაწყისში ხელოვნურად შემცირებული საბიუჯეტო პარამეტრებით ხსნიან. მიუხედავად ამისა, პირველი კვარტლის გეგმა მაინც მთლიანად ვერ იქნა შესრულებული, ხოლო მომდევნო თვეების პროგნოზი კიდევ უფრო უიმედოდ გამოიყურება, რაც გვაფიქრებინებს, რომ სეკვესტრი წელსაც გარდაუვალი გახდება.
ციფრებში გამოსახული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი მაჩვენებლები განვლილ პერიოდში ოდნავი ზრდით გამოირჩეოდა, თუმცა ეს ზრდა იმდენად უმნიშვნელოა, რომ რეალურ ეკონომიკურ გარემოს არანაირად არ უგრძვნია.
XS
SM
MD
LG