Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნებზე დაწყებულმა ქაოსმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადაინაცვლა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 4 ივნისს, ხანგძლივი ბჭობისა და პოზიციების შეთანხმების შემდეგ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დებულება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის არჩევნების შედეგების ხელახალი დათვლის შესახებ.

თუმცა ორდღიანი კამათი, საბოლოოდ, უშედეგო აღმოჩნდა: ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ შეთანხმდა თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების გადასინჯვის წესთან დაკავშირებით.

სულ უფრო მატულობს იმის შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენები ნელ-ნელა ფართომასშტაბიანი არეულობის დეტონატორად იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიები თითქოსდა ერთსულოვან თანხმობას აცხადებენ, ხელახლა იქნეს დათვლლი თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები, 6 ივნისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება ხმების ხელახალი დათვლის წესის შესახებ.
პოზიციათა შეუთავსებლობა არაერთმა გარემოებამ გამოიწვია. გარდა იმისა, რომ პარტიათა უმრავლესობას ერთმანეთის წესიერების, უბრალოდ, არ სჯერა, პოლიტიკურ ორგანიზაციათა ნაწილმა დღის წესრიგში დააყენა არა მხოლოდ 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების, არამედ 2001 წლის ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, 2000 წლის საპრეზიდენტო და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების რევიზიის საკითხი. საბოლოოდ, თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების ხელახალი დათვლის წესის მისაღებად აუცილებელი ხმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვერ მოგროვდა.
წესით და კანონით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ოფიციალური შედეგი 6 ივნისს უნდა გამოაქვეყნოს. თუმცა, თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის კულუარებიდან გამოსული ინფორმაციით, სავსებით რეალურია, კომისიაში შესული სარჩელების რაოდენობისა და არჩევნებისას მომხდარი დარღვევების გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები არ დაამტკიცოს. გარდა ამისა, პარტიათა ერთმა ჯგუფმა, არჩევნებისას დაფიქსირებული დარღვევების გამო, უკვე მიმართა სარჩელით სხვადასხვა დონის სასამართლოს. მაგალითად, 6 ივნისს სახალხო პარტიამ სარჩელი საოლქო სასამართლოში შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სარჩელი არ მიიღო, სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე სამართლიანობისთვის ბრძოლაზე უარის თქმას არ აპირებს და უახლოეს დღეებში სარჩელით უკვე უზენაეს სასამართლოს მიმართავს. იმ შემთხვევაში კი, თუ არც უზენაესი სასამართლო მიიღებს სახალხო პარტიის სარჩელს, მამუკა გიორგაძე, იმ პარტიებთან ერთად, ვინც ასევე აპროტესტებს 2 ივნისის არჩევნების შედეგებს, თავის არცთუ შორეულ გამოცდილებას გაიხსენებს და პროტესტის ფორმად ქუჩის აქციებს გამოიყენებს.
ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები, გამორიცხული არ არის, ახალი პოლიტიკური კრიზისის საფუძვლად იქცეს.
XS
SM
MD
LG