Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცქიტიშვილი - NBA-ში, ჟორდანია - სასამართლოში


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ქართული კალათბურთის ბოლო და მეტნაკლებლად მნიშვნელოვანი

გამარჯვებები საბჭოთა პერიოდს და იმდროინდელ თბილისის “დინამოს” უკავშირდება. მას შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენს გუნდებს, საკლუბო თუ სანაკრებო ტურნირებში, თავმოსაწონი ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. უახლოესი წლების პერსპექტივაც ერთობ ბუნდოვანი ჩანს, მით უმეტეს, ჩვენში შექმნილი ყოვლად გაუმართლებელი და გაუგებარი გულგრილობის ვითარებაში, როცა, მაგალითად, წლევანდელი ბიუჯეტის განაწილებისას, კალათბურთი საერთოდ არ გაუთვალისწინებიათ, კლუბების უმეტესობა კი ელემენტარულ პირობებს მოკლებული და ბედის ანაბარად მიტოვებულია.

ამიტომაც არის, რომ ნიჭიერ და პერსპექტიულ კალათბურთელებს თვალი უცხოეთისკენ უჭირავთ, უმთავრესად ევროპის გუნდებში მიდიან და ადგილსაც იმკვიდრებენ. ეგ კი არა, ამ ოთხი წლის წინათ ვლადიმერ სტეფანიამ ამერიკელთა ყურადღებაც მიიპყრო და ქართველთაგან პირველმა შეაბიჯა კალათბურთის სამოთხედ წოდებულ ეროვნულ საკალთბურთო ასოციაციაში.

ახლახან NBA-ს რიგებს კიდევ ერთი ქართველი შეემატა. ეს გახლავთ იტალიის წლევანდელი ჩემპიონის, ტრევიზოს “ბენეტონის” თავდამსხმელი ნიკა ცქიტიშვილი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დრაფტი, ანუ “ღია კარის დღე” ნიუ იორკის სახელგანთქმულ “მედისონ სკვერ გარდენში” 20 ათასი მაყურებლის თანდასწრებით შედგა, შოუს ტელერეპორტაჟს კი თვალს ადევნებდა მთელი მსოფლიოს საკალათბურთო სამყარო. სადრაფტო სიაში მეხუთე ნომრად შეყვანილი ცქიტიშვილი “დენვერ ნაგიტსის” საკუთრება გახდა, გუნდისა, რომელიც NBA-ში 1976 წლიდან გამოდის და, მართალია, აქამდე მაღალი შედეგისთვის არ მიუღწევია, მაგრამ სერიოზული სამომავლო გეგმები და ახალწვეულების იმედი აქვს. დენვერელთა გენერალური მენეჯერი კიკი ვანდერვეიჯი, რომელსაც განსაკუთრებით სწორედ ქართველი კალათბურთელი ეიმედება, ამბობს: “ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ცქიტიშვილი გუნდის ლიდერად მოგვევლინება. იშვიათი მონაცემების სპორტსმენია და სწორად მოვიქეცით, როცა ცდუნებას ვძლიეთ და უფრო გამოცდილი კალათბურთელის ნაცვლად არჩევანი ცქიტიშვილზე შევაჩერეთ.”

თავად ნიკა ცქიტიშვილის პირველი კომენტარი ასეთი იყო: “მოხარული ვარ, რომ “დენვერმა” ამირჩია. მოედანზე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ამიერიდან გაცილებით მეტი მომეთხოვება. ევროპულთან შედარებით, ამერიკულ კალათბურთში მეტი ყურადღება ექცევა პერსონალურ დაცვას და ძალისმიერ თამაშს. მინდა, რაც შეიძლება ჩქარა ჩავიდე დენვერში, გავიცნო თანაგუნდელები და იქაური ხალხი.”

ნიკა ცქიტიშვილი დაიბადა სოხუმში 1983 წლის 14 აპრილს. სიმაღლე - 212 სანტიმეტრი, წონა - 102 კილოგრამი. ვარჯიში დაიწყო თბილისის 58-ე საკალათბურთო სკოლაში, თამაშობდა სოხუმელი კალათბურთელებით დაკომპლექტებულ “კოლხაში”, 17 წლისა მიიწვიეს სლოვენიის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ “სლოვანში”, 2001-2002 წლების სეზონი კი “ბენეტონში” გაატარა და, როგოც ზემოთ ითქვა, გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა. აი, რას წერს იტალიის ერთი გაზეთი: “ცქიტიშვილი უდიდესი პოტენციალის კალათბურთელია - ფიზიკურად ძლიერი და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული. თუ მის აღნაგობას, გონებაგახსნილობას და შორიდან ტყორცნის სიზუსტეს გავითვალისწინებთ, ცქიტიშვილს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ადგილის პოვნა არ უნდა გაუჭირდეს.” სამაგიეროდ, გაუჭირდება საქართველოს ნაკრებს, რომელიც თავის ერთ-ერთ ლიდერს მოისაკლისებს. ასე იყო სტეფანიას შემთხვევაში, ასე იქნება ახლაც: სამწუხაროდ, NBA იშვიათად ითვალისწინებს ეროვნული ნაკრები გუნდების ინტერესებს.

კალათბურთისგან განსხვავებით, ფეხბურთში სხვა ვითარებაა: ფიფა-სა და უეფა-ს დადგენილებით, საფეხბურთო კლუბები, განსაზღვრული კვოტის ფარგლებში, ვალდებულნი არიან, გაათავისუფლონ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები. ასე რომ, როცა საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობა მოისურვებს, სანაკრებო მატჩებზე ევროპაში მოთამაშე ნებისმიერ ფეხბურთელს გამოიხმობს. სხვა საქმეა, რა პოზიციას დაიკავებენ თავად ფეხბურთელები. მაგალითად, კვლავ ძალაშია იტალიის “მილანის” მცველის კახა კალაძის ულტიმატუმი. ვიდრე მისი უმცროსი ძმა ტყვეობიდან არ გათავისუფლდება, კახა ნაკრებში თამაშს არ აპირებს. არადა, შემოდგომაზე საქართველოს ნაკრებს ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი და უმნიშვნელოვანესი მატჩები მოელის: 7 სექტემბერს შვეიცარიასთან, ხოლო 12 სექტემბერს – რუსეთთან. საბოლოოდ გაირკვა, რომ უფრო ადრე, 21 აგვისტოს, ქართველები ბოლო საკონტროლო შეხვედრას ტალინში, ესტონეთის გუნდთან გამართავენ.

სამაგიეროდ, შეიძლება ჩიშალოს 24 აგვისტოს გასამართი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა. დავთრები მას შემდეგ აირია, რაც ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე პრეზიდენტობის კანდიდატები და დელეგატთა სია დაამტკიცეს, აღმასკომის რამდენიმე წევრი კი, ადრინდელ სხდომებზე გამოუცხადებლობის გამო, აღმასკომიდან დაითხოვეს. მოკვეთილთა შორის აღმოჩნდნენ ცნობილი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები: დავით გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე და თემურ ჭყონია. ამას მოჰყვა პრეზიდენტობის კანდიდატების, ვაჟა ჩხაიძისა და დავით პეტრიაშვილის ხმაურიანი პრესკონფერენციები.

ჩხაიძემ ფედერაციის აღმასკომს ხუთგვერდიანი საჩივარი წარუდგინა და წესდების იგნორირებაში დაადანაშაულა. მერაბ ჟორდანიას მთავარმა კონკურენტმა დავით პეტრიაშვილმა კი ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოში. მისი განცხადებით, აღმასკომმა უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როცა დელეგატის მანდატი არასაფეხბურთო ორგანიზაციებს გამოუყო, ბავშვთა ფეხბურთის წარმომადგენლები კი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა. ფედერაციამ საარჩევნო ხმა აღმასკომის წევრებსაც დაუკანონა და ამით, როგორც ირკვევა, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41-ე მუხლი. ფედერაციის ხელმძღვანელობა ბრალდებებს უარყოფს და უკვე მიღებულ გადაწყვეტილებათა გადასინჯვას არ აპირებს. ამ ხმაურსა და აურზაურში, სამწუხაროდ, აღარავის ახსოვს თავად ფეხბურთი და მისი პრობლემები. ფეხბურთი, თურმე, მოიცდის – დღეს მთავარი ყოფილა ძალის დემონსტრირება და არჩევნებში გამარჯვება. საეჭვოა, ქართულ ფეხბურთს ამით რამე ეშველოს.
XS
SM
MD
LG