Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის ქართულმა პრესამ დიდი ყურადღება დაუთმო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასული კვირის ქართულმა პრესამ დიდი ყურადღება დაუთმო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებას,

რომ პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარება რუსეთის მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია. ამ განცხადების ანალიზისას 25 ივნისის გაზეთი “რეზონანსი” წერს, რომ ქართული მხარე გამორიცხავს რუსეთის არმიის პანკისში შემოსვლას და იქ საომარი მოქმედებების დაწყებას, თუმცა ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთი პანკისში შემოსვლას საშიში პროვოკაციებითა და დადგმული სპექტაკლებით შეეცდება. გაზეთის აზრით:


სქემა, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში გამოდგეს, უკვე კარგა ხნის აპრობირებულია სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ და კარგად აქვს დახვეწილ-დამუშავებული თავად რუსეთის უშიშროებას. მოსკოვისთვის ხელჩასაჭიდად საკმარისია ტერაქტის ინსცენირება ან მისი ორგანიზება, ორგანიზატორად კი რომელიმე ისეთი ბოევიკის დასახელება, რომლის პანკისის ხეობაში ყოფნა დამაჯერებლობას არ იქნება მოკლებული. ასეთ შემთხვევაში რუსეთის სპეცსამსახურებს “სხვა გზა არ ექნებათ”, თუ არა პანკისში შესვლა და ტერორისტებთან ხელჩართული ბრძოლის გაჩაღება.
ამ სცენარის პანკისში გამოყენების შესაძლებლობას ნაკლებად ელოდებიან. ერთი ნაწილისათვის ამის გარანტია ამერიკელი ინსტრუქტორების საქართველოში ყოფნა და თანამედროვე მსოფლიოში ჩამოყალიბებული თამაშის წესებია, ნაწილს კი ოპტიმიზმის საფუძველს რუსეთის პრეზიდენტის განცხადება აძლევს. პუტინმა კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ იგი ანგაჟირებულ პოლიტიკოსთა რიცხვს არ ეკუთვნის და, რუსი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, “რუსული დერჟავის” ნოსტალგია არა აქვს.



25-26 ივნისის გაზეთი “ალია” ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას, რომელიც დღეს ბევრ პოლიტიკურ პარტიას აწუხებს – კერძოდ, ვინ გაიმარჯვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. გაზეთის ცნობით, თუ აქამდე ტრიუმფატორებად ლეიბორისტები მიაჩნდათ, კვირას გაირკვა, რომ, საქართველოს მასშტაბით, გამარჯვებულები ახალი მემარჯვენეები არიან. გაზეთი წერს:


”ნაციონალისტი” კობა დავითაშვილი გაკვირვებას ვერ მალავს: საქართველოში, მთლიანად, “ახლებმა” 500-მდე მანდატი აიღეს და გამარჯვებულები საიდან არიანო. თუმცა საქმე იმაშია, რომ არსებული 4787 მანდატიდან 2731 დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გადაინაწილეს, ანუ ისეთებმა, ვის უკანაც არც ერთი პარტია თუ ბლოკი არ იდგა. დანარჩენი მანდატები კი პარტიებზე გადანაწილდა: 851 “ახლებს” ერგოთ (აქედან 550 პარტიის წევრია, 301 კი ისინი არიან, ვინც, როგორც “ახალმა,” რეგისტრირება ვერ მოასწრო), 494 – “მრეწველებს”, აღორძინებას – 203, ლეიბორისტებს –164, სოციალისტებს –113, ედპ-ს - 96, მოქალაქეთა კავშირს – 60, ნაციონალისტებს - 25, ერთობას - 6, ჟვანიას გუნდს – 4.
თუ ამ ციფრებს დავეყრდნობით, “ახლები”, მართლაც, შთამბეჭდავად გამოიყურებიან და ტრიუმფატორებად ლეიბორისტები კი არა, ისინი უნდა ვაღიაროთ. თუმცა მთავარი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი ამ ციფრებს აინუნშიც არ აგდებს. მისი თქმით, თბილისის გარდა, არჩევნები ყველგან მაჟორიტარული იყო და მსოფლიო პრაქტიკაში არ არის იმის პრეცედენტი, რომ მაჟორიტარული არჩევნების შედეგები დაეჯამებინოთ.ნათელაშვილს დედაქალაქის იქით გახედვაც არ სურს. “მხოლოდ თბილისის მიხედვით უნდა გავარკვიოთ, გამარჯვებული და დამარცხებული,” – კატეგორიულია მთავარი ლეიბორისტი.
ლეიბორისტებთან ერთად, ტრიუმფატორებად “ნაციონალისტები” იყვნენ მიჩნეულნი, , თუმცა მათი 25 მანდატი – აქედან 14 თბილისისაა – ტრიუმფატორობის კვალობაზე უბადრუკად გამოიყურება. კობა დავითაშვილი ამბობს, რომ ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს: “ჩვენ ყველა რეგიონში არც მიგვიღია მონაწილეობა, რადგან ახალჩამოყალიბებული პარტია ვართ და რეგიონალური ორგანიზაციები ყველგან არ გვყავს. იქ კი, სადაც მონაწილეობა მივიღეთ, სერიოზული შედეგები ვაჩვენეთ.”
“ახლების” შემდეგ, ყველაზე სერიოზული მაჩვენებელი “მრეწველებს” აქვთ – 494 მანდატი. საინტერესოა, რომ “ახლებიც” და “მრეწველებიც”, ძირითადად, ბიზნესმენების მიერ ჩამოყალიბებული პარტიებია. ანუ ეს ის ხალხია, ვისაც ჟვანია და სააკაშვილი ოლიგარქებს უწოდებს. “ახალი მემარჯვენე” დავით საგანელიძე ამბობს, რომ “ახლების” და “მრეწველების” წარმატება იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მემარჯვენეობამ გაიმარჯვა.”



28 ივნისის გაზეთ “24 საათის” ცნობით, “ნაციონალური მოძრაობა” მოსახლეობას ქუჩის აქციებისკენ მოუწოდებს. თბილისის საოლქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო მათი სარჩელი, რომელიც თბილისის საკრებულოს შედეგების ოქმის შეცვლას გულისხმობდა. საოლქომ სარჩელი გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა მტკიცებით, მოსამართლის გადაწყვეტილება პროცესის გაჭინაურებასა და შევარდნაძის სცენარის წარმატებით განხორციელებას ემსახურება, იმ სცენარისა, რომელიც შემდგომ თბილისის საკრებულოს ახალ არჩევნებს გულისხმობს. სწორედ ამიტომ, “ნაციონალისტები” მოსახლეობას საკუთარი არჩევნების დასაცავად მოუწოდებენ. გაზეთი იმოწმებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის განმარტებას, რომ:




“უახლოეს დღეებში თბილისში მასობრივი გამოსვლები დაიწყება. პარტია აღარ დაკმაყოფილდება მხოლოდ საკრებულოს თემატიკით. პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლები და, ასევე, მეგობარი დეპუტატები მოითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. თუკი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს სახლში წავლა არ მოუნდებათ, ჩვენ მათ ალტერნატიულ წინადადებას შევთავაზებთ – შეიტანონ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილება, რომელიც ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობს”.
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და ლეიბორისტების პოზიციები სულ უფრო სცილდება ერთმანეთს. თუკი შალვა ნათელაშვილი “თავდაუსხმელობის პაქტს” არ ცნობს და მიხეილ სააკაშვილს შევარდნაძის მსახურად ნათლავს, “ნაციონალები” ჯერჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებენ, თუმცა, ალბათ, მცირე ხნით. ორივე გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დღეს საპირისპირო პოზიციაზე დგას: ნათელაშვილს ერთი მანდატის დაკარგვაც არ სურს მაშინ, როცა “ნაციონალების” მიზანი არჩევნების შედეგების მთლიანი და სრული რევიზიაა.
ერთი რამ კი მათ აშკარად აერთიანებთ: ორივე მხარე პრეზიდენტს და მის გარემოცვას უტევს. “ნაციონალებმა” შევარდნაძესთან ალიანსში ეროვნულ-დემოკტარიული პარტია და მათი ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია დაადანაშაულეს. ედპ-ს სარჩელი, დავით ბერძენიშვილის მტკიცებით, საკრებულოს ამოქმედების ვადის გადაწევის საბაბი გახდა.
“ნაციონალებს” ასევე არ სჯერათ ლადო ჭანტურიას უზენაესი სასამართლოსი, რომელიც, მათი აზრით, ამ ბოლო დროს ხელისუფლების, უფრო ზუსტად კი, შევარდნაძისა და ჯორბენაძის უშუალო დაკვეთის შემსრულებლად მოევლინა საზოგადოებას.
როგორც ზვიად ძიძიგურმა გაზეთ “ 24 საათს” განუცხადა, უკვე ისახება გეგმა მასობრივი გამოსვლებისა, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკოსების ამ გამოსვლებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. სამინისტროს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის პაატა გომელაურის თქმით, უწყებაში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველო, რომელიც, ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, სიტუაციიდას მიხედვით იმოქმედებს.



ვითარების დაძაბვისთვის კიდევ ერთ შესაძლო საბაბად 27 ივნისის “დილის გაზეთი” რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის ენერგეტიკული ომის გამოცხადებას ასახელებს. გაზეთის აზრით, ბუნებრივი აირის მოწოდება რუსეთის სახელმწიფოს ზეგავლენის უძლიერესი ბერკეტია, რომელსაც იგი უახლოეს მომავალში გამოიყენებს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად; თანაც შეეცდება ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს ყველაფრის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ აირის საფასურის გადაუხდელობაა და არა ნატოს წვრთნები საქართველოში. “დილის გაზეთი” წერს:



თვით ამ დავალიანებაზეც უნდა ითქვას ორიოდი სიტყვა: 5 წლის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ნარკომანივით ნემსზე სვამდა, რათა მოსახლეობა შესჩვეოდა შეუდარებელ კომფორტსა და სიიაფეს, რომელიც ბუნებრივ აირს ახლავს თან, რათა შემდგომ “ნარკოტიკის შეწყვეტას” მაქსიმალურად მტკივნეული და დამანგრეველი სოციალურ-პოლიტიკური შედეგი მოჰყოლოდა. მოსკოვმა მოახერხა და კრიტიკულ სიტუაციაში – ზამთრის პირას – ხელისუფლებას დავალიანება სახელმწიფო ვალად აღიარებინა. ამ ვალის რაოდენობა 50 მილიონ დოლარს აჭარბებს. ასეთ ვითარებაში უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თბილისი მიმდინარე ვალს გადაიხდიდა თუ არა: გაზის მოწოდების შეწყვეტის ფორმალური საბაბი ნებისმიერ შემთხვევაში არსებობდა.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთიდან ბუნებრივი აირის მოწოდება ზამთრამდე კიდევ ერთხელ აღდგება, მაგრამ სტრატეგიულად მოსკოვმა უკვე მიიღო სერიოზული გადაწყვეტილება ენერგეტიკული მარყუჟით მოახრჩოს საქართველო, სანამ აზერბაიჯანის გაზსადენი მოგვისწრებს.
XS
SM
MD
LG