Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაურიცხავი აბიტურიენტები პროტესტს გამოთქვამენ


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 12 აგვისტოს სახალხო დამცველის ოფისში შეიკრიბნენ ის აბიტურიენტები მშობლებითურთ, ვინც წელს, მისაღები გამოცდების შედეგად, ვერ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიუჯეტო სექტორზე.

ყველა მიიჩნევდა, რომ უსამართლოდ დაიჩაგრა და იმსახურებს ჩარიცხვას, ხოლო სტუდენტების გაცხრილვა უნდა მოხდეს უნივერსიტეტში სწავლის დროს – პირველივე სემესტრიდან, საგამოცდო სესიებზე. ამ მიზნის მისაღწევად აბიტურიენტები და მშობლები ქმნიან კომიტეტს და აპირებენ სამართლებრივ საშუალებებს მიმართონ, მაგალითად, იჩივლონ სასამართლოში.

აბიტურიენტთა უდიდესი ნაწილი, მისაღებ გამოცდებზე ნაჩვენები შედეგების მიუხედავად, ორჯერ უკვე ჩარიცხეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: ეს მოხდა 1989 და 90 წლებში, გივი გუმბარიძის კომუნისტური ხელისუფლების დროს. პირველ ჩარიცხვას 9 აპრილის ტრაგიკული კონტექსტი ახლდა, მეორეს – მოახლოებული არჩევნები და “მრგვალი მაგიდის” შიში. სხვათა შორის, ფინანსთა დღევანდელი მინისტრი, მირიან გოგიაშვილი სწორედ 1990 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტში. რა თქმა უნდა, იმხანად არავითარ გაცხრილვაზე ლაპარაკი არ იყო. არც ფასიანი სექტორი არსებობდა და საბიუჯეტო სექტორზე უზარმაზარი ჯგუფები შედგა. ახლაც იგივეა მოსალოდნელი, მაგრამ, თუ აბიტურიენტებს ვერწმუნებით, მხოლოდ ერთი სემესტრის მანძილზე.

მაგრამ საკითხავია, რამდენად წარმატებული იქნება ჩაურიცხავი აბიტურიენტებისა და მათი მშობლების ძალისხმევა, მიმართული წელს სტუდენტობის უკლებლივ ყველა მსურველის უნივერსიტეტში ჩასარიცხად? სწორედ 12 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბიუჯეტით დაფინანსებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსახვედრად კონკურსში მონაწილეობა მიიღო 3787-მა აბიტურიენტმა, პირდაპირ არასაბიუჯეტო სექტორზე სწავლის სურვილი გამოთქვა 1147-მა, ხოლო გამოცდების შედეგების საფუძველზე საბიუჯეტო სექტორის სათანადო სპეციალობების პირველ კურსზე ჩაირიცხა 1883 სტუდენტი.

მოკლედ, ჩარიცხვა უნივერსიტეტში დამთავრებულია, პოლიტიკური კონიუნქტურაც არ არის ისეთი, რაც რექტორატს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს. ესეც არ იყოს, საბიუჯეტო სექტორზე ვერმოხვედრილი ახალგაზრდები და მათი მშობლები, მართალია, აღწერენ სხვადასხვა დარღვევას მისაღებ გამოცდებზე, მაგრამ ეს მაინც ზოგადი აღწერებია. აი, მაგალითად, აბიტურიენტ იოსებ ლოლიშვილის დედის მონათხრობი, რომლის ვაჟმა თბილისის 42-ე, სპეციალიზებული ფიზიკურ-მათემატიკური სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე აბარებდა [ლოლიშვილის დედის ხმა]: “პირველ გამოცდაზე (მათემატიკა – წერა) მიიღო ათიანი, მეორე გამოცდაზე კი, ისევ მათემატიკაში, ზეპირში, რატომღაც დაუწერეს ექვსიანი. ბავშვი ამბობს, რომ მის თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და თვითონ სიმართლის მტკიცებას მეტ დროს ახმარდა, ვიდრე სხვები – პასუხებს. მის თვალწინ ბავშვებს ეწერათ სხვა თეორემა სულ სხვა მტკიცებით, ამათ უშვებდნენ ათიანზე და ცხრიანზე, ხოლო ჩემმა ბიჭმა ეს ექვსიანიც კი ძალიან დიდი ბრძოლის ფასად გამოიტანა”.

ასეთ აღწერებს არასოდეს ახლავს არც კონკრეტული ლექტორის სახელი, არც თუნდ იმ თეორემების ჩამონათვალი, რომელთაც პროტეჟე-აბიტურიენტები ანაცვლებდნენ, რაც, მართალია, დამაჯერებლობას აკლებს მონაყოლს, მაგრამ ძალაში ტოვებს ეჭვს, რომ მისაღებ გამოცდებზე არის მიკერძოება, ერთთა არაკეთილსინდისიერი მფარველობა და მეორეთა დისკრიმინაცია. არ არის გამორიცხული, აბიტურიენტებისა და მშობლების ინიციატივას თანდათან მეტი ადამიანი შეუერთდეს და სასამართლოში სარჩელების რაოდენობამ იმატოს. უნივერსიტეტის რექტორატი აცხადებს, რომ სექტემბრის დასასრულამდე საჯაროდ შეიმუშავებს და დაამტკიცებს მომავალი წლის მისაღები გამოცდების წესებს. საზოგადოების ნაწილი კი ამ გამოცდების საერთოდ გაუქმებას ითხოვს. ასე რომ, კოლიზია, ალბათ, გაღრმავდება.
XS
SM
MD
LG