Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისის “დილის გაზეთის” აზრით, “ბრიტანელი ბიზნესმენის, 59 წლის პიტერ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 20 ივნისის “დილის გაზეთის” აზრით, “ბრიტანელი ბიზნესმენის, 59 წლის პიტერ შოუს ირგვლივ დაწყებული სკანდალების ზენიტი თუ თავად მისი გაუჩინარება აღმოჩნდებოდა, არავის ეგონა.

პიტერ შოუ საქართველოში უელსიდან 6 წლის წინათ ჩამოვიდა და ქართულს მორგებული ხასიათით მაშინვე ყურადღება მიიპყრო. იგი ჯერ ევროკავშირის საპარტნიორო ფონდს ხელმძღვანელობდა და მაშინ ფონდის თანხა სხვადასხვა კომერციულ ბანკზე გასცა სესხად. მათ შორის იყვნენ “ვითა-ბანკი”, “მერკური” , “ელდორადო” და სხვ. ბანკებმა კრედიტის დაბრუნება ვერ შეძლეს, რასაც სასამართლო დავები და სასამართლო პროცესებზე პიტერ შოუს გამარჯვება მოჰყვა.
შემდეგ იგი საპარტნიორო ფონდის თანხით შექმნილ აგრობიზნესბანკს ჩაუდგა სათავეში და რაიონებში ფილიალებიც გახსნა”.

“აგრობიზნესბანკის დეკლარირებული პრიორიტეტი აგროსექტორის დაფინანსება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლო დროს ეროვნულმა ბანკმა შემოწმების შემდეგ უამრავი დარღვევა აღმოაჩინა”.

“დილის გაზეთი” აღნიშნავს, რომ “18 ივნისს ბრიუსელში დაიწყო ტენდერი, რომელმაც ევროკავშირის მიერ აგრობიზნესბანკისთვის მილიონი ევროს გამოყოფის საკითხი უნდა გადაწყვიტოს”.

“საყურადღებოა გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის განცხადება იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, პიტერ შოუს გატაცება ბრიუსელის ტენდერთან იყოს დაკავშირებული”. გაზეთის თქმით, “აქ ორი ვარიანტის განხილვა შეიძლება - ან პიტერ შოუმ საკუთარი თავი თვითონ გაიტაცა, განაწყენებულს მსოფლიო მასშტაბით საქართველოსთვის თავი რომ მოეჭრა, ან კიდევ კარგად ორგანიზებულმა და ინფორმირებულმა ჯგუფმა პიტერ შოუს , ასე ვთქვათ, “სიურპრიზი” მოუწყო. მიზანი აქაც იმიჯის შელახვა იყო. თავდამსხმელებმა ეს შესანიშნავად მოახერხეს”.

21 ივნისის გაზეთი “ახალი თაობა” წერს, რომ “პრეზიდენტი შევარდნაძე საეჭვოდ ალაპარაკდა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხზე. შევარდნაძის ტონში მუქარა ისმის. ბევრს, შესაძლოა, ამ მუქარის საფუძვლად პიტერ შოუს გატაცება და საერთაშორისო იმიჯის შელახვა მიაჩნია. პრინციპში, ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი ესეც არის, მაგრამ არა ერთადერთი. მეტიც, ეს მიზეზი საკმაოდ ცოტაა მუქარის იმ ტონისთვის, რომელიც შევარდნაძის ხმაში ისმის. ვინც ქვეყნის პირველ პირს იცნობს, ალბათ, ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ამ ყველაფრის უკან უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციები იფარება”.

გაზეთის თქმით, “საქმე, ალბათ, გაცილებით რთულადაა, მაგრამ არა იმ ფრონტზე და იმ გზაზე, რომელ გზასაც სამშობლოში გასამგზავრებლად გამზადებული შოუ გაუყენეს. ქვეყნის მთავარი არტერია გადასაჭრელად არის მზად. საქართველოში მომხდარი მოვლენები რატომღაც ყურადღების მიღმა დარჩა. ალბათობა იმისა, რომ მორიგი არეულობა მზადდება ქვეყანაში, საკმაოდ დიდია. ამისათვის ძალიან ბევრი და სერიოზული საფუძველი და შესაძლებლობა არსებობს, ანუ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის, უფრო ზუსტად კი, დამხობის ყველანაირი პირობაა შექმნილი. რამდენიმე დღის წინ ძალიან საეჭვოდ იძარცვება ვაზიანის მე-11 ბრიგადა, რომელიც პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია და სადაც სამხედრო წვრთნები უნდა დაიწყოს. ეს არ არის შემთხვევითი. არც ის, რომ უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი თავდაცვაში არსებული ძლიერი აგენტურული ქსელის არსებობაზე საუბრობს. ქალაქის ცენტრში 500 გრამი ტროტილი ფეთქდება, მაგრამ გამოძიება ვერც ამ შემთხვევაში ამბობს ვერაფერს”.

“ახალი თაობის” აზრით, “უშიშროების მინისტრს ავიწყდება კიდეც, რომ ასეთი მოვლენები შემთხვევით არ ხდება და რომ ეს ძალიან სერიოზული სიგნალია მოსალოდნელი არეულობისა. პარალელურად აკავებენ ძალიან მნიშვნელოვან იარაღს ნატახტართან, რომელიც უშიშროების მაიორს ეკუთვნის, მასთან ერთად რუსეთის მოქალაქეა, უშიშროების მაიორი ცნობილი კანონიერი ქურდის მძღოლია, პარტიზანი დავით შენგელია კი იჩემებს, რომ ეს იარაღი მისი და პარტიზანებისაა და რომ ამ იარაღის თავმოყრა თბილისში უნდა მომხდარიყო, რომ მერე აფხაზეთში შეეტანათ”.

გაზეთი აღნიშნავს, რომ “სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები კონკრეტული პასუხების გაცემისაგან თავს იკავებენ. მაგალითად, არ სურთ იმ იარაღზე საუბარი, რომელიც დააკავეს, არც იმაზე, რა მასალებს ფლობს გამოძიება ვაზიანიდან გატანილი იარაღის თაობაზე. არ უნდათ იმის აღიარება, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში საქმე მართლაც ცუდად არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ არა აქვთ პასუხი კითხვაზე – რამდენად გარანტირებულია ქვეყნის უსაფრთხოება.

პრინციპში ქვეყანა დაუცველია და სერიოზული საშიშროების წინაშე ვდგავართ,” – მიიჩნევს “ახალი თაობა”.

ახლა კი შიდაპოლიტიკური ცხოვრების ზოგიერთი ასპექტის შესახებ გესაუბრებით. 21-27 ივნისის გაზეთი “ახალი ეპოქა” წერს, რომ “პრეზიდენტის მიერ “მოქკავშირის” რეანიმაციის სურვილმა და პარტიის ხელმძღვანელ პოსტზე ავთანდილ ჯორბენაძის დანიშვნამ რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა”. ჯერ ერთი, გაზეთის თქმით, “პრეზიდენტს ძველებურად სჭირდება საპარლამენტო უმრავლესობა, პოლიტიკური საყრდენი, პარტია თუ ორგანიზაცია, რომელიც ერთგულ ჩინოვნიკთა კასტას გააერთიანებს. ჩინოვნიკებს, თავის მხრივ, არ ეთმობათ "მოქკავშირი", როგორც ძლიერი და საიმედო სახელისუფლებო ქოლგა. "მოქკავშირი" ტიპიურ კომპარტიულ წარმონაქმნად ყალიბდება და "სმკ-ს" აბრევიატურაში ყველა ის პირი იგულიხმება, ვისთვისაც მზე ძველებურად სახელმწიფო კანცელარიის მხრიდან ამოდის.
მეორე: პრეზიდენტს სურს, რევანში აიღოს ადგილობრივ არჩევნებში ნაწვნევი მარცხისთვის, აამოქმედოს პარტიის შინაგანი რესურსები, შემოიკრიბოს ახალი სახეები და “მოქკავშირი” თავის ძველ ლიდერებს დაუპირისპიროს ანუ ჟვანია-სააკაშვილის ძლიერი ოპოზიცია შექმნას.

მესამე ფაქტორი კი უკვე ჯორბენაძის რეიტინგსა და მომავალზე მუშაობს. სახელმწიფო მინისტრისგან ძალიან საინტერესო ფიგურა იძერწება. უკვე ცხადია, რომ “მოქკავშირზე” კონტროლის მოპოვებით ჯორბენაძემ პრეზიდენტისგან სამწლიანი ხელშეკრულების გარანტია მიიღო. 2005 წლამდე სახელმწიფო მინისტრი სრულად გააკონტროლებს სახელისუფლებო ვერტიკალს და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში საკუთარი ამინდის შექმნას შეეცდება. აქედან გამომდინარე, ყველა მაღალჩინოსანი იზრუნებს, რომ “ჯორბენაძის კაცად” იქცეს”.

გარდა ამისა, გაზეთი მიიჩნევს, რომ “მოქკავშირის” რეანიმირებისა და გაძლიერების შემდეგ კიდევ ერთხელ შეიცვლება პოლიტიკური სპექტრი იმ პარტიების საზიანოდ, რომლებსაც შევარდნაძის მზის ქვეშ მოკალათება სურდათ. მართალია, პრეზიდენტს ყოველთვის ჰყავდა ე.წ. “საკუთარი ამომრჩეველი”, რომლისთვისაც შევარდნაძე სტაბილურობის ურყევ გარანტად რჩება, მაგრამ მძაფრ საარჩევნო ბატალიებში “სმკ” მხოლოდ ამ პოლიტიკურად ინერტული ელექტორატის იმედზე ვერ იქნება. ამიტომ პრეზიდენტის პარტიამ ხმები უნდა წაართვას “ახლებსა” და “მრეწველებს”.

“ახალი ეპოქა” დაასკვნის:” ასე რომ, “მოქკავშირის” 29 ივნისის ყრილობამ, რომელმაც ხალხის თვალში ინტერესი არჩევნების შემდეგ აშკარად დაკარგა, კვლავ შეიძინა გარკვეული ინტრიგა. ბევრ რამეს განსაზღვრავს და გადააფასებს ის, თუ რამდენად დასაბუთდება “მოქკავშირის” არსებობის აუცილებლობა. გამორიცხული არ არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ძველი მოდელით კვლავ აღდგეს ორი პოლიტიკური ცენტრი – ხელისუფლება და ოპოზიციად ნაგულისხმევი სხვა დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტების ერთობლიობა”.

22 ივნისის გაზეთი “ რეზონანსი” წერს, რომ “საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კვორუმი ვერ შეაგროვა. ყველაფერი ინგლის – ბრაზილიის საფეხბურთო შეხვედრას დაბრალდა. რა ქნან დეპუტატებმა, როცა დღის პირველ ნახევარში მათ სამშობლოზე მეტად ფეხბურთი უყვართ. პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმდინარე კონსულტაციებმა, რომ კონსტიტუციაში შეეტანათ ცვლილება და სიტყვა “აფხაზეთი” “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკით” შეეცვალათ, ვერც დღის მეორე ნახევარში გამოიღო შედეგი. ალბათ, პარლამენტარებს დღის მეორე ნახევარშიც სამშობლოზე მეტად უყვართ ფეხბურთი”.

თუმცა, “რეზონანსის” თქმით, “პარლამენტის ბოლო სხდომის ჩაშლის საბაბად, საფეხბურთო აჟიოტაჟის გარდა, კიდევ ერთი რამ მიიჩნევა. დეპუტატთა ნაწილი თვლის, რომ კონსტიტუციაში ამგვარი ცვლილების შეტანა გაეროსა და სეპარატისტულ აფხაზეთზე უარყოფითად იმოქმედებს. საბოლოოდ, კონსტიტუციური ცვლილებისათვის საჭირო 157 ხმის მოგროვება პარლამენტში ვერ მოხერხდა.
XS
SM
MD
LG