Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ადამიანის სექსუალურ ჩვევებზე გავლენას თითქმის არ ახდენს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს გაეროს წარედგინა ანგარიში შიდსისა და შიდსის გამომწვევი ვირუსის გავრცელების თაობაზე. გამოკვლევა ჩატარდა აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის 39 ქვეყანაში.

საკითხის შესწავალა გვიჩვენებს, რომ თუმცა შიდსის შესახებ ინფორმაცია ძალიან ფართოდ ვრცელდება, ეს არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას დედამიწის მოსახლეობის სექსუალურ ჩვევებზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის საკითხების შემსწავლელი განყოფილების დირექტორის ჯოზეფ ჩეიმის თქმით, შედეგები გამაოცებელი არ არის. შეგნება იმისა, რომ შიდსი საშიშია სუდ უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს, მაგრამ ჩვევები რჩება, განსაკუთრებით პროვინციებში.
შიდსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, გამოკითხულთა თანახმად, ყველაზე მეტად რადიო უწყობს ხელს.

ჩეიმი ამბობს, რომ 1990-იანი წლების შემდეგ, სექსუალური ქცევა, მართალია ოდნავ, მაგრამ მაინც შეიცვალა, განსაკუთრებით მამაკაცებს შორის. შემცირდა პარტნიორთა რიცხვი, გახშირდა კონდომების ხმარება. მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება ქალებისა და მამაკაცების სექსუალურ პრაქტიკაში არ მომხდარა.

ჩეიმის თქმით, ინფორმაცია მიღებულია უმთავრესად ქალებისგან, საშინაო პირობებში ჩატარებული საუბრებიდან. მამაკაცებთან ჩატარებული ინტერვიუებიდან მონაცემების მოგროვება უფრო ჭირდა, ვინაიდან ბევრ კულტურაში ამ საკითხზე ლაპარაკი მიღებული არ არის და ზოგჯერ ტაბუირებულიც კია.

ჩეიმი აღნიშნავს, რომ ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში შიდსი უმეტესწილად ჰომოსექსუალებისა და ნარკომანების ჯგუფებში ვრცელდება. განვითარებად ქვეყნებში კი უმთავრესად ჰეტეროსექსუალური კონტაქტებით.

გამოკველევამ არ მოიცვა აღმოსავლეთი ევროპა და ყოფილი საბჭოთა კავშირი, მაგრამ მკვლევარები თვლიან, რომ ინფექციის გავრცელების მოდელი ამ რეგიონებშიც ისეთივეა, როგორიც შესწავლილ ქვეყნებში.

ჯოია მუხერჯი, ბოსტონის არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯანმრთელობის პარტნიორების” სამედიცინო დირექტორი აღნიშნავს: ის, რომ გაეროს გამოკვლევაში არ აისახა აღმოსავლეთი ევროპა და ყოფილი საბჭოთა კავშირი მისი დიდი ნაკლია.

მუხერჯი ამჟამად თვით ატარებს შიდსთან დაკავშირებულ გამოკითხვებს ციმბირის ქალაქ ტომსკში. მისი თქმით, ყოფილ საბჭოთა კავშირში შიდსის ვირუსის გავრცელების ტემპი მსოფლიოში ყველაზე სწრაფია.

ბოსტონელი მკვლევარის აზრით, ამის მიზეზი სიდუხჭირეა, ვინაიდან ნარკომანებს, ქალსა თუ მამაკაც პროსტიტუტებს შორის ყველაზე დიდ საფრთხეში არიან ისინი, ვინც იძულებულია სექსი ფულზე გაცვალოს.

მუხერჯი აღნიშნავს, რომ ტომსკში პირველად იქნა შემჩნეული შიდსის ვირუსისა და ტუბერკულოზის, ასე ვთქვათ, თანაინფექციურობა.

ამავე დროს, რუსეთსა და უკრაინაში შიდსის სფეროში მეტად აქტიურად მოქმედებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ამის შესახებ ჩვენს რადიოს აცნობა გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის პრესმდივანმა ფრედ ეკჰარტმა. ამ ორგანიზაციების მუშაობას ანანი რუსეთსა და უკრაინაში ამასწინანდელი მოგზაურობის დროს გაეცნო.
XS
SM
MD
LG