Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის საჭირო კანონი ქველმოქმედების შესახებ


საქართველოში შემუშავებულია კანონპროექტი ქველმოქმედების შესახებ, თუმცა, როდის მიიღებს ის კანონის ძალას და როდის დაწესდება ქველმოქმედებაზე საგადასახდო შეღავათები,

მაინც, არავინ იცის. სანამ ასეა, ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაცია სრული გადასახადით იბეგრება, ახალი ეკლესიების მშენებლობა კი არა. მეწარმეებს არ გააჩნიათ სტიმული მეცენატობისთვის და ბიუჯეტის შემყურე კულტურის დარგებიც სულს ღაფავს. სწორედ, ამაზე იყო მსჯელობა, თბილისში, აჭარის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე. იქ შეკრებილმა კულტურის მუშაკებმა და მეწარმეებმა ქველმოქმედების გადასახადებისგან გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მოუსმიენთ ეკა წამალაშვილს

ქველმოქმედების საგადასახდო შეღავათებისგან გათავისულების მოთხოვნით კულტურის მუშაკები და ბიზნესის წარმომადგენლები კარგა ხანია გამოდიან. ამ მოთხოვნას ხელისუფლება, აქამდე, ცივი უარით პასუხობდა. განმარტავდა, რომ ქველმოქმედებაზე საგადასახდო შეღავათების დაწესებას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები კრძალავს. ასეთი პასუხი ქველმოქმედების წახალისების იმედს კლავდა, მაგრამ , პრეზიდენტმა ბოლოს და ბოლოს გაბედა და ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ქველმოქმედებასა და სპონსორობაზე საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე პასუხისმგებლობა იკისრა. თქვა, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან არსებული პრობლემის მოგვარებაზე თავად იზრუნებდა. შეიქმნა კომისია, რომელიც ქველმოქმედების შესახებ კანონპროექტების სხვა და სხვა ვარიანტების შეჯერებაზე მუშაობს. მაგრამ, როდის მივა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე და როდის მიიღწევა ის, რამაც ქართული კულტურის გადარჩენას უნდა შეუწყოს ხელი, მიანც, ბუნდოვანია. ქველმოქმედებაზე საგადასახდო შეღავათების დაწესების შესახებ დაპირებას ბევრი სკეპტიკურად უყურებს. მიიჩნევა, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეთანხმება გაჭირდება და დაპირება - დაპირებებში კულტურის დარგები, უწინდებურად, საქართველოს მწირი ბიუჯეტის შემყურედ დარჩება, ყოველშემთხვევაში ერთ-ორ წელიწადს მაინც. ასე ფიქრობს ხელოვნებათმცოდე გოგა ჩართოლანიც და თუ რას ნიშნავს არსებული სტატუს ქვოს შენარჩუნება, ანუ როგორია ქართული ქველმოქმედების არსი, ამას, ასე განმარტავს:

[გოგა ჩართოლანის ხმა] "ეს მართლა მათხოვრობაა. თუ მე მაძლევენ ფულს ესე იგი მჩუქნიან. თუ მე ვაძლევ ფულს მაშინვე მომაკითხავენ საგადასახადო სამსახურიდან და მკითხავენ საიდან ვაძლევ. მე იძულებული ვიქნები ვუპასუხო, რომ შევაგროვე ხელფასი, ძალიან მიყვარს, ვთქვათ, თემურ ჩხეიძე და მას ვჩუქნი."

გამოსავალი, რომ ქველმოქმედების შესახებ კანონის მიღებასა და საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანაშია ეჭვს არ იწვევს. სხვა შემთხვევაში მშვიდად უნდა ვუყუროთ იმას, თუ როგორ ღაფავს სულს ქართული კულტურა და უნდა შევეგუოთ იმ ვითარებასაც, რასაც საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე კახა ტრაპაიძე ნონსენს უწოდებს.

[კახა ტრაპაიძის ხმა] " დღეს ვართ ნონსენსურ სიტუაციაში. ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი, რომ აღადგენს ტაძარს ის იბეგრება კანონმდებლობის ყველა მუხლით. ანუ, თუ ვიშოვეთ 6000 ლარი ძველ თბილისში ამა თუ იმ ნაგებობის გასამაგრებლად 2000 ლარი ბიუჯეტში უნდა დავაბრუნოთ. ამ დროს ახალი ეკლესიების მშენებლობა გათავისუფლებულია გადასახადებისგან."


აი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იმის, თუ რატომ არის საქართველოში ახალი ეკლესიების მშენებლობის ბუმი და რატომ გვეცლება ხელიდან უძველესი უნიკალური ძეგლები. კახა ტრაპაიძის თქმით, ძველ თბილისში ახალი მასშტაბური საცხოვრებელი სახლების აგებაც ძველი ნაგებობების რესტავრაციის წამგებიანი მხარეებით არის განპირობებული. ძველი თბილისის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდში გათვალისწინებას კი, რასაც ძველ თბილისის აღდგენაზე საგადასახდო შეღავათების დაწესება უნდა მოჰყოლოდა, ძველი თბილისის აღდგენისა და განვითარების სტრატეგიის არ არსებობამ შეუშალა ხელი.
ასევე ეშლება ხელი სხვა უამრავ საქმეს. სახელმწიფოს კულტურის განვითარებაზე ზრუნვისთვის არ სცალია და ჯერეჯრობით, არც მეწარმეებს აძლევს სტიმულს საქმისთვის, რასაც მეცენატობა ჰქვია. კულტურის მინისტრის მოადგილის გია ცქიტიშვილის თქმით:

[გია ცქიტიშვილის ხმა] " ის მწირი ბიუჯეტი, რაც ააქვს ჩვენს ორგანიზაციებს, ხმარდება მიზერულ ხელფასებს. ის არ ითვალისწინებს , ვთქვათ, სპექტაკლის დადგმის ხარჯებს, კომუნალურ გადასახადებს და ასე შემდეგ. გამოდის, რომ ადამიანებს ვუხდით პენსიას და არ ვუქმნით სპექტაკლის დადგმის, გამოფენის გაკეთები საშუალებს. ვფქირობ, რომ კანონი ქველმოქმედების შესახებ ქართულ კულტურას ჟანგბადივით სჭირდება."

პროექტში, რომელიც ქველმოქმედების შესახებ კანონის საფუძველი უნდა გახდეს, მითითებულია, რომ ქველმოქმედება და სპონსორობა უნდა წარმოებდეს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და ორგანიზაციების მოგებიდან, რამაც უნდა გამორიცხოს კორუფციული გარიგებანი. ლაპარაკია გადასახადებისგან ქველმოქმედებისთვის გასათვალისწინებული თანხების გათავისუფლებაზე და არა ამა თუ იმ მეცანეტის კერძო საქმიანობის წახალისებაზე.
XS
SM
MD
LG