Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე საერთაშორისო ჯაზფესტივალი ერთი


მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე საერთაშორისო ჯაზფესტივალი ერთი

კვირის წინ დაიხურა, თბილისი თითქოს კვლავაც იმ სიამოვნებით ცხოვრობს, რომელიც ტანია მარიას, ბობ მინცერისა და ელ ჯეროს კონცერტებზე მიიღო. თუმცა მთელი თბილისი არა, რა თქმა უნდა... ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი და კლუბი “ჯოი”, სადაც ფესტივალის კონცერტები გაიმართა, პირველ რიგში, იმ მაყურებელმა შეავსო, რომელიც ზაფხულის სეზონში ქალაქგარეთ, თავის აგარეკებზე, ისვენებს, ე.ი. მაყურებელმა, რომელსაც არ ჰქონდა პრობლემა შეეძინა 50 და 80 ლარიანი ბილეთები, რათა ჯაზის ყველა ვარსკვლავისთვის მოესმინა და კლუბ “ჯოის” ელიტარულ საღამოებსაც დასწრებოდა – პარლამენტარებმა, პოლიტიკოსებმა, ბიზნესმენებმა, შოუბიზნესის ვარსკვლავებმა, თავიანთი შვილებითა და შვილიშვილებით. როგორც ამბობენ, ეს ადამიანები სწორედ ჯაზფესტივალის დასრულებას ელოდნენ, რათა ივლისის სიცხისგან ეხსნათ თავი. თუმცა მათ გაუმართლათ: ჯაზფესტივალის მსვლელობისას დედაქალაქში უჩვეულოდ გრილოდა. იმასაც ამბობენ, რომ კოკისპირულმა წვიმამ, აშკარად, იმოქმედა დენის როლინსის კონცერტზე, რომელიც კლუბ “ჯოიში” ჩატარდა. “ამბობენ-მეთქი,” იმიტომ ვამბობ, რომ “ჯოიში” გამართულ საღამოებზე, დენის როლინსისა და საქსაფონისტ პი ვი ელისის კონცერტებზე, პირადად მე ვერ მოვხვდი – ფესტივალის აკრედიტაცია ჟურნალისტების ამ კონცერტებზე დასწრებას არ ითვალისწინებდა ერთი უბრალო მიზეზით – “ჯოი” ყველას ვერ დაიტევდა, ეს მუსიკა მხოლოდ რჩეულებს უნდა მოესმინათ.

საქართველოში დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომელიც ჯაზის, როგორც ხელოვნების, “ელიტარულობას” გულისხმობს, როგორც ჩანს, დაუძლეველი რჩება. ფესტივალის ორგანიზატორებს კი თავის გამართლება შეუძლიათ: ჯაზის ვარსკვლავები მთელ მსოფლიოში უკრავენ “ჯოის” მაგვარ კლუბებში, თანაც მეექვსე ფესტივალის ვადები საკმაოდ შეზღუდული იყო, ამიტომ სტუმრები, უბრალოდ, ვერ მოასწრებდნენ კონცერტების გამართვას მხოლოდ ფილარმონიაში. თუმცა რატომღაც მგონია, ორგანიზატორები არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ დენის როლინსისა და პი ვი ელისის კონცერტებზე ფილარმონიის დარბაზი ბოლომდე შეივსებოდა. მაგრამ წლევანდელი ფესტივალის წარმატებამ იმდენად გადააჭარბა მოლოდინს, ქართველი მსმენელი იმდენად მგრძნობიარე აღმოჩნდა ჯაზის ნიუანსების მიმართ, არ არის გამორიცხული მომავალმა ფესტივალმა უფრო მასობრივი ხასიათი მიიღოს, არ არის გამორიცხული, რომ ორგანიზატორებმაც დაიჯერონ, რომ ჯაზი საქართველოში აღარ არის "ელიტარული ხელოვნება".

ჯაზის მოყვარულები ამაში დარწმუნდებოდნენ, თუ ყურადღებით დააკვირდებოდნენ დარბაზს ფილარმონიაში, ბობ მინცერის კონცერტზე. დაინახავდნენ, რაოდენ ზუსტი და დროული იყო თითქმის სრულიად გავსებული დარბაზის რეაქციები მინცერის არცთუ ისე “ადვილად მოსასმენ” მუსიკაზე. თავად მინცერი კი, თანამედროვეობის უდიდესი საქსოფონისტი, “გრემის” მფლობელი, არა მარტო გივი გაჩეჩილაძის ბიგ-ბენდის პროფესიონალიზმში დარწმუნდებოდა (გაგახსენებთ, რომ მინცერმა ქართველი მუსიკოსები ჯერ კიდევ ათი წლის წინ გაიცნო დანიაში, “ბიგ-ბენდის” ჩანაწერი მოისმინა და ქართულ ორკესტრთან ერთად კონცერტის ჩატარებაზე დათანხმდა), აღფრთოვანდებოდა ჩვენი მსმენელითაც, რომელსაც, თავის მხრივ, გაჩეჩილაძის ბიგ-ბენდი ეხმარებოდა; როცა მინცერი უკრავდა, სცენაზე მსხდომი ქართველი მუსიკოსები ტაშს სწორედ ამერიკელი საქსოფონისტის ვირტუოზულ “ჩახვევებზე” უკრავდნენ ხოლმე... დარბაზსა და მუსიკოსებს შორის დამყარდა ის კონტაქტი, რომელიც ნაკლებად იგრძნობოდა ტანია მარიას კონცერტზე, კონტაქტი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჯაზი ქმნის. განსაკუთრებით “ავარდა” დარბაზი, როცა მინცერმა თბილისის ბენდის საქსოფონისტ კახა ჯაგაშვილთან გამართა პაექრობა. ეს იყო ორი, აბსოლუტურად თანასწორი, მუსიკოსის დუეტი, რომელმაც მსმენელს, გარკვეული თვალსაზრისით, გულიც მოაფხანინა: “რითი ვართ, ვითომ, ამერიკელებზე ნაკლები?”

ამ კონცერტის პოლიტიკური მნიშვნელობა თავიდანვე წარმოჩნდა, როცა დარბაზს ამერიკის ელჩმა მიმართა სიტყვით. თავდაპირველად ელოდნენ, რომ მინცერის კონცერტს დაესწრებოდნენ ამერიკელი რეინჯერებიც, მაგრამ სახელმწიფო ტელევიზიით აგვიხსნეს, რომ ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ჯორჯ ბუშმა გამოსცა სპეციალური დადგენილება, რომლის მიხედვით, ამერიკელ ინსტრუქტორებს აეკრძალათ ასეთი ტიპის ღონისძიებებზე დასწრება. შესაძლოა, უსაფრთხოების მიზნითაც... თუმცა მინცერის კონცერტზე უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებზე არავის უფიქრია... და არც იყო საჭირო. საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად ორგანიზატორთა მოლოდინისა, კონცერტზე არ მოვიდა. საღამო კი ყველაზე “არაელიტარული” გამოდგა მთელ ფესტივალზე, საღამო, სადაც პოლიტიკური კონიუქტურა ბობ მინცერის შესანიშნავმა ხელოვნებამ დაჩრდილა. [ხმა: ბობ მინცერი]

ტანია მარიასა და ბობ მინცერის კონცერტებისგან განსხვავებით, ელ ჯეროს საღამოზე ბილეთი 80 ლარი ღირდა. ბილეთის სიძვირე კი დარბაზს დაეტყო: ფილარმონია ბოლომდე გაივსო, მაგრამ ეს იყო უკვე ნამდვილად “ძალიან ელიტარული” დარბაზი. იმ საღამოს, წვიმაში, სრულიად ამაოდ აიტუზნენ ფილარმონიასთან ელ ჯეროს ის ფანები, რომლებიც უბილეთოდ აპირებდნენ დარბაზში შეღწევას. კონტროლი ძალიან გამკაცრდა, თავად ელ ჯერომ კი ოპერატორებს გადაღება აუკრძალა. ამიტომაც სწორედ ამ კონცერტმა დამწყვიტა ყველაზე მეტად გული – როცა ეს უნიკალური ვოკალისტი, 5 “გრემის” მფლობელი, თანაც სამ კატეგორიაში (ჯაზში, პოპსა და რიტმ-ენდ-ბლიუზში), იმპროვიზაციას მიმართავდა, როცა ხმას მუსიკალურ ინსტრუმენტად აქცევდა, მისთვის ჩვეული, სრულიად განსაკუთრებული პლასტიკის დემონსტრირებას ახდენდა, ცხადია, გული დაგწყდებოდა, რომ ყველაფერ ამას ვერ ხედავენ შენი ახლობლები. ბევრმა მათგანმა ბილეთის სიძვირის გამო გააპროტესტა კონცერტი და თავი დაიმშვიდა “ელ ჯეროს ფირფიტაზეც მოვუსმენო”. როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ ამ მუსიკოსის ყოველი გამოსვლა, თუნდაც ნაცნობი სიმღერის შესრულება (ელ ჯერომ კი იმ საღამოს თითქმის ყველა პოპულარული სიმღერა შეასრულა თავისი აქამდე გამოშვებული 25 ალბომიდან), ამ მუსიკოსის ყოველი ჟესტი თითქმის არასდროს არ არის ერთნაირი. იმ ადამიანებისთვის, ვინც ზეპირად იცის ელ ჯეროს სიმღერები, ასეთი მოულოდნელი იმპროვიზაცია კიდევ ერთი, “დამატებითი სიამოვნება” აღმოჩნდა. მეექვსე ფესტივალზე სწორედ ელ ჯეროს კონცერტზე წარმოჩნდა ყველაზე უკეთ “ცოცხალი შესრულების” ეფექტი, რომელიც ოთხმოც ლარს ნამდვილად იმსახურებდა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ელ ჯეროს ექსცენტრიკას, რომელიც თბილისში ჩატარებულ კონცერტზე ვიხილეთ, მუსიკის ზოგიერთმა მოყვარულმა, შესაძლებელია, ამ ვოკალისტის ჩანაწერების მოსმენა არჩიოს. [ხმა: ელ ჯერო]

თბილისში გამართულ ელ ჯეროს კონცერტზე პირადად ჩემთვის საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ ეს მუსიკოსი მშვენივრად ახერხებს დაიცვას ბალანსი პოპმუსიკასა და ჯაზს შორის, რის გამოც არ აღიზიანებს ინტელექტუალებს და მასების გულებსაც იპყრობს. ელ ჯეროსი არ იყოს, ასეთი ბალანსი დაიცვეს თბილისის მეექვსე ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორებმა, “ისთერ პრომოუშენის” მესვეურებმა, ამით კი უკვე ნამდვილად იქცნენ ქართული შოუ-ბიზნესის ლიდერებად. მათ მოიზიდეს შედარებით “ადვილი მუსიკის” მოყვარულები და სერიოზული ჯაზით დააინტერესეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, შესაძლოა, თავისდა უნებურად, სწორედ “ისთერ პრომოუშენმა” ჩამოხსნას ჯაზს ელიტარული ხელოვნების ნიღაბი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG