Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკორუფციული საბჭოს წევრები განათლების სისტემაში არსებული კრიზისის შესახებ


სოზარ სუბელიანი, თბილისი სტუდენტების სარჩელს, რომლებიც უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების წესების შეცვლას და ჩატარებული გამოცდების ბათილად ცნობას ითხოვენ,

ანტიკორუფციული საბჭოს წევრები გიგი თევზაძე და გივი თარგამაძე გამოეხმაურნენ. კრიზისი, რომელსაც საქართველოს განათლების სისტემა განიცდის, გაცილებით ღრმაა, ვიდრე ის ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, აცხადებენ საბჭოს წევრები და ხელისუფლებას სასწრაფო რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ სარჩელის არსს, რომელმაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ერთგვარი დილემის წინაშე დააყენა: სტუდენტმა თეა თუთბერიძემ სასამართლოში გაასაჩივრა უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება “მიღების წესების შესახებ” და მისი გაუქმება მოითხოვა. ვაკე-საბურთალოს სასამართლომ სარჩელი მიიღო, რითაც უკვე ჩატარებული გამოცდების ლეგიტიმურობაც ეჭვქვეშ დააყენა. ანტიკორუფციული საბჭოს წევრების თქმით, თვით ის ფაქტი, რომ ერთი რიგითი სარჩელი ასეთ სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს, ნათლად მეტყველებს იმ კრიზისის მასშტაბზე, რასაც საქართველოს განათლების სისტემა განიცდის. ამ კრიზისის მიზეზები კი უფრო სუბიეტურია, ვიდრე ობიექტური. ჯერ კიდევ გასულ წელს ანტიკორუფციულმა საბჭომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები, რომლებიც შემდეგ პრეზიდენტის 230-ე ბრძანებულებაში აისახა, მაგრამ გივი თარგამაძისა და გიგი თევზაძის თქმით, ამ რეკომენდაციებიდან განათლების სამინისტრომ არც ერთი არ გაითვალისწინა: [გივი თარგამაძის და გაგი თევზაძის ხმა]
“ეს რეოკმენდაციები უნდა გათვალისწინებულიყო მაისის ბოლომდე და ისინი არ შესრულებულა არც ერთი.”
“მაისის ბოლოს, ამ რეკომენდაციის მიხედვით, სტრუქტურა მაინც უნდა ყოფილიყო გაკეთებული, მაგრამ ისიც კი არ გაკეთდა.”[სტილი დაცულია]

სტუდენტების სარჩელის შემდეგ ანტიკორუფციული ბიუროს იურისტებმა დაიწყეს იმ კანონმდებლობის შესწავლა, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემას არეგულირებს. გიგი თევზაძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის მუშაობამ ამ სფეროში უამრავი ხარვეზი გამოავლინა: [გაგი თევზაძის ხმა] “ისეთი არეულობაა საერთოდ განათლების კანონმდებლობაში, რომ საკმაოდ რთულია გაერკვე, რა რის გამო ხდება და რა რისი საფუძველია, მაგრამ ამ თვის განმავლობაში ბიურო იმუშავებს და რაღაცა ძალიან კონკრეტულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს…”[სტილი დაცულია]

ანტიკორუფციული საბჭოს წევრების თქმით, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე რამდენიმე წელია გადავიდნენ საერთო გამოცდების სისტემაზე, რაც ევროპის ქვეყნებში ფუნქციონირებს, საქართველოს განათლების სამინისტრო და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები კი ამის გაკეთებას არ ჩქარობენ: [გივი თარგამაძის ხმა] “პოზიცია რექტორატებისაც და განათლების სამინისტროსიც ასეთია: მოდი, ეს პრობლემა გავწელოთ და სანამდეც “გაქაჩავს”, “გაქაჩავს”… ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ვერ “გაქაჩავს”. უცებ გაირკვა, რომ საკმარისი იყო ორი აქტიური სტუდენტის პოზიციის დაფიქსირება, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს დაინტერესება იურისტების და იმდენი პრობლემის ამოწევა, რომ არა მხოლოდ ამ სისტემამ, შეიძლება მთლიანად განათლების სისტემამ ვეღარ “გაქაჩოს”. [სტილი დაცულია]

გივი თარგამაძის აზრით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უამრავი სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემაა, სასამართლოს დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ შეიძლება არაერთი მშობელი გააღიზიანოს და ისინიც იმ ადამიანთა რიგებს შეუერთდნენ, რომლებიც თავიანთ პროტესტს ქუჩის აქციებით გამოხატავენ: [გივი თარგამაძის ხმა] “ჩვენი სასამართლოს პირობებში სავსებით შესაძლებელია, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ხალხის იმედგაცრუება და ამ პროცესმა მთლიანად ქუჩაში გადაინაცვლოს. საქმე ის არის, რომ ელემენტარული ლოგიკის დონეზე არის გასაგები, რომ შემოდგომაზე ყველა ეს, ცალ-ცალკე აღებული, სოციალური გამოსლვა შეიკრიბება და იქ მიშა ჩაუდგება ამას სათავეში თუ გრიშა, ვიღაცა აუცილებლად ჩაუდგება.”

ანტიკორუფციული საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ თავისთავად განათლების პრობლემა, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, სოციალური გამოსვლების კატალიზატორად ვერ იქცევა, მაგრამ თუ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი ოდნავ მაინც არ შემსუბუქდება, მაშინ მოვლენების განვითარების ყველანაირ სცენარს უნდა ველოდოთ, საბაბად კი ნებისმიერი პრობლემა შეიძლება იქცეს.
XS
SM
MD
LG