Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლო იერიში ერაყზე და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები


დავით პაიჭაძე, თბილისი როგორ შეიძლება იმოქმედოს ამერიკის შეერთებული შტატების განზრახვის _ მიიტანოს სამხედრო იერიში ერაყის ლიდერზე _ სისრულეში მოყვანამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე?

ცნობილია, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ძალიან მწვავე განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მისამართით, რასაც ლოგიკურად თან სდევს ჩრდილო-აღმოსავლეთი საქართველოს მთიანეთის დაბომბვა და ვითარების გამწვავება აფხაზეთში. რუსულ საზოგადოებაში ამწიფებენ აზრს, რომ რუსეთი უფლებამოსილია მის სამხრეთ საზღვრებთან ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად შეიარაღებული ძალები სხვა ქვეყნის (ამ შემთხვევაში _ საქართველოს) ტერიტორიაზე გამოიყენოს. რამდენად რეალურია ასეთი სურვილების ხორცშესხმა? _ ამ შეკითხვით მივმართეთ პოლიტიკის ქართველ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს.

რუსი პოლიტიკოსები და რუსული მედია, კარგა ხანია, აღარ მალავენ თავიანთ უკმაყოფილებას არა ზოგადად საქართველოს ხელისუფლების მოქმედებით, არამედ პრეზიდენტ შევარდნაძით. რუსი მოხელეები და დიპლომატები ვერა, მაგრამ ჟურნალისტები და ანალიტიკოსები ღიად აცხადებენ, რომ შევარდნაძე, ამერიკული ორიენტაციის გამო და ამერიკელების იმედით, რუსეთს უარს ეუბნება პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეშვებაზე, რითაც ემუქრება მის უსაფრთხოებას და ცდილობს შეუსუსტოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში. რამდენიმე რუსულ გამოცემაში გამოითქვა ვარაუდი, რომ რუსულ დიპლომატიას აქვს შანსი, აიძულოს შევარდნაძე, მიუბრუნდეს რუსეთს, ან დატოვოს ქართველი ლიდერი ამერიკის მხარდაჭერის გარეშე. შეერთებული შტატების საქართველოსადამი მხარდაჭერა შეიძლება გაიცვალოს რუსეთის მხარდაჭერაზე შეერთებული შტატებისადმი, როცა ამ უკანასკნელს დასჭირდება პარტნიორებისა და სხვა ქვეყნების თანხმობა ერაყზე სამხედრო შეტევის განხორციელებისას. მოკლედ, შეიძლება თუ არა, რომ საქართველოს მოაკლდეს ამერიკის მხარდაჭერა? პოლიტოლოგმა და პარლამენტის წევრმა გივი ბოლოთაშვილმა ამ კითხვას ასე უპასუხა [ბოლოთაშვილის ხმა]: “აქ თავი და თავი ისაა, თუ რამდენად წონადია აშშ-სთვის ნავთობსადენისა და გაზსადენის პროექტი, რომელიც აქ უნდა განხორციელდეს. თუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისათვის, ბუნებრივია, ის საქართველოს არ დათმობს. მაგრამ პოლიტიკა, მოგეხსენებათ, როგორია – ასე რომ, ამის პროგნოზირება ცოტა ძნელია”...

კავკასიური ინსტიტუტის დირექტორს, გია ნოდიას რეალურად არ მიაჩნია მოვლენათა ასეთი განვითარება [ნოდიას ხმა]: “თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ნაკლებ სავარაუდო მგონია ეს, რადგან ერაყზე თავდასხმისას რუსეთის მხარდაჭერა არ არის მთავარი ამერიკისთვის. თან, ჯერჯერობით, ეს შორეული პერსპექტივაა. ასე რომ, არა მგონია, ასეთი რამ მოსალოდნელი იყოს”.

პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი კი შეერთებული შტატების მიერ საქართველოს, ასე ვთქვათ, გაწირვის შეუძლებლობას ამგვარ ახსნას უძებნის [რონდელის ხმა]: “ასეთი დაშვება თეორიულად შეიძლება, მაგრამ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ეს იქნებოდა იმის საწინააღმდეგო, რასაც შეერთებული შტატები აქამდე საქართველოს მიმართ ახორციელებდა; აქამდე აშშ სუვერენიტეტის განმტკიცებაში ეხმარებოდა საქართველოს. მათი სამხედრო კომპონენტი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და, ჩვენი უნიათობის მიუხედავად, ეს პროგრამა მაინც მუშაობს, მაინც ამზადებენ ანტიტერორისტულ ჯგუფს. სინამდვილეში ამით ჩვენი მომავალი შეიარაღებული ძალების ბირთვი მზადდება. არა მგონია, ამაში რუსი სამხედროები ჩაეჩხირონ. ეს იქნებოდა არალოგიკური და არა მგონია, შეერთებული შტატები ამაზე წავიდეს. მე გამოვრიცხავ ამას, თუ, რა თქმა უნდა, რაღაც სასწაული არ მოხდა. სასწაულები კი არ ხდება”.
XS
SM
MD
LG