Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში გაეროს მისიას გაუქმება ემუქრება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კვირას 30 ივნისს დამთვარდა ბოსნიაში გაეროს სამშვიდობო ძალების მისიის მანდატი. შეერთებულმა შტატებმა კი მის ექვსი თვით გაგრძელებას ვეტო დაადო. მიზეზი:

უშიშროების საბჭომ უარი განაცხადა სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში მყოფი ამერიკელი მოქალაქეებისთვის იმუნიტეტის მიცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალში, რომელიც პირველ ივლისს გაიხსნა ჰააგაში.

შეერთებული შტატები დათანხმდა ევროპელების თხოვნაზე, სამი დღით გააგრძელოს მისიის მოქმედების ვადა. ამან შვა სუსტი იმედები, რომ ხუთშაბათამდე კომპრომისი იქნება გამოძებნილი.

ანალიტიკოსებისა და დიპლომატების აზრით, ამერიკელების გასვლას ბოსნიის სამშვიდობო მისიიდან შეიძლება კატასტროფული გავლენა ექნეს არა მარტო ბოსნიაზე, არამედ მეზობელ კოსოვოზეც.

გარდა იმისა, რომ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანა მისიის პოლიტიკურ მნიშვნელობას შეასუსტებს, ეს იქონიებს გავლენას კომუნიკაციების, სადაზვერვო და ლოგისტიკური სამსახურების მუშაობაზე.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, ეხება ვეტო მხოლოდ მცირერიცხოვან საერთაშორისო პოლიციას ბოსნიაში, თუ აგრეთვე ნატოს მეთაურობით მოქმედ მასტაბილიზბელ ძალებს – “სფორს” – რომელიც 18 ათას ჯარისკაცს ითვლის. გაეროს იურიდიული მრჩეველი ჰანს კორელი ფიქრობს, რომ ამერიკელების ნაბიჯს სამხედრო მისიის გაუქმებაც მოჰყვება.

ბალკანეთში ევროკავშირის ყოფილმა საგანგებო წარგზავნილმა კარლ ბილდტმა BBC-თვის ორშაბათს მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ის შიშობს, რომ ამერიკელები გულისხმობენ როგორც პოლიციას, ისე “სფორს”. ამას კი ძალიან სერიოზუოი გავლენა ექნება “კფორზე” – კოსოვოში დისლოცირებულ სამშვიდობო ძალებზე, რომელთაც ნატო მეთაურობს. “კფორში” 36 ათასი ჯარისკაცი მსახურობს და მისი იურიდიული ბაზა ზუსტად ისეთივეა, როგორც ბოსნიაში მომსახურე “სფორისა”, თქვა ბილდტმა.

გასულ კვირაში ნატომ განაცხადა, რომ თუ ბოსნიასა და კოსოვოში სამშვიდობო მისიებს რამე დაემუქრება, არ არსებობს ამერიკელების გარეშე მოქმედების საგანგებო გეგმა.

რაც შეეხება ბოსნიაში პოლიციის მისიას, მისი დახურვის თაობაზე ამერიკელების მუქარაში ეჭვი არავის ეპარება. სარაევოში ამ მისიის პრესმდივანმა სტეფო ლეჰმანმა თქვა, რომ თუ სამ დღეში საკითხი არ მოგვარედბა, ოთხშაბათს ოპერაცია ჩაიშლება.

“ჩვენ ვაპირებდით 6 თვის განმავლობში პოლიციის ოფიცრების და ადმინისტრაციის მუშაკების სერტიფიცირებას და საერთოდ ქვეყანაში პოლიციის რეფორმირების დამთავრებას… ახლა ეს ამოცანები შუა გზაზე მიტოვებული დარჩება და უარყოფით გავლენას იქონიებს სამშვიდობო პროცესზეო”.

ოტქომბერში ბოსნიაში საყოველთაო არჩევნები ტარდება და მასზე მეთვალყურებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

შეერთებული შტატების მტკიცე პოზიციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალში მისი მოქალაქეებისთვის იმუნიტეტის მინიჭების საკითხში აღაშფოთა ბევრი, მათ შორის ვაშინგტონის მოკავშირეები. მათი სიტყვით, უშიშროების საბჭოში, რომლის რეზოლუციებს იურიდიული ძალა აქვთ, ვეტოს გამოყენება არის საერთაშორისო ტრიბუნალის თაობაზე ხელშეკრულების პირობების შეცვლის მცდელობა, ხელშეკრულებისა, რომელსაც 138-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი და 74-ში უკვე იქნა რატიფიცირებული.

ტრიბუნალი გაასამართლებს სახელმწიფოს ხელმძღვანელებს და ომის დამნაშავეებს სერიოზული ბოროტმოქმედებებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტმოქმედება.

2000 წლის დეკემბერში კლინტონის ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, მაგრამ ბუშის ადმინიტრაციამ ის უარყო ამა წლის მაისში.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ამერიკელი მშვიდობისდამცველების საერთაშორისო ტრიბუნალში მოხვედრის შანსი უმნიშვნელოა. გაეროს 15 სამშვიდობო მისიაში მონაწილეობს სულ 677 ამერიკელი პოლიციელი და 34 სამხედრო მეთვალყურე. გაეროს მიერ დამტკიცებულ მისიებში მომსახურე ამერიკელ სამხედროებს კი ადგილობრივი ხელისუფლებისგან უკვე აქვთ მიღებული იმუნიტეტი, რომლის მიხედვით მათი არც დაპატიმრება და არც გასამართლება არ შეიძლება.

მაგრამ ბუშის ადმინისტრაცია მაინც მოითხოვს სრულიად გარკვეულ იმუნიტეტს სისხლის სამართლის საერთშორისო ტრიბუნალში ყველა დღევანდელი და ყოფილი ამერიკელი მოქალაქისთვის.
XS
SM
MD
LG