Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი სანაიას მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ საქმის ძიება დაამთავრა


სოზარ სუბელიანი, თბილისი ზუსტად ერთი წლის წინ, 2001 წლის 26 ივნისს, საკუთარ ბინაში მოკლეს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი გიორგი სანაია. იგი ერთ-ერთი იყო იმ 100 ჟურნალისტიდან,

რომლებიც გასულ წელს მსოფლიოს 38 სხვადასხვა ქვეყანაში დაიღუპნენ. მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, გასული წლის 5 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა ახლად დანიშნულმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა და ასევე ახლად დანიშნულმა გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ ხმამაღლა განაცხადეს, რომ მკვლელი დაკავებულია, მკვლელობა კი, ფაქტობრივად, გახსნილად უნდა მივიჩნიოთ. მას შემდეგ ნახევარ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ გამოძიებამ ბრალდებული დღემდე არ გადასცა სასამართლოს. დაღუპულის ოჯახის წევრები და საზოგადოება გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ, თუმცა არც თავად ბრალდებული გრიგოლ ხურცილავა და არც მისი ადვოკატი მკვლელობას არ უარყოფს. ერთადერთი, რის შესახებაც ისინი არაფერს ამბობენ, მკვლელობის მოტივია, რომლის გარეშეც საზოგადოების დარწმუნება ადვილი არ იქნება.

გრიგოლ ხურცილავას დაკავებისთანავე გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ კატეგორიული განცხადება გააკეთა და იგი დღემდე იმავე კატეგორიულობით იმეორებს პირვანდელ ვერსიას: [ნუგზარ გაბრიჩიძის ხმა] “თქვენ გაინტერესებთ, ეს მკვლელობა არის თუ არა გახსნილი. მე გეუბნებით, რომ ეს მკვლელობა არის გახსნილი. ეს არის, მე მგონი, მთავარი.”

ეს სიტყვები ნუგზარ გაბრიჩიძემ ხურცილავას დაკავების მეორე დღეს წარმოთქვა. მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ, 2002 წლის 26 ივნისს, გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ საქმის მასალები, რომლებმაც ათი მოზრდილი ტომი შეადგინა, უკვე გადაეცა გასაცნობად ბრალდებულსა და მის ადვოკატს, გაცნობის შემდეგ კი საქმე სასამართლოში წარიმართება: [ნუგზარ გაბრიჩიძის ხმა] “გამოძიება დამთავრებულია და უახლოეს დღეებში წარიმართება სასამართლოში. 18 ივლისს დამთავრდა გამოძიება, 19 ივლისს ხურცილავას გამოუცხადეს გამოძიების დამთავრების შესახებ და ახლო მომავალში, როცა ის დაამთავრებს გაცნობას, საქმე წარიმართება სასამართლოში.”

მკვლელობის მომდევნო დღეებში საზოგადოება ყველაზე მეტად რამდენიმე ვერსიაზე საუბრობდა. ყველაზე პოპულარული იყო პოლიტიკური მკვლელობის ვერსია, რაც თვით საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემაც არ გამორიცხა. მოგვიანებით, ხურცილავას დაკავების შემდეგ, კობა ნარჩემაშვილმა შეკვეთილი მკვლელობის ვერსია გამორიცხა: [კობა ნარჩემაშვილის ხმა] “შეკვეთილ მკვლელობას რეგისტრირებული იარაღით არ ჩადიან. მე არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მე, როგორც პროფესიონალი, ვამბობ, რომ შეკვეთილ მკვლელობას, როგორც წესი, რეგისტრირებული იარაღით არ ჩადიან”.

გენერალური პროკურატურა, რომელიც ამ საქმეს იძიებს, მკვლელობის ერთადერთ მოტივად ურთიერთშელაპარაკებასა და განაწყენებას ასახელებს და მას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციას აძლევს. გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის აკაკი ბუდაღაშვილის თქმით, კამათისა და შელაპარაკების მიზეზად ქალები იქცა, თუმცა, რა იგულისხმება ამ ფრაზის მიღმა, ამის დაკონკრეტებისგან პროკურატურა თავს იკავებს. თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატი დავით დადიანი აცხადებს, რომ მკვლელობის მოტივს ხურცილავა მხოლოდ სასამართლოზე დაასახელებს, რაც, სავარაუდოდ, სექტემბერში უნდა დაიწყოს.

გიორგი სანაიას მშობლები და მეუღლე გამოძიებას თავიდანვე უნდობლობას უცხადებდნენ, თუმცა მათი უნდობლობა მას შემდეგ გაძლიერდა, როცა შეერთებული შტატებიდან ექსპერტიზის პასუხები დაბრუნდა. ექსპერტიზის თანახმად, ხურცილავას ტანსაცმლიდან აღებული დნმ, უბრალოდ, არ ემთხვევა იმ მიკრონაწილაკებს, რომლებიც მკვლელობის ადგილიდან იქნა აღებული, მაშინ, როცა იმ ადგილზე ორი უცნობი პირის მიკრონაწილაკები აღმოჩნდა. სამაგიეროდ, გამოძიების ვერსიას, ხურცილავას აღიარების გარდა, ბალისტიკური ექსპერტიზისა და მკვლელობის ადგილას აღმოჩენილი ხურცილავას თითის ანაბეჭდები ამაგრებს.
XS
SM
MD
LG