Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუსეთის გამწვავებული ურთიერთობების ეტაპობრივი შედეგები


ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კვლავ დაძაბულობა შეინიშნება. პანკისის ხეობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სპეციალური ოპერაციის დაწყების მოთხოვნასთან ერთად,

მოსკოვი აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობას უპრობლემოდ ანიჭებს. თბილისში ამას ანექსია უწოდეს, მოსკოვი კი ამ ფაქტის ოფიციალურ შეფასებას თავს არიდებს. საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით მხოლოდ პროტესტის გამოთქმას ახერხებს, ისიც, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით.

ამ დღეებში თბილისში მაღალი რანგის 2 რუსი ჩინოვნიკის ვიზიტი შედგა. ბორის პასტუხოვი რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების პირობების შეთანხმებას, ხოლო ვლადიმირ რუშაილო პანკისის ხეობაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციის განხორციელებაზე თბილისის დაყოლიებას ცდილობდა. ამ ორიდან გაცილებით შედეგიანი ბორის პასტუხოვის ვიზიტი აღმოჩნდა, თუმცა მასაც მოუხდა იმ უსიამოვნო შეფასებების მოსმენა, რისი ინიცირებაც მის ჩამოსვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა მოახდინა. შევარდნაძემ ანექსია უწოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესის დაკანონებას.

ასეთი პოზიციის წყალობით, საქართველომ გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. კერძოდ, უარით იქნა გასტუმრებული რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმირ რუშაილო და მას პირობის დადებაც დასჭირდა, რომ „ფარული ანექსიის“ პრობლემის დღის წესრიგიდან მოსახსნელად ყველაფერს გააკეთებდა. ბორის პასტუხოვთან მიღწეული შეთანხმებები კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ კახა სიხარულიძეს ასეთი განცხადების საფუძველს აძლევს:

[სიხარულიძის ხმა] „ჩვენ ძალიან სერიოზულად წავიწიეთ წინ, ძალიან სერიოზულად. როდესაც ჩარჩო ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნება და, მითუმეტეს, ის იქნება ორივე ქვეყნის პარლამენტებში რატიფიცირებული, ჩვენს ურთიერთობებში უკვე იქნება დიდი იურიდიული საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ბევრ ადამიანს რუსეთის ფედერაციაში, ელემენტარულად, იურიდიულ სამართლებრივ დონეზე შეუშლის ხელს, გაუგებარი, არალოგიკური და დესტრუქციული იყოს საქართველოსთან მიმართებაში.“

სანამ ჩარჩო ხელშეკრულება მომზადდება და მას ხელი მოეწერება, მანამდე შეიძლება აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მთლიანად რუსეთის მოქალაქეებით დასახლებული აღმოჩნდეს. ამიტომ საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოთქმული პროტესტით ცდილობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ფარული ანექსია შეაჩეროს.

„ეუთოს“ საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მკაცრი გამოსვლის შემდეგ საკითხის განხილვა ევროპის საბჭოშიც შედგა. 11 ივლისს ევროპის საბჭოში მინისტრთა მოადგილეების სხდომა გაიმართა, რომელზეც, ეგრეთ წოდებული, აფხაზეთის პასპორტიზაციის საკითხი განიხილეს. მინისტრთა მოადგილეები მინისტრთა კომიტეტის სხდომებს ამზადებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის საკითხი კომიტეტის მსჯელობის საგანიც გახდება. მოადგილეების წინაშე საქართველოს ელჩმა ლანა ღოღობერიძემ თავისი პოზიციის გასამყარებლად რამდენიმე ძირითადი არგუმენტი მოიშველია. კერძოდ კი:

საქართველო არ ერევა რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეებში, მის საემიგრაციო პოლიტიკაში, მაგრამ რამდენადაც თავად ეს პოლიტიკა ეხება ჩვენი ქვეყნის კონფლიქტური რეგიონების მოქალაქეებს, საქართველო იძულებულია, თავისი პოზიცია დაიცვას. ლანა ღოღობერიძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაცხოვრებელნი არ არიან აპატრიდები. ისინი ავტომატურად ითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად. ეს ნათქვამია საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის პირველი თავის მესამე მუხლში. და რადგან საქართველოს კონსტიტუცია ორმაგი მოქალაქეობის საშუალებას არ იძლევა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება თავად რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის უხეში დარღვევაა.

გარდა ამისა, რუსეთი უშუალო მონაწილეა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესისა და შუამავლის ფუნქციას ასრულებს, სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობისათვის მოქალაქეობის მინიჭებით კი ის არათუ შუამავლის ფუნქციას კარგავს, არამედ კონფლიქტში დაინტერესებული მხარის სტატუსს ოფიციალურადაც იძენს.

არის კიდევ ერთი მთავარი არგუმენტი, რომლის გამოც საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისგან რუსეთზე ზემოქმედებას მოითხოვს. კახა სიხარულიძის თქმით:

[სიხარულიძის ხმა] „ახლო მომავალში აფხაზეთის ტერიტორიაზე აღდგება საქართველოს იურისდიქცია, მაშინ უკანონოდ იქ ვინც მიიღებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას, აღმოჩნდება უკანონოდ რუსეთის მოქალაქე და ამას, არა მგონია, კარგი შედეგები მოჰყვეს. იმდენად, რამდენადაც, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა აღდგება ქვეყნის, უფრო მეტი საშუალება ექნებათ მათ, შეეწინააღმდეგონ ქვეყნის კანონმდებლობას და ეს გამოიწვევს კიდევ ერთხელ დესტაბილიზაციას.“[სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ რუსეთი მოქალაქეობის სურვილზე უარს ეუბნება იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში წლების მანძილზე ცხოვრობენ და მუშაობენ. არც „თურქი მესხების“ მიმართ გამოუჩენია დიდი გულისხმიერება და დევნილი მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნას ყურადღებასაც არ აქცევს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ თუ მოსკოვი შეწყვეტს იმგვარ მოქმედებას, რომელსაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ჩიხში შეჰყავს, თუ შეწყვეტს დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და პრეტენზიებს და, ამასთანავე, გამოავლენს შესაბამის პოლიტიკურ ნებას, მაშინ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამოსწორება ერთი დღის საქმეა.
XS
SM
MD
LG