Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ემზადება საქართველოს მთავრობა ზამთრისთვის


მართალია, პრეზიდენტი შევარდნაძე საქართველოს ენერგოსექტორს კორუფციით დაავადებულსა და შიგადაშიგ - “დამპალსაც” კი უწოდებს,

მაგრამ მომავალი ზამთრისთვის უკვე გაჩაღებულმა მზადებამ დავით მირცხულავას შეიძლება სათბობ-ენერგეტიკის მინისტრობის ვადა გაუხანგრძლივოს. როგორც ამბობენ, ამის იმედს მირცხულავას მიერ ხუთი ივნისის მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი 2002-2003 წლის ზამთრის პერიოდის ენერგეტიკული ბალანსის ფრიად საინტერესო შინაარსი იძლევა. ამას გარდა, მთავრობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ასე წინასწარ პირველად იჭერს გამოზამთრების თადარიგს.

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გამოზამთრების პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისიდან მომავალი წლის მარტის ბოლომდე პერიოდს მოიცავს და ეტაპობრივ ხასიათს ატარებს. მაგალითად, სექტემბრის დასაწყისისთვის (ანუ მაშინ, როცა საქართველოს ენერგოსექტორს ჰიდროელექტროსადგურების იმედი შეუსუსტდება) მირცხულავა “AES მტკვრის” მე-9 ენერგობლოკის ამუშავების აუცილებლობას ხედავს. აქვე მოგახსენებთ, რომ 2001 წლის დეკემბერში აფეთქებულ-გამორთული მე-10 ბლოკი სათვალავში არ არის მიღებული, რადგანაც ჯერ მისი აღდგენის პროცესიც კი არ დაწყებულა, მაშინ, როცა მისი რეაბილიტაცია, წინასწარი გამოთვლით, 20 მილიონ დოლარსა და, მინიმუმ, ერთწლიან სამუშაოებს საჭიროებს.

თუკი ნაადრევი გამყინვარება არ დაგვატყდა თავს, მირცხულავა ენერგოგენერაციიდან დამატებითი ძალების მოშველების აუცილებლობას ნოემბრისთვის გეგმავს. მინისტრის აზრით, სწორედ იმ დროისთვის მორიგეობით უნდა ამოქმედდეს მე-3, მე-4 და მე-8 (ნაკლებად სახელგანთქმული) ბლოკები, რომლებიც ჯერჯერობით სახელმწიფოს საკუთრებაშია. ცხადია, ენერგობლოკების ასამუშავებლად საჭიროა გაზი, რომელსაც საქართველო ჯერჯერობით კვლავ ერთადერთი (და ბრაზიანი) მომწოდებლისგან – “იტერასგან” შეისყიდის. კონტრაქტის გაფორმება 562 მილიონ კუბურ მეტრზეა დაგეგმილი, საიდანაც ნახევარზე მეტს, ალბათ, მე-9 ბლოკი მოითხოვს.

ციბრუტივით დატრიალებულმა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ პროგრამაზე მუშაობისას წინა პლანზე წამოსწია (პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ ამ ბოლო დროს მრავალჯერ ხაზგასმული) დევიზი, რომლის მიხედვითაც, ელექტროენერგია მხოლოდ პატიოსან გადამხდელებს უნდა მიეწოდოს. და როგორც ამბობენ, მინისტრის მოხსენებაში პრეზიდენტი ყველაზე მეტად სწორედ ამ ფაქტორმა მოხიბლა. თუკი პოსტი შეუნარჩუნეს და აცალეს, როგორც ჩანს, მირცხულავა ეცდება, რომ მთელ საქართველოს სწორედ ამ დევიზის ქვეშ გამოაზამთრებინოს. აშკარაა, რომ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ბოლოდროინდელი შესამჩნევი გააქტიურებაც ხსენებულ დევიზს ემსახურება და თუკი ის დღეს მკაცრ სადამსჯელო ღონისძიებებზეც თამამად საუბრობს, მთავრობისგან მიღებული დასტურის შედეგია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი ესპანურმა კონსორციუმმა 5-წლიანი მართვის უფლებით 2001 წლის დეკემბერში აიღო და, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ენერგოგამანაწილებელ კომპანიებსა და მსხვილ მომხმარებლებს მის მიმართ მრავალნულიანი დავალიანება დაუგროვდა, საბითუმო ბაზარი დღემდე მაინც დუმილს ინარჩუნებდა.

ერთი სიტყვით, ენერგოსექტორი თანხების მობილიზებითა და ზამთრისთვის მზადებითაა დაკავებული და, როგორც მოგახსენეთ, წლის ამ მონაკვეთში მისი ასეთი აქტიურობა საქართველოში ჯერ არავის ახსოვს. უჩვეულოდ ნაადრევი თადარიგის დაჭერის მიზეზებზე საუბრისას ერთნი ვარაუდობენ, რომ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მესვეურებს გასულ ზამთარს, ეტყობა, განსაკუთრებით შესცივდათ; მეორენი კი, დარწმუნებულნი არიან, რომ ზამთარზე მეტად მათი დაფაცურება პრეზიდენტ შევარდნაძისგან ნაგრძნობმა სუსხმა გამოიწვია.

მირცხულავამ ხსენებული ტემპერატურული ვარდნა უკვე კარგა ხანია იგრძნო და ამიტომ პროგნოზირებაც ძნელია, მაგრამ, როგორც ამბობენ, 2002-2003 წლის გამოზამთრების საინტერესო პროგრამის წყალობით, სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს შეიძლება კიდეც გამოაზამთრებინონ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG