Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზღვის სეზონი საქართველოში


საქართველოში ზაფხულის სიცხისგან თავის დაღწევა და სასურველ ადგილას დასვენება, ხელმოკლეობის გამო, ნამდვილად ძალიან ბევრისთვის ფუფუნებად იქცა. თუმცა - არა ყველასთვის.

აშკარაა ისიც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა სახელგანთქმულ კურორტზე გამგზავრებისა და ძვირფასი დასვენების მსურველებს ასე მომრავლებული ტურისტული სააგენტოები საკმაოდ იოლად იზიდავენ. დაკვირვებით დასტურდება, რომ ჩვენი შეძლებული თანამოქალაქეები, ძირითადად, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს ეტანებიან, ხოლო საქართველოს შიდა კურორტებს შედარებით ხელმოკლეებს, ბავშვიან ოჯახებსა და საქართველოს მცირერიცხოვან სტუმრებს უთმობენ.

საქართველოს ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში შავი ზღვისპირა (ადგილობრივ) კურორტებზე დამსვენებელთა რაოდენობა, აშკარად, გაიზარდა. თუმცა მათი რიცხვის დაზუსტება, იმის გამო, რომ აღრიცხვა პრაქტიკულად არ წარმოებს, თითქმის შეუძლებელია და ამიტომ ზემოხსენებული დასკვნა, ასე ვთქვათ, უფრო ოფიციალურ ვარაუდს წააგავს. იმავე ვარაუდის მიხედვით, დამსვენებელთა ნაკადის მატება არა უცხოელი ტურისტების, არამედ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ხდება. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ შარშან აჭარის ზღვისპირეთში აღრიცხული 30 ათასი დამსვენებლიდან 5 ათასი ადამიანი მეზობელი სომხეთის მოქალაქე იყო. ამბობენ, რომ მათი რიცხვი ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე როსტომ გუნთიაშვილი აღიარებს, რომ დამსვენებელთა რიცხვის სიზუსტე, მართლაც, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგანაც მათი 80 პროცენტი არა სასტუმროებში, არამედ ოჯახებში ბინავდება. ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ ოჯახებში დაბინავების არალეგალური სისტემა სასტუმროებს (რომელთა რიცხვი აჭარაში ამჟამად 37-ს შეადგენს), როგორც წესი, თურმე ნახევრად ცარიელს ტოვებს.

მართალია, ოჯახებში დაქირავებული საცხოვრებელი ხშირად არაკომფორტულია, მაგრამ, სამაგიეროდ, გაცილებით იაფია და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დამსვენებელთა უდიდესი ნაწილი არჩევანს სწორედ ამ ნიშნის მიხედვით აკეთებს. შედარებისთვის მოგახსენებთ, რომ თუკი ერთ ადამიანს ერთი ღამის სასტუმროში გათენება (ივლისში ან აგვისტოში), საშუალოდ, 60 ლარი უჯდება, კერძო სახლში დარჩენის შემთხვევაში, საშუალოდ, 7 ლარის გადახდა უწევს. როგორც თავად ხვდებით, შეღავათი აშკარაა და ბევრისთვის - საკმაოდ მაცდურიც. საგულისხმოა, რომ ეგრეთ წოდებული კერძო სახლების არალეგალური ბიზნესი შავი ზღვისპირეთის ბევრი მკვიდრი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. ასეთები, მდგმურების წყალობით, ზაფხულში ნაშოვნ ფულს მთელი წლის განმავლობაში იზოგავენ.

როგორც 40 წლის ქობულეთელი ქალბატონი გვიმხელს, შარშან ზაფხულში ნაშოვნი, დაახლოებით, 4500 ლარი მისმა 4-სულიანმა ოჯახმა ზუსტად ივნისის ჩათვლით იმყოფინა. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, ხსენებულ დიასახლისს მეტის შოვნის იმედი აქვს, რადგანაც შარშანდელი შემოსავლით მან კიდევ ორი ოთახის კეთილმოწყობა შეძლო. დიახ, სერვისის დახვეწა თანდათან სულ უფრო საჭირო ხდება, რადგანაც, როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, მდგმურების მოზიდვის სფეროში კერძო სახლებს შორის კონკურენცია წარმოუდგენელი ტემპით იზრდება. ამ ურთულეს მარკეტინგში უკვე ძალიან აქტიურად მონაწილეობენ მატარებლის გამცილებლები და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, რომლებიც დასაქირავებელი სახლების აქტიურ რეკლამირებას ეწევიან და თავიანთ მგზავრთა შორის პოტენციურ მდგმურებს გულმოდგინედ ეძებენ. თუკი გაუმართლებთ, გასამრჯელოსაც მშვენიერს მიიღებენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG