Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმშილის პრობლემა, საქართველო და მსოფლიო სასურსათო პროგრამა


საერთაშორისო სტატისტიკა იუწყება, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად 800 მილიონი ადამიანი შიმშილობს, თუმცა იგივე სტატისტიკა ვერ აკონკრეტებს საქართველოში მოშიმშილეთა რიცხვს.

სხვათა შორის, ამგვარ ინფორმაციას არც ჩვენს ქვეყანაში ფლობენ და ამ მეტად მტკივნეულ საკითხს, როგორც წესი, ვარაუდები უკავშირდება.

საქართველოში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ყოველწლიურად სასტიკ შიმშილს. თუკი ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით სირაქლემას პოზას არ ღალატობს, ოპოზიციური ფლანგი ხშირ-ხშირად იმეორებს, რომ, ამ მხრივ, ვითარება, მართლაც, სავალალოა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შიმშილის მსხვერპლთა შორის, ძირითადად, მარტოხელა მოხუცები არიან, ანუ ისინი, ვისთვისაც, წესით, სახელმწიფოს უნდა ეპატრონა, მაგრამ ვერ უპატრონა...

მედიკოსები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ შიმშილი მხოლოდ მოხუცების მტერი არ არის და თუკი ხნიერ ადამიანს შიმშილით გამოწვეული სისუსტე ძალიან სწრაფად ერევა, ეს პრობლემა არც ახალგაზრდა ადამიანის ორგანიზმისთვისაა ნაკლებად მძიმე . ესაა, რომ ამ შემთხვევაში სავალალო შედეგები უფრო გვიან იჩენს თავს და ხშირად - ისეთი დაავადებების სახით, რომ ყოველივე ეს უშუალოდ შიმშილს აღარ ბრალდება.

როდესაც ამ მეტად მტკივნეულ თემაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია დაკონკრეტდეს, რომ მოშიმშილეებად მხოლოდ ის ადამიანები არ მიიჩნევიან, ვინც დღეების ან კვირების განმავლობაში აბსოლუტურად არ იკვებება. როგორც შინამეურნეობის გამოკვლევისა და ცხოვრების დონის სტატისტიკის სამმართველოს უფროსი ნოდარ კაპანაძე განმარტავს, მოშიმშილედ მიიჩნევა ყველა ის ადამიანი, რომლის ყოველდღიური დიეტა 1700 კილო/კალორიაზე ნაკლებს შეიცავს. ბუნებრივია, რომ ოფიციალური ქართული სტატისტიკა ვერც ასეთთა საერთო რიცხვს აზუსტებს, სამაგიეროდ, აცხადებს, რომ საქართველოში (2001 წლის მონაცემებით) მოსახლეობის 51,8 პროცენტია სიღარიბის ზღვარს მიღმა. აქედან გამომდინარე, ალბათ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებთა, სულ ცოტა, დასახელებული პროცენტი მაინც შიმშილობს. თუმცა ეს საკითხი აშკარად გაურკვეველი და სადავოა.

ამ სავალალო ვითარების ფონზე ექსპერტები მიესალმებიან, რომ მსოფლიო სასურსათო პროგრამა საქართველოში კიდევ სამი წლის განმავლობაში იმუშავებს. ეს საკითხი გადაწყდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სამიტზე (რომში), სადაც 183 ქვეყნის წარმომადგენელმა მოიყარა თავი.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი დავით კირვალიძე სამიტის შედეგებით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ თუკი FAO ქართული დელეგაციის მიერ წარდგენილ წინადადებებს დადებითად შეაფასებს და დაფინანსებას გამოუყოფს, ამით სიღარიბის დაძლევისკენ ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. კერძოდ, საუბარია საქართველოში მევენახეობის, კაკლოვანი კულტურების, მეთევზეობისა და ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტებზე, რომლებიც უშუალოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევით მომზადდა და რომლებიც ამჟამად FAO-ს მკაცრ ექსპერტიზას გადის. მაგალითად, ჩაისთან დაკავშირებული პროექტი ითვალისწინებს 10 000 ჰექტარი პლანტაციის (რომელიც აუცილებლად კერძო საკუთრებაში უნდა იყოს) რეაბილიტაციას. კირვალიძე ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმიტომაც ანიჭებს, რომ ჩაის კულტურა საქართველოს, ტრადიციულად, ძალიან დიდ შემოსავალს აძლევდა და ახლაც იმავეს ჰპირდება.

საგულისხმოა, რომ ხსენებული პროექტების მთავარ ამოცანას საქართველოში აგროსექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, დოვლათისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, ქვეყანაში შიმშილის დაძლევის რეალურ გარანტად იქცევა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ამგვარმა ხედვამ რომის სამიტზეც თურმე მეტად მაღალი შეფასება დაიმსახურა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG