Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვს თუ არა პერსპექტივა პროფესორ ინალ კაზანის სამშვიდობო მისიას


არასამთავრობო ორგანიზაცია"კავკასიური სახლის" მოწვევით, ივნისის დასაწყისში საქართველოში ჩამოვიდა, პირველად 7 წლის განმავლობაში,

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის ყოფილი წარმომადგენელი გაეროსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, პროფესორი ინალ კაზანი. აფხაზური წარმოშობის მეცნიერი და პოლიტოლოგი, რომელიც საკუთარ თავს "აფხაზთა გაჩუმებული უმრავლესობის" წარმომადგენელს უწოდებს, აფხაზი და ქართველი ხალხის შერიგებისა და პირდაპირი დიალოგის გზით კონფლიქტის მოწესრიგების ინიციატივით გამოდის. რაც შეეხება აფხაზეთის პოლიტიკური მოწყობის საკითხს, "აფხაზური ალიანსის" ლიდერის თქმით, ეს პრობლემა ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში უნდა გადაწყდეს.

ინალ კაზანის საქართველოში ჩამოსვლას კონფლიქტოლოგები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში სრულიად იგნორირებული ფაქტორის - "სახალხო დიპლომატიის" გააქტიურებასთან აკავშირებენ. და, მართლაც, ეს მოსაზრება სინამდვილისგან შორს არ უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ იმას, რომ მთელი კონფლიქტის დროს - და მას შემდეგაც - ქართველი და აფხაზი ხალხის წარმომადგენლები ერთმანეთს პირისპირ თითქმის არ შეხვედრიან. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, არ შეხვედრიან საქართველოს ტერიტორიაზე, თორემ, როგორც პროფესორი ინალ კაზანი ირწმუნება, მას თითქმის ყოველდღიური მიმოწერა აქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ აფხაზებთან და ქართველებთან, რომლებიც მხარს უჭერენ კონფლიქტის უსწრაფეს მოწესრიგებას.
ხოლო ამ ერთსულოვნების საილუსტრაციოდ, აფხაზი პროფესორი თბილისს თურქეთში მცხოვრებ საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენელ მემედ მაკარიძესთან ერთად ესტუმრა.

[ინალ კაზანის ხმა] "ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა და ამ საკითხზე, მსოფლიოს მასშტაბით, აფხაზური დიასპორის ძალიან ბევრ წარმომადგენელს ვესაუბრეთ. მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ისინი ძალიან განიცდიან არსებულ სიტუაციას და გადაჭრით უჭერენ მხარს პრობლემის მშვიდობიან მოწესრიგებას. იმიტომ რომ აფხაზი ხალხის უმრავლესობა არ ცხოვრობს აფხაზეთში. ხოლო ის ადამიანები, ვინც დღეს აფხაზეთს მართავენ, უმცირესობის უმცირესობაში არიან. ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, მდუმარე უმრავლესობამ ხმა აღიმაღლოს."

ინალ კაზანის თქმით, სამშვიდობო მოწესრიგების პროცესად მონათლულმა ათმა წელიწადმა მხოლოდ იმედგაცრუება მოიტანა. აფხაზეთი ეკონომიკურად დაუძლურებულია, პოლიტიკურად კი - იზოლირებული, რაც უპერსპექტივოს ხდის აფხაზი ხალხის ისტორიულ განვითარებას. არძინბას ყოფილი წარმომადგენელი სამშვიდობო პროცესის შუამავლებსაც არ ივიწყებს და აცხადებს, რომ აფხაზებისთვის აქამდე რეალური მოდელი არც გაეროს შეუთავაზებია და არც რუსეთს, რომელსაც საერთოდ არა აქვს განსაზვრული კავკასიური პოლიტიკა. კონფლიქტის პოლიტიკური მოწყობის ასეთი მოდელის ძიება კი, ინალ კაზანის ღრმა რწმენით, მხოლოდ პირდაპირი დიალოგის საშუალებითა და გონივრული კომპრომისების გზით უნდა წარიმართოს.

[ინალ კაზანის ხმა] "ისევ და ისევ ვუბრუნდები მთავარს, პოლიტიკური მოწყობის საკითხს: თუკი არ იქნება ნათლად ჩამოყალიბებული ის პოლიტიკური გარანტიები, რაც უზრუნველყოფს აფხაზეთის უსაფრთხო განვითარებას საქართველოს ქოლგის ქვეშ, მანამდე არაფერი გამოვა."

კონფლიქტოლოგების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "საქართველოს ქოლგის" ქვეშ ცხოვრება აფხაზეთის მმართველი ელიტისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისინი იძულებულნი იქნებიან ანგარიში გაუწიონ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების აზრს. თავის მხრივ, პროფესორი ინალ კაზანი და მისი "აფხაზური ალიანსი" უახლოეს მომავალში შეხვედრებს აფხაზეთშიც გეგმავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG