Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟვანია-სააკაშვილისგან ჟვანიასა და სააკაშვილისაკენ


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ახლაც ხშირად იხსენიებენ საერთო კონტექსტში. არადა, პოლიტიკურ პროცესში იკვეთება ტენდენცია,

რომელიც ამ ორი სახელის ერთმანეთისაგან დაცილებას უფრო მოასწავებს, ვიდრე დაწყვილებას. შევეცდებით, უფრო დაწვრილებით აღვწეროთ ეს ტენდენცია.

ბევრი ქართული გაზეთი თუ ტელეარხი ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის სახელებს ერთმანეთისგან მხოლოდ დეფიზით ჰყოფს. არადა, ამ ორ ფიგურას ახლა მეტი აშორებს ერთიმეორეს, ვიდრე უბრალოდ დეფიზი. ისინი პოლიტიკურ ტანდემს, ან, მით უმეტეს, წყვილს აღარ ქმნიან ქართულ პოლიტიკაში. ჟვანია და სააკაშვილი პარლამენტის წევრები არიან, მაგრამ არ წარმოადგენენ ჟვანია-სააკაშვილს, როგორც ეს ხდებოდა ერთის სპიკერობის და მეორის სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს. მაშინ ორივე ერთსა და იმავე პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა, დღეს ისინი სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები არიან.

ჟვანია-სააკაშვილის ურთიერთქმედება ახლა ნაკლებ ინტენსიურია, ვიდრე უწინ და, შესაბამისად, ნაკლებ პროდუქტიულიც. ამ ორი ადამიანის თანამშრომლობას ნაყოფი ძირითადად პარლამენტის კედლებში გამოჰქონდა რამდენიმე დემოკრატიული კანონისა თუ ინიციატივის სახით. ჟვანია-სააკაშვილის კოოპერაციამ, გარკვეულწილად, არგო სამოქალაქო სექტორის განვითარებასაც საქართველოში. დღეს მათი მიზნები გაყოფილია, თუმცა სამოქმედო არე იგივე დარჩა, – როგორც ერთის, ისე მეორის საზრუნავი პოლიტიკური ორგანიზაციის აწყობა და გაძლიერებაა. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი არ იმუშავებს “გაერთიანებული დემოკრატების” სასარგებლოდ, ხოლო ზურაბ ჟვანია არ შეეწევა “ნაციონალური მოძრაობას”.

სააკაშვილი კარგა ხანს გამოდიოდა ჟვანიას ჩრდილიდან. იუსტიციის მინისტრობის დროს, ან თუნდაც შარშან ვაკეში არჩევნების მოგების შემდეგ ის ჯერ კიდევ არ იყო ჟვანიასგან ბოლომდე დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა. 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, განსაკუთრებით – თბილისში ჩატარებული არჩევნების შედეგებმა აუწყა სააკაშვილს, რომ მას შეუძლია შეხედოს ჟვანიას, როგორც პარტნიორს (ან როგორც კონკურენტს) და არა როგორც მწყალობელს, რომელმაც პოლიტიკურად აღზარდა და გზაზე დააყენა. მართალია, არჩევნების საბოლოო შედეგამადე შორია, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ ჟვანიას გუნდთან შედარებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა. შესიტყვება “ჟვანია-სააკაშვილი” თანდათან პოლიტიკურ ისტორიას ჩაბარდება და ამას უწინარესად თვითონ სააკაშვილი შეუწყობს ხელს.

ინერციის ძალა, როგორც ჩანს, დიდია და ამ ორ გვარს კიდევ ხშირად მოაქცევენ ერთ კონტექსტში. აქ ვერ დავუკარგავთ დამსახურებას საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც, მოქალაქეთა დასანახად, ერთმანეთისაგან არ მიჯნავს მისგან მოძულებულ ჟვანიასა და სააკაშვილს. ასე იქცევა ოფიციალური მედია და დამოუკიდებელი მედიის ის სეგმენტი, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს. თემებისა და პრობლემების ფართო სპექტრი – კორუფციული კანონდარღვევებით დაწყებული და წინაპრების წარმომავლობის რკვევით დამთავრებული, მომავალშიც არაერთხელ დააწყვილებს ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილს. ოღონდ ეს იქნება უფრო ვირტუალური წყვილი, მოქმედი ხელისუფლების ერთგვარი დემონები, რომელთა განუყოფლობას ცოტა რამ დარჩება საერთო რეალობის ადეკვატურ ასახვასთან. რა თქმა უნდა, სამომავლოდ სულაც არ არის გამორიცხული გაცილებით მჭიდრო ურთიერთობა მათ შორის, ვიდრე ახლაა (მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით გამოსვლა), მაგრამ დღეს ამის წარმოდგენა ძნელია, – თვით ჟვანია-სააკაშვილისთვისაც კი.
XS
SM
MD
LG