Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთხელ – თამბაქოს მოწევა ამოკლებს სიცოცხლეს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მწეველთა რიცხვის ზრდის გამო, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგძლივობა მცირდება.

თამბაქოს წევით გამოწვეულ სიკვდილიანობას – ინფარქტს, ინსულტსა და სხვადასხვა სახის კიბოს – მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს.

გამოკვლევა 139 ქვეყანაში იქნა ჩატარებული მსოფლიო ბანკის მეცნიერებისა და ექიმების მიერ. გამოკვლევის წამყვანი სპეციალისტი პრაბჰატ ჯჰა ტელეფონით ესაუბრა ჩვენს რადიოს შვეიცარიიდან. მისი სიტყვით, აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში თამბაქოს წევასთან დაკავშირებულია შუახნის ადამიანთა სიკვდილიანობის 41 პროცენტი. შესაბამისი მაჩვენებელი დასავლეთის ქვეყნებისთვის 20 პროცენტია.
მსოფლიოს 15 წლის ასაკს აცილებული მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი მწეველია, მაგრამ მათი უმრავლესობა ღარიბ და განვითარებად ქვეყნებზე, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაზე მოდის.
ციფრებში ეს შემდეგნაირად გამოიხატება: მსოფლიში არის ერთი მილიარდი მწეველი, მათგან 800 ათასი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებშია.
ჯჰას თქმით, თამბაქოს წევა კვლავაც პოპულარულია აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში, თუმცა უმრავლესობამ იცის, რომ ეს ვნებს ჯანმრთელობას. ამ რეგიონში მამაკაცების 53 და ქალების 16 პროცენტი ეწევა. თანაც მწეველი ქალების რიცხვი შემაშფოთებელი სისწრაფით იზრდება.
კიდევ ერთი საშიში ნიშანი: გამოკვლევა აჩვენებს, რომ 1960-1995 წლებში მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მდიდარ ქვეყნებში –შეერთებულ შტატებში, კანადაში, ინგლისში –მწეველთა რიცხვის კლებასთან ერთად, განუწყვეტლივ იზრდებოდა,
აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში საწინააღმდეგო ტენდენციას აქვს ადგილი.
ჯჰას თქმით, ამ რეგიონთა მთავრობებს მართებთ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მოსახლეობისა და ეკონომიკის დასაცავად. გამოკვლევა აჩვენებს, რომ თამბაქოსთან დაკავშირებულ სტრატეგიას კარგი შედეგი მოაქვს. ამ სტრატეგიის ელემენტებია: სიგარეტების ფასის გაზრდა, სიგარეტების რეკლამის აკრძალვა, იმპორტულ სიგარეტებზე მაღალი ტარიფების დაწესება.
[ჯჰას ხმა]nc061859
“ჩვენი შეფასებით, მაგალითად, სიგარეტების ფასის 10 პროცენტით გაზრდა ამ რეგიონებში მომხმარებლთა რიცხვს 8 პროცენტით ამცირებს, განსაკუთრებით - ახალგაზრებსა და ღარიბებს შორის. და თანაც, ფასის ზრდა, შემოსავლის ზრდასაც იწვევს.”
ჯჰა ამბობს, რომ რეგიონში ასეთი პოლიტიკა სლოვენიამ გაატარა და კარგი შედეგებიც მიიღო. სავსებით აიკრძალა სიგარეტების რეკლამა და თამბაქოს წარმოებისთვის ხელის შეწყობა. შედეგად, მწეველთა რიცხვი სლოვენიაში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, დაბალია.
ჯჰას მოჰყავს ასეთი სტატისტიკა: მე-20 საუკუნეში თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებისგან 100 მილიონი ადამიანი მოკვდა, მათი უმრავლესობა -დასავლეთის ქვეყნებში.
წევის დღევანდელი მოდელის გათვალისწინებით კი, 21-ე საუკუნეში ამავე მიზეზით ერთი მილიარდი ადამიანის სიკვდილია მოსალოდნელი, უმეტესად -განვითარებად ქვეყნებში.
თამბაქოს წევას უზარმაზარი გავლენა აქვს ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ეკონომიკასა და ცხოვრების ხარისხზე.
“ცოტას თუ გავაზვიადებთ, შეიძლება ითქვას, რომ თამბაქო აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის ერთგვარი შიდსია,”- ამბობს პრაბჰატ ჯჰა.

თავს ნურავინ დაიმშვიდებს იმით, რომ ცოტას ეწევა და ჩვენი მონათხრობი მას არ ეხება.

სტატიაში, რომელიც “ამერიკის კარდიოლოგიური კოლეჯის ჟურნალშია” გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ კარდიოვაკულარული დაავადების საფრთხე თანაბარია დღეში ორი კოლოფის მწეველისა და იმისთვის, ვინც დღეში მხოლოდ სამ სიგარეტს აბოლებს.
XS
SM
MD
LG