Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურთიერთბრალდების კარუსელმა მთავრობაში გადაინაცვლა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებულმა სკანდალმა საკანონმდებლო ხელისუფლებიდან კანცელარიის კედლებში გადაინაცვლა.

პარლამენტში 4 თვის ბიუჯეტის შედეგების განხილვის შემდეგ გვარიანად გაბრაზებული სახელმწიფო მინისტრი მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს დაერია და მათ პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდა. ავთანდილ ჯორბენაძეს არც ძალოვანების პასუხისმგებლობა დავიწყებია და მთავრობის სხდომაზე მათ მიმართ მკვახე განცხადებების გაკეთებასაც გეგმავდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალოვანებს თავისი მფარველი კალთა პრეზიდენტმა გადააფარა, რითაც სახელმწიფო მინისტრის შემართება ოდნავ გაანელა. თუმცა ამით ბიუჯეტის შესახებ კანონის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, მითუმეტეს, როდესაც მთავრობამ ივნისის პარამეტრების დაცვაც ვერ მოახერხა, რითაც ისედაც შთამბეჭდავ გარღვევას კიდევ წაუმატა რამდენიმე მილიონი ლარი. წინა ფინანსთა მინისტრების მიერ დაწყებული ეს ტრადიცია მირიან გოგიაშვილმა ”წარმატებით” გააგრძელა.
საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 11 მილიონ 600 ათასი ლარით გაირღვა.
განვლილ თვეში, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 78 მილიონ 200 ლარისა, ფაქტობრივად, მობილიზებულ იქნა 66 მილიონ 42 ათასი ლარი, საიდანაც 6 მილიონ 580 ათასი ლარი გრანტებზე მოდის, ხოლო 5 მილიონ 200 ლარი - საკუთარი შემოსავლების წყაროებზე, მათ შორის, აჭარიდან მიუღებელი თანხების ჩათვლით.
ამასთან, საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის თქმით, მიმდინარე წლის არც ერთ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გეგმა არ შესრულებულა და განვლილ 6 თვეში პარამეტრები მხოლოდ 86,3 პროცენტით იქნა დაცული, რის შედეგადაც, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გარღვევამ 62 მილიონ 890 ათასი ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გეგმა 457 მილიონ 420 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 394 მილიონ 530 ათასი ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 928 მილიონ 600 ათასი ლარით არის განსაზღვრული, ხოლო ხარჯვითი ნაწილი - მილიარდ 148 მილიონ 26 მილიონი ლარით.
საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის ხარჯებმა 492 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ წლიური გეგმის 42,8 პროცენტი, ამდენად, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში დაფიქსირებული აღნიშნული გარღვევის გამო, ეჭვქვეშ დგება წლის ბოლომდე ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების სრულად დაფინანსება, რაც, შესაძლოა, უკვე მერამდენედ, ბიუჯეტის სეკვესტრის მიზეზი გახდეს. ყოველივე ეს, სუსტ ადმინისტრირებასთან ერთად, ბიუჯეტის არათანმიმდევრული დაგეგმვითაც არის განპირობებული. ფინანსთა სამინისტროში ვერა და ვერ ისწავლეს რეალური ბიუჯეტის დაგეგმვა, თუმცა ამ პროცესში ლომის წილი იმ ლობისტებსაც მიუძღვით, რომლებიც საბიუჯეტო განხილვების წინ პარლამენტში ნამდვილ ვაჭრობას ეწევიან და მათთვის სასურველი დარგისა თუ რეგიონისათვის თანხების წამატებით არიან დაკავებულნი. ამასთან, წლის დასაწყისში ბიუჯეტის პარამეტრები ხელოვნურად იქნა შემცირებული. გარდა ამისა, ხელისუფლებას 25 მილიონი ლარის დამატებით მობილიზების პირობაც აქვს მიცემული სავალუტო ფონდისათვის, რისი შესრულებისაც უკვე, ფაქტობრივად, აღარავის სჯერა.
ამასთან, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი პრობლემატურად მიიჩნევს მიმდინარე წლის დარჩენილ 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმის შესრულებას, ადმინისტრირების მკვეთრი გაუმჯობესების გარეშე, რადგან გეგმის შესასრულებლად, მხოლოდ საკუთარი შემოსავლების სახით, ყოველთვიურად 76 მილიონ 400 ათასი ლარის მობილიზება უნდა განხორციელდეს, რაც, მისი თქმით, საეჭვოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ წლის პირველ ნახევარში ყოველთვიურად, საშუალოდ, მხოლოდ 65 მილიონ 500 ათასი ლარის მობილიზება მოხერხდა.

საბიუჯეტო პრობლემების დაძლევას ხელისუფლება, ტრადიციულად, თათბირებით და პასუხისმგებლობის გადაბარებით ცდილობს. თუმცა შიგადაშიგ გამოჩნდება ხოლმე სხვადასხვა ტიპის წინადადებებიც, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უყურადღებოდ რჩება. ცოტა ხნის წინ სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ გიორგი ისაკაძემ მთავრობას წარუდგინა კონტროლის პალატის წინადადებებისა და რეკომენდაციების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია.
ისაკაძე ფიქრობს, რომ მთავრობა შეუდგა სტრუქტურულ რეორგანიზაციას. კერძოდ, გაერთიანდნენ ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროები, დაწყებულია ფისკალური უწყებების ინსტიტუციონალური რეფორმა. ორი უწყების გაერთიანებას ჯერჯერობით რაიმე სახიერი შედეგი არ მოჰყოლია, რაც შეეხება ფისკალურ რეფორმას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ექსპერტები უკვე სკეპტიკურად ეკიდებიან, რადგან, რეფორმის შედეგად, არც ადმინისტრირება გაუმჯობესებულა და არც კორუფციის დონე შემცირებულა საგადასახადო უწყებებში.
ისაკაძის ინფორმაციით, მთავრობამ შეიმუშავა და პარლამენტს განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ”.
ხელისუფლება შეეცდება, ასევე, გამიჯნოს უფლებამოსილებანი ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტებს შორის, რათა მკაფიოდ განისაზღვროს ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლები, რაც ადგილობრივი მმართველობისა და თვითმართველობის გამყარებას გამოიწვევს და სტიმული იქნება ქვეყნის რეგიონების განვითარებისთვის.

საბიუჯეტო მოწყობა, მართლაც, სერიოზული გადასახედია, მაგრამ, საკანონმდებლო რეგულირების გარდა, ამ პროცესს, პირველ რიგში, აკლია პოლიტიკური ნება, რაც, სამწუხაროდ, მთავრობას ჯერჯერობით არ გამოუხატავს.
XS
SM
MD
LG