Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის რესპუბლიკის წარმომადგენლობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ძალადობის წინააღმდეგ


სოზარ სუბელიანი, თბილისი 5 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კონფერენცია მოიწვია. მიმართვა,

რომელიც აჭარის წარმომადგენლობამ გაავრცელა და რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ, იმ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც, ბოლო დროს, მუდმივად თან ახლავს საქართველოში მიმდინარე ნებისმიერ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესს. “ვგმობთ სხვაგვარად მოაზროვნეების დევნა-მკვლელობებს, უცხოეთის მოქალაქეების გატაცება-მკვლელობებს, ჟურნალისტებზე გასროლილ ტყვიას, ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევებს, თავდასხმებს რიგით მოქალაქეებსა და პარლამენტის წევრებზე. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, განუხრელად დაიცვას გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული და აღიარებული დოკუმენტები; არ ჩამოაცილოს ქვეყანა დემოკრატიულ პროცესებს; შეაჩეროს აგრესიული მოწოდებები და ქმედება, შეწყვიტოს ურთიერთდაპირისპირებისა და ფსიქოლოგიური ტერორის პოლიტიკა,” – ნათქვამია მიმართვაში.

ფაქტები, რომლებიც აჭარის წარმომადგენლობაში მოწვეული კონფერენციის თემად იქცა, რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით მოხდა: 26 ივლისს რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელთა შორის პარტიზანებიც იყვნენ, თბილისის ცენტრში მდებარე აჭარის წარმომადგენლობის ოფისში შეიჭრა; ამას მოჰყვა ამავე წარმომადგენლობის ოფისისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობა, იმერეთის გუბერნატორის, თემურ შაშიაშვილის მიერ ტელეკომპანია “აჭარის” ჟურნალისტი გოგონას შეურაცხყოფა და, ბოლოს, პარლამენტის წევრის, ჯემალ გამახარიას ფიზიკური შეურაცხყოფა, როცა დამნაშავის ვინაობა მთელმა საქართველომ იხილა ტელეეკრანზე, მაგრამ ეს ფაქტი დღემდე არავის გამოუძიებია, ისევე, როგორც ანალოგიური ძალადობის არაერთი სხვა შემთხვევა. არასამთავრობო ორგანიზაციის – “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” – თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის თქმით, ყოველივე ზემოთქმული ერთი ნიშნით უნდა შევაფასოთ: რაც ქვეყანაში ხდება, ეს არის პოლიტიკური ტერორი: [ნანა კაკაბაძის ხმა] “ქვეყანაში არაფერი არ ისჯება: არ ისჯება ძალადობა, არ ისჯება აგრესია, არ ისჯება ტერორი. დღეს უკვე ვხედავთ, რომ პარლამენტშიც კი, განსხვავებული აზრის შემთხვევაში, შეიძლება ვიღაცამ ხელი გტაცოს, გცემოს, გაგათრიოს და კაცმა არ იცის, რა გიქნას. ანუ, იმუნიტეტის მქონე ხალხიც კი აბსოლუტურად დაუცველია ჩვენი ქვეყნის მხრიდან.” [სტილი დაცულია]

ნანა კაკაბაძის სულისკვეთებას კონფერენციის მასპინძელი, პარლამენტის წევრი ჰამლეტ ჭიპაშვილიც იზიარებს: [ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] “მიუღებელია ყველა სახის თავდასხმა, რასაც აქვს საქართველოში ადგილი; მიუღებელია ის რალიგიური თავდასხმები, რაც ყოველდღე ხდება და რის შესახებაც მე პარლამენტზე განვაცხადე; მიუღებელია ის ამბავი, როდესაც თავისუფლების ინსტიტუტში იჭრებიან და ცემა-ტყეპით უსწორდებიან იქ მომუშავე ტიპებს; და მიუღებელია ასეთი ზერელე და დამცინავი დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ, იმსახურებენ ისინი ამას თუ არ იმსახურებენ.”

აჭარის წარმომადგენლობაში გამართულ შეკრებაზე ერთი საინტერესო მომენტი გამოიკვეთა: დღემდე ოპოზიციური ძალების, უმცირესობებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ განხორციელებელ ძალადობებზე პოლიტიკური ძალები მხოლოდ მიზანშეწონილობის მიხედვით ახდენდნენ რეაგირებას. მაგალითად, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის დემოკრატიულ ფრთას შეადგენენ, თვალს ხუჭავდნენ, როცა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აღორძინების აქციებს ხელისუფლება ჯავშნიანი მანქანებით არბევდა; აღორძინების წევრები არაფერს ამბობდნენ, როდესაც 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობას შეიარაღებულ კრიმინალებს ახვედრებდა; ფრაქცია 21-ე საუკუნე, რომელსაც ჯემალ გამახარია ეკუთვნის, დაუფარავად უჭერდა მხარს რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას, ხოლო ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალების უმრავლესობა დუმდა, როცა პოლიცია ზვიადისტების მიტინგებს არბევდა და მიტინგის მონაწილეებს ქუჩიდან იტაცებდა. სწორედ ამგვარმა წაყრუებამ გახადა შესაძლებელი, მომხდარიყო ხელისუფლების სრული კრიმინალიზაცია, რომლის შესახებაც კონფერენციაზე მიღებულ მიმართვაშია ლაპარაკი.
XS
SM
MD
LG