Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის სხდომას ეხმაურება


დავით პაიჭაძე, თბილისი კონტროლის პალატის თავმჯდომარის გამოსვლას მთავრობის სხდომაზე და მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს რამდენიმე საათში მოჰყვა ბრიფინგი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში,

სადაც შეეცადნენ პასუხი გაეცათ სულხან მოლაშვილის აღწერებისა და შეფასებებისათვის.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” კონტროლის პალატის თავმჯდომარისთვის პასუხის გაცემა პოლიტიკურ მდივან კობა დავითაშვილს მიანდო, რომელმაც ლაპარაკი დაიწყო 105 ათასი ლარის პრობლემით. დავითაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, იუსტიციის მინისტრად მუშაობის დროს, სპეცსახსრებიდან მიღებული თანხის ხარჯზე 4-ჯერ გაზარდა თანამშრომელთა ხელფასი [დავითაშვილის ხმა] “და ეს არის სწორედ 105 ათასი ლარი, რომელსაც მას არამიზნობრივ ხარჯვაში უთვლის კონტროლის პალატის თავმჯდომარე”. ამ პრეტენზიას, დავითაშვილის თქმით, სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” არაერთხელ გასცა პასუხი და ახლაც მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო სექტორში ხელფასი უნდა იზრდებოდეს. მით უმეტეს, სამინისტროში ხელფასების ზრდას პოზიტიური ეფექტი მოჰყვა [დავითაშვილის ხმა]: “ყველაზე მეტად ხელფასები გაეზარდა სააღმსრულებო სამსახურის მუშაკებს, რომლებმაც, თავის მხრივ, ოთხჯერ გაზარდეს მიღებული შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში. სახელმწიფო უფრო მოგებული აღმოჩნდა ხელფასების ზრდით, ვიდრე ის, ვინც ამ ხელფასებს იღებდა”. სააკაშვილის გადადგომის შემდეგ ახალმა მინისტრმა, როლანდ გილიგაშვილმა ხელფასები ისევ შეამცირა. კობა დავითაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ ეს ნაბიჯი ისევ წაახალისებდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის კერძო პირთა ჯიბეებში გადინებას.

მთავრობის სხდომაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარის გამოსვლას კობა დავითაშვილი იმით ხსნის, რომ სულხან მოლაშვილი გააღიზიანა მიხეილ სააკაშვილის მიერ ამას წინათ წავკისში მოლაშვილის მშენებარე აგარაკის საჯარო ხსენებამ. დავითაშვილი ამბობს, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის ადეკვატური რეაქცია ის იქნებოდა, თუ მოლაშვილი შეძლებდა დაესაბუთებინა, საიდან აქვს დღევანდელი ქონება, რომელიც თანამდებობის პირად გახდომამდე მას არ გააჩნდა. აქ, რა თქმა უნდა, სიტყვამ მოიტანა ლაპარაკი დაუსაბუთებელი ქონების კანონპროექტის მიღების შესახებ.

რაც შეეხება დეპუტატების – დავით ბეჟუაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის სახელთა ერთ კონტექსტში მოხსენიებას, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ ბეჟუაშვილს არ დაუფინანსებია მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიები. ბეჟუაშვილი და სხვა ბიზნესმენები მათ სათოფეზე არ ეკარებიან ოპოზიციაში ყოფნის გამო. ბეჟუაშვილისა და სააკაშვილის კავშირი კი მხოლოდ იმ ფაქტით იფარგლება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და დეპუტატის ძმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გელა ბეჟუაშვილი ერთ წელიწადს კიევის უნივერსიტეტში სწავლობდნენ ერთად.

და ბოლოს: მოლაშვილს სააკაშვილმა კაროჟნა ქარსიძე გაახსენა “დარისპანის გასაჭირიდან”. ლიტერატურული პარალელებისაგან არც კობა დავითაშვილმა შეიკავა თავი და სექსის ენით პოლიტიკის აღწერის უძველეს ხერხს მიმართა [დავითაშვილის ხმა]: “ცოტა არ იყოს, ვერ გავიგე კაროჟნასთან შედარების აზრი, მაგრამ ანალიზი რომ გავაკეთე, მივხვდი: ბატონი მოლაშვილი გათხოვებას, ალბათ, პოლიტიკურ კარიერასთან აიგივებს. ბატონი სააკაშვილი მოექცევა კაროჟნას მდგომარეობაში, ანუ გაუთხოვარი დარჩება, თუ ასევე იაქტიურებს მომავალშიც. თუ ამ ლოგიკას მივყვებით და სულხან მოლაშვილის წარმატებულ პოლიტიკურ კარიერასაც გავიხსენებთ, ის, ეტყობა, კარგად გათხოვდა და თავსაც წარმატებით გათხოვილად მიიჩნევს. აქამდე მივყავართ გათხოვებისა და კარიერის მოლაშვილისეულ ანალოგიას”.
XS
SM
MD
LG