Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევა პერონის გარდაცვალების 50-ე წლისთავი


”20:45 საათზე ევა პერონი, სახელმწიფოს სულიერი ლიდერი,

უკვდავებას ეზიარა”, – ამ პათეტიური ფრაზით გაავრცელა არგენტინის მთავრობამ ცნობა მილიონობით თანამემამულისათვის სათაყვანებელი პირველი ლედის ნაადრევი სიკვდილის შესახებ. მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგრამ ევა პერონი არგენტინაში არ დავიწყებიათ – 26 ივლისს გამოფენებით, ხსოვნის საღამოებით და საგანგებო ღვთისმსახურებით აღნიშნეს დღემდე მეტად პოპულარული ევიტას გარდაცვალების 50-ე წლისთავი. ევა პერონისადმი გულგრილი არც უცხოეთში არიან, თუმცა ფართო ინტერესი ამ, მე-20 საუკუნის ყველაზე გამოჩენილი სამხრეთამერიკელი ქალისადმი მისი გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა: ენდრიუ ლოიდ უებერის მუზიკლმა ”ევიტა” 1978 წელს მთელს მსოფლიოს მოსდო არგენტინული მითი ”ღატაკთა გმირის” შესახებ. ვიდრე დღევანდელ გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” განვაგრძობდეთ საუბარს ევა პერონის შესახებ, გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს მიუზიკლიდან ”ევიტა”: ეს არის მიუზიკლის ყველაზე პოპულარული სიმღერა ”Don’t Cry For Me Argentina”.

[მუსიკა]

”ნუ დამიტირებ, არგენტინავ”, - ეს სიტყვები, რომლებითაც მძიმედ ავადმყოფი ევიტა პრეზიდენტის სასახლის აივნიდან ეთხოვება ათასობით აცრემლებულ თანამემამულეს, ბოლო თვეებში ძალიან ხშირად ახსენდებათ ჟურნალისტებს. იშვიათად თუ ნახავთ სტატიას არგენტინას მოდებული საფინანსი კრიზისის შესახებ, რომელშიც ფრაზის ”ნუ დამიტირებ, არგენტინავ” პერიფრაზას არ იყენებდნენ. უმრავლეს შემთხვევაში პერიფრაზა ასე ჟღერს: ”დაიტირეთ არგენტინა”, ან ”ნუ დაიშურებთ ცრემლებს არგენტინისთვის” და სტატიას სათაურად უძღვის, ან კიდევ რიტორიკულად შთამბეჭდავ გადახვევასა თუ პესიმისტურ დასკვნაშია ჩაქსოვილი.

მაგრამ არგენტინელებმა ამჟამინდელი, არნახული მასშტაბის საფინანსო კრიზისის მიუხედავად, მაინც მოიცალეს ევიტას დასატირებლად, რაც, პირველ რიგში საზოგადოების ე.წ. ”ქვედა ფენებზე” ითქმის. რა გასაკვირია, რომ იქ 26 ივლისს ბევრი გლოვობდა ეროვნულ გმირს, ”ღატაკთა გმირს”: არგენტინას ხომ არასოდეს ჰყოლია იმდენი ღატაკი, რამდენიც დღეს ჰყავს; არგენტინას ხომ სასწრაფოდ სჭირდება ცვლილებები. ამ ქვეყანაში ყველაზე ღრმა სოციალური ცვლილებები კი ევა პერონის სახელთან არის დაკავშირებული.

ევიტას, რომელიც პრეზიდენტ ხუან დომინგო პერონის მეორე ცოლი იყო, მეუღლესთან ერთად მართლაც არაერთი დამსახურება მიუძღვის: რად ღირს თუნდაც მშრომელთა ან ქალთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა, ინდუსტრიალიზაციის პროცესი, პროფკავშირების პოზიციების გაძლიერება. მაგრამ ასევე პერონის მმართველობის, ანუ ე.წ. ”პერონიზმის” წლებია სახელმწიფოს ლამის ყოვლისშემძლეობის, ყოველგვარი ოპოზიციის ჩახშობის, ურცხვი დემაგოგიის ხანა.

წინააღმდეგობრიობა არც თვით ევიტას მოღვაწეობას და ამ მოღვაწეობის შეფასებას აკლია. არგენტინის ლეგენდარულ პირველ ლედის ღატაკთა ინტერესების ქარიზმატულ დამცველად მიიჩნევენ, მაგრამ ზოგის თვალში ის იყო იღბლიანი მდაბიო, რომელმაც პირველი ლედის პოზიციას ეროტიკული მიმზიდველობის წყალობით მიაღწია, და რომელიც იაფფასიანი დემაგოგიით აჯადოვებდა გაუნათლებელთა მასებს. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია ის, რომ 1919 წელს პროვინციულ ქალაქ ლოს ტოლდოში დაბადებული ევა მარიამ იბარგურენი, ვინმე ხუან დუარტეს უკანონო შვილი, 25 წლის იყო, როცა გენერალი ხუან დომინგო პერონი გაიცნო. პერონი მაშინდელი სამხედრო დიქტატურის შრომისა და სოცუზრუნველყოფის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ის მალევე დაქორწინდა თავისზე 24 წლით უმცროს მსახიობ ქალზე და ორიოდე წელიწადში, 1946 წელს არგენტინის პრეზიდენტი გახდა. ფაქტია ისიც, რომ ევიტა აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში და მოწინააღმდეგეებსაც კი აოცებდა დაუღალავი ქველმოქმედებით.

მაგრამ გასაოცარი ისიც არის, რომ ევიტა ღატაკთა პატივისცემას, მათი უფლებების დაცვას მოითხოვდა, მაშინ როცა თავად პარიზიდან გამოწერილ უძვირფასეს ტანისამოსში იყო გამოწყობილი და არც სამკაულს იკლებდა. ევიტა ქალთა უფლებების დაცვას მოითხოვდა, მაგრამ კათოლიკურ-კონსერვატიული იდეოლოგიის შესაბამისად, ქალის მოვალეობად ოჯახზე ზრუნვას აცხადებდა. მოკლედ სოციალურ-რევოლუციური პათოსი უცნაურად იყო გადაჯაჭვული კონსერვატიულ- ავტორიტარულ პოზიციასთან. რა გასაკვირია, რომ ევიტას, თაყვანისმცემლებთან ერთად არც მოწინააღმდეგეები აკლდა: ეს უწინარეს ყოვლისა საზოგადოების ზედა ფენების წარმომადგენლებზე ითქმის, რომლებსაც ”ღატაკთა მებაირაღე”, რბილად რომ ითქვას, გულზე არ ეხატებოდათ. მათ მხრივ კრიტიკის მთავარი საფუძველი იყო ის გარემოება, რომ ევიტა, ისევე როგორც ზოგადად, პერონიზმი არგენტინის საზოგადოებას ორად ხლეჩდა, რომ პოპულიზმი და პრეტენზიულობა ზიანს აყენებდა ქვეყანას და მის მომავალს.

ევა პერონის სიკვდილი 1952 წლის 26 ივლისს მოულოდნელობა არავისთვის უნდა ყოფილიყო: 33 წლის ქალი უკვე დიდი ხანი იყო დაავადებული კიბოთი და ბოლო თვეებში მხოლოდ 30 კილოს იწონიდა. და მაინც - მილიონობით არგენტინელისთვის დაუჯერებელი ტრაგედია გახდა ”წმინდა ევიტას” დაკარგვა. როგორც ამბობენ, ის, ვინც ევა პერონის გარდაცვალების შემდგომ გამოცხადებულ საყოველთაო გლოვას მოესწრო, ვერასოდეს დაივიწყებს იმ 10 წვიმიან დღეს.

აი, 50 წლის შემდეგ კი არგენტინელები თავიანთ კეთილდღეობას მისტირიან: ერთ დროს მდიდარი ქვეყნის ვალუტა თავბრუდამხვევი ტემპით უფასურდება; მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს; შრომისუნარიანთა დაახლოებით მეოთხედი- უმუშევარია; ათიათასობით არგენტინელი ევროპაში გარბის, იქ, საიდანაც მათი წინაპრები სამხრეთ ამერიკაში გადასახლდნენ. ბევრს ოქროს ხანად ესახება ხუან დიეგო პერონის მმართველობის წლები, როცა უბრალო ხალხი გაცილებით უკეთ ცხოვრობდა, როცა ღატაკების ყოფას მუდამ მოხდენილი პირველი ლედის – ევიტას გამოსვლები მაინც ალამაზებდა...
XS
SM
MD
LG