Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნარკომანიასთან ბრძოლის ახალი სტრუქტურა


ერთ-ერთი პირველი კამპანიური ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ ყოფილ საბჭოთა კავშირში საქართველოში დაიწყო სამოცდაათიან წლებში.

“არ დაგავიწყდეს, არ შეშინდე, ესეც ომია,”- დაახლოებით, ამგვარი შინაარსის ლოზუნგით აწარმოებდა ანტინარკომანულ აგიტაციას პოპულარული ქართული საბჭოთა გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი”. როგორც დღეს აღნიშნავენ, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ლეგალიზება, ისევე როგორც თავად ნარკომანიის პრობლემის აღიარება, საბჭოთა ეპოქის საქართველოში გმირობის ტოლფასი იყო. გმირობა, ალბათ, ტრადიციის მიხედვით, სახელმწიფოს მაშინდელმა ლიდერმა ჩაიწერა აქტივში. მას შემდეგ ათწლეულები გავიდა, მაგრამ ბევრი არაფერი შეცვლილა: მაშინდელი ლიდერი დღესაც ლიდერობს და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განკარგულებებს კვლავაც გამოსცემს, იმ განსხვავებით, რომ ეს განკარგულებები, უმეტესად, არ სრულდება.


ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი გელა ლეჟავა შენიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური წონის მომატების მსურველებმა ნარკომანია ეროვნული ბრძოლის საგნად უნდა აქციონ და წარმატება გარანტირებული ექნებათ. მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ლოზუნგების დონეზე, ამის მცდელობები ჰქონდა, მაგრამ მისი წარმატება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამ ლოზუნგებს ელემენტარულადაც კი არ მიეწერება. რაც შეეხება ცენტრალურ ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ მიმართულებით გამოცემული განკარგულებებიდან გამოვყოფთ ერთს, რომელიც სახელმწიფო მოხელეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას სწორედ ნარკოტიკების მოხმარების კუთხით ითვალისწინებს. ნარკოტიკების მომხმარებელი მოხელეები, ისევე როგორც პოლიტიკური მოღვაწეები, ნარკოლოგიის ინსტიტუტშიც არიან აღრიცხულნი, მაგრამ, ანონიმურობის გამო, ინსტიტუტში მათ ვინაობას არ ამხელენ. ამის მიუხედავად, არასრულ სტატისტიკაზე საუბარი მაინც შეიძლება;
[გელა ლეჟავას ხმა]“ ჩვენს სამართალდამცავებს და, კერძოდ, პოლიციას უთქვია ეს, პოლიციის თანამშრომელს უთქვია, რომ 2000 კაცამდე მაინც ვიცით ისეთი თანამდებობის პირი, ან მისი შვილი, რომელსაც, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია და, ამავე დროს არის ნარკომანი. “[სტილი დაცულია]
პრეზიდენტ შევარდნაძის განკარგულებათა შეუსრულებლობის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი, მიზეზი იქნებ სწორედ ზოგიერთი გავლენიანი თანამდებობის პირის ნარკომანობაც იყოს. პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შეუსრულებლობის მიზეზებს კი, საერთოდ, ღრმა და მრავალმხრივი ფესვები აქვს და მათზე, როგორც წესი, ვერსიებით საუბრობენ ხოლმე. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთოეროვნული მნიშვნელობის თემას თუ დავუბრუნდებით:
[გელა ლეჟავას ხმა]“ამდენი წელიწადია პარლამენტი არსებობს და ერთხელ თუ განუხილია საკითხი- არც ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი, მშობლებს მიწერილი აქვთ რამდენჯერმე, გვიშველეთო და არავითარი შედეგი. მეტსაც გეტყვით: მე ვესწრებოდი უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც გატანილი იყო საკითხი ამ ნარკოტიკების თაობაზე და იქ იყო ბატონი ჟვანია- იჯდა პრეზიდენტის გვერდით- როდესაც მწარედ დადგა იქ საკითხი, ბატონმა ედუარდმა სთხოვა თუ მიუთითა ჟვანიას, რომ გაიტანეთ ეგ საკითხი პარლამენტზე და იქ იმსჯელეთ, იმიტომ რომ ერისთვის- როგორც თქვენ არაფერი არ გაგიტანიათ, ისე მას არაფერი გაუტანია.”[სტილი დაცულია]
პრეზიდენტ შევარდნაძისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, სიტუაციის უკეთ გაკონტროლებას ცდილობს აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე, რომელიც თავად ჩაუდგა სათავეში აჭარაში ამ ათიოდე დღის წინ შექმნილ ახალ ორგანოს - ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას, ახალი ტიპის მაკონტროლებელ ორგანოს, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ნარკომანიის წინააღმდეგ გატარებულ თუ გასატარებელ საქმიანობას გაუწევს კოორდინაციას - დასვამს, მაგალითად, საბაჟოზე ნარკოტიკების კონტრაბანდასთან მებრძოლი საგანგებო სამსახურის შექმნის საკითხს და ასე შემდეგ. ორ კვირაში აჭარის ლიდერს ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენენ, იმის მიუხედავად, რომ სამოქმედო პროგრამა, ფაქტობრივად, საგანგებოდ მოწვეულმა კონფერენციამ უკვე შეიმუშავა.
აჭარის ლიდერის პოლიტიკური წონა ქვეყნის ლიდერის პოლიტიკურ წონას რეგიონში, როგორც ამბობენ, ამ კუთხითაც დასწონის, წარმატების შემთხვევაში კი ახალი ანალოგიური სტრუქტურები საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც შეიქმნება.
XS
SM
MD
LG