Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალინინგრადის ოლქი – რუსეთის ხელისუფლების მორიგი საჯილდაო ქვა


კალინინგრადის ოლქსა და დანარჩენ რუსეთს შორის სატრანზიტო მიმოსვლის საკითხი, მომდევნო კვირაში, რუსეთისა და ევროკავშირის წარმომადგენელთა საგანგებო მსჯელობის საგანი იქნება.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც პოლონეთი და ლიტვა ევროკავშირში გაწევრიანდებიან, კალინინგრადში მცხოვრები რუსები იძულებული გახდებიან, რუსეთში მხოლოდ ლიტვის ან პოლონეთის ვიზებით იმოგზაურონ. თუმცა, ვიზების საკითხი ყველაზე ნაკლები სიმწვავისაა იმ პრობლემათა შორის, რომლებიც ანკლავის მცხოვრები რუსი მოსახლეობის წინაშე დგას და რომელთა მოგვარებასაც ევროკავშირი სპეციალური პროგრამების განხორციელებით ვარაუდობს.

შეიძლება ითქვას, რომ კალინინგრადის ოლქთან დაკავშირებით რუსეთის საქციელი ღია კარის მტვრევას წააგავს. ოლქში მცხოვრები 947 ათასი მოქალაქიდან საზღვარგარეთის პასპორტები უკვე 250 ათასმა მიიღო და, თუ ეს პროცესი ასეთი ტემპით გაგრძელდა, 2004 წლისთვის უცხოური პასპორტით უკვე ყველა მცხოვრები იქნება უზრუნველყოფილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანკლავში მცხოვრები რუსი ეროვნების ყველა მოქალაქეს, რუსეთში გასამგზავრებლად ვიზა დასჭირდება. ეს გადაწყვეტილება თითქოს არავისთვის უნდა იყოს სადავო, მათ შორის, არც რუსეთისთვის. მოსკოვმა ხომ ჯერ კიდევ 1998 წელს იცოდა, რომ ლიტვა და პოლონეთი ევროკავშირში გაწევრიანების რეალური კანდიდატები იყვნენ და რომ ადრე თუ გვიან ეს საკითხი აუცილებლად დადგებოდა დღის წესრიგში.

მიუხედავად ამისა, მოსკოვის აზრით, ვიზების შემოღება ეკვივალენტური იქნება "სუვერენიტეტის გაყოფისა" და ამიტომ, ბრიუსელში 23 ივლისისთვის დანიშნულ შეხვედრაზე, რუსეთი კიდევ ერთხელ დააყენებს საკითხს, რათა კალინინგრადის მცხოვრებთ რუსეთში უვიზოდ შესვლის ნება დაერთოთ.
თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა და სამართლის დარგში ევროკომისიის წარმომადგენელი ლეონელო გაბრიჩი მიიჩნევს, საზღვრის საკითხში ბრიუსელს გაუჭირდება რუსეთთან კომპრომისის მიღწევა.

[ლეონელო გაბრიჩის ხმა] "ჩვეულებრივ, გარე საზღვარი გარე საზღვარია და შიდა საზღვარი – შიდა საზღვარი. ანუ, არ შეიძლება, ერთმა საზღვარმა, ერთსა და იმავე დროს, ორივე ფუნქცია იტვირთოს."

ვიზების საკითხში ევროკავშირი შეუვალია. თუმცა, 2003 წლამდე, ვიდრე პოლონეთი და ლიტვა ევროკავშირში გაწევრიანდებიან, კალინინგრადის მცხოვრებნი შეინარჩუნებენ უფლებას, რუსეთში შესასვლელად უვიზო რეჟიმით ისარგებლონ. მაგრამ ევროკავშირი ანკლავის პრობლემას მხოლოდ ვიზების საკითხს არ უკავშირებს. როგორც ოთხშაბათს, ბრიუსელში გამოქვეყნებული ანგარიშით ირკვევა, ევროკავშირში გაწევრიანება კალინინგრადისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით ფრიად ხელსაყრელი იქნება. ოლქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროგრამების დასაფინასებლად, ევროსაბჭომ 45 მილიონი ევრო გამოყო. ამ თანხიდან 25 მილიონი უკვე ათვისებულია.

კრემლის უკომპრომისო პოზიციას საინტერესო ახსნას უძებნიან რუსი ანალიტიკოსები. რუსეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა კავშირის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილ მალიუტინის განცხადებით, კალინინგრადის საკითხის გამწვავებით რუსეთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ იგი მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეა და რომ ევროკავშირმა ანგარიში უნდა გაუწიოს მის მოსაზრებას.

[მიხაილ მალიუტინის ხმა] "კალინინგრადის მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა რუსეთში. ჩემს ხელთ არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ, სანამ ვიზების საკითხი დადგებოდა, 1992-2000 წლების განმავლობაში, რუსეთს კალინინგრადელთა მხოლოდ 10 პროცენტი ესტუმრა".

ამ ფონზე საინტერესოა სხვა სტატისტიკაც. როგორც ირკვევა, კალინინგრადელთა 34% ევროპას უფრო ეტანება, ხოლო 70% საერთოდ არ არის ნამყოფი რუსეთის ფედერაციაში. მიუხედავად ამისა, კალინინგრადის მცხოვრებთათვის ვიზების გამოყოფის საკითხი, მოსკოვისთვის ძალზე პრინციპული მნიშვნელობისაა. ხოლო პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გასულ თვეში, ევროკავშირის პოზიციას "რუსეთის სუვერენიტეტის ხელყოფა უწოდა".

თუმცა, ამ საკითხში რუსეთის პოლიტიკა, როგორც ჩანს, იცვლება. კალინინგრადის ოლქში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ანდრეი სტეპანოვმა ოთხშაბათს გაზეთ "იზვესტიას" განუცხადა, რომ 2004 წლისთვის ოლქის ყველა მცხოვრები უცხოური პასპორტით იქნება უზრუნველყოფილი. რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი ევროკავშირის პოზიციას წინააღმდეგობას აღარ გაუწევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG