Accessibility links

ბრძოლა კორუფციასთან ქართული და დასავლური სტანდარტების მიხედვით


კორუფციის წინააღმდეგ გამოცხადებული მრავალწლიანი ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ ეს ბრძოლა ჯერ არ დაუწყია.

ალბათ, სწორედ ასე უნდა გავიგოთ ედუარდ შევარდნაძის 21 აგვისტოს განცხადება, რომლითაც მან საკუთარ მთავრობას კორუფციის წინააღმდეგ პირველი ნაბიჯების გადადგმა მოუწოდა. 21 აგვისტოსვე მთავრობამ რამდენიმე ანტიკორუფციული ინიციატივა განიხილა, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლის მოახლოებას, “მარადიულ” შეკითხვად რჩება. ბრძოლა კორუფციასთან ქართულად – მოჩვენებითი ბრძოლაა. მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ ამ ბრძოლას საქართველოში და როგორ განიხილავენ კორუფციის პრობლემას დასავლეთში.

კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში, თუ ამას შეიძლება ბრძოლა ვუწოდოთ, აშკარად გამოკვეთილ პოლიტიკურ ნიშანს ატარებს. ის, ერთი შეხედვით, უკომპრომისო და შეუპოვარ ხასიათს იმ შემთხვევაში იძენს, როცა საუბარი ისეთ კორუფციულ გამოვლინებებს ეხება, რომელთა უკანაც პრეზიდენტის ოპოზიციაში გადანაცვლებული პირები ჩანან, ან, უბრალოდ, მიიჩნევნიან. ასეთია “ინვალიდთა ლიგის” გახმაურებული საქმე, რომელსაც მთავრობის სხდომებზე არაერთხელ წამოუწევია. მის ირგვლივ საუბარია ინვალიდთა პროგრამებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, ინვალიდების შესახებ ფილმებისა და კლიპების მომზადების მიზნით შეძენილი აპარატურის რეალურსა და დოკუმენტებში მითითებულ ღირებულებებს შორის სხვაობაზე და, რაც მთავარია, “ინვლიდთა ლიგის” საფინანსო მაქინაციებთან ამ ორგანიზაციის საპარლამენტო ლობისტების შესაძლო კავშირებზე.

ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა მთელი კატეგორიულობით მოითხოვა იმ პირების გამოვლენა და დასჯა, რომლებმაც ინვალიდთა პროგრამებისთვის ბიუჯეტს თანხა ურთულეს პერიოდში გამოგლიჯეს, შემდეგ კი შეჭამეს. მთავრობის ანტიკორუფციული გააქტიურება, აგრეთვე, ეხება ხოლმე გაზის გამანწილებელ სექტორში არსებულ სერიოზულ დარღვევებს და მათთან “საქგაზის” დამფუძნებლის, დავით ბეჟუაშვილის კავშირს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ გვარის ყოველ წამოტივტივებას თან სდევს მიხეილ სააკაშვილზე, როგორც ბეჟუაშვილის ლობისტზე საუბარი და სააკაშვილის მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროში დაშვებული ფინანსური დარღვევების გახსენება. ვერ ვიტყვით, რომ კორუფციაზე და კორუმპირებულებზე საუბარი მთავრობაში მხოლოდ ამ საქმეებით შემოფარგლება, ეს არის, რომ ზემოთ ხსენებული საქმეების განხილვას დიდი ხმაური ახლავს, სხვა საქმეები კი გაცილებით მშვიდ ტონალობაში ირჩევა და ხშირ შემთხვევაში დავიწყებასაც ეძლევა, – კარგა ხანია დავიწყებულია “საქართველოს საზღვაო სანაოსნოს” საქმე და არა მარტო ის. უბედურება ისაა, რომ თავისი ლოგიკური ფინალი არც მთავრობის სხდომებზე დიდი ხმაურით განხილულ დარღვევებს უჩანს.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ამაზე უფრო სამარცხვინო რა უნდა იყოს. მართლა მათხოვრობით მიღებული. დაჩოქილი დავდივართ, დავდივართ და გული გაგისკდება კაცს. ჩვენ ვართ ყველანი გულგრილი იმასთან დაკავშირებით, რომ დაგვეხმარა ამერიკა, იქიდან შემოვიდა და ამაში ფულს შოულობს უსინდისო, გათახსირებული ხალხი. ყველა, რა რანგისაც არ უნდა იყოს.”


კორუფციულ გარემოში მცირე გარდატეხა არც პრეზიდენტის ასეთ პერიოდულ გაცხარებებს შეუტანია და ამიტომ პრეზიდენტი იძულებულია კიდევ ერთხელ თქვას, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ახლაღა იწყება, რომ ხელისუფლებაში ახლაღა გამოიკვეთა ხელმძღვანელ პირთა ბირთვი, რომელსაც კორუფციასთან ბრძოლის ნება და უნარი გააჩნია, რომ ახალი, რთული და კეთილშობილური ბრძოლის შედეგი საქართველოს ბიუჯეტის გაორმაგება იქნება, – რა თქმა უნდა, ახლო მომავალში. ასეთი დაპირება უწინაც არაერთხელ გვსმენია. კორუფციასთან მრავალჯერ დაწყებული დაუნდობელი, სამკვდრო-სასიცოცხლო, ტოტალური ბრძოლები უშედეგოდ სწორედ ასეთი დაპირებების ფონზე მიინავლა. რას იზამს პრეზიდენტი და რას შეძლებს მის მიერ აღმოჩენილი ახალი ანტიკორუფციული ბირთვი, ისევ ბუნდოვანია. ხელისუფლება არ ავლენს სურვილს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში იმ საყოველთაოდ ცნობილი ნორმებით ისარგებლოს, რომლებსაც მას დასავლელი ექსპერტები სთავაზობენ. ამ ნორმების შესახებ საუბარი იქნებ აღარც ღირდეს, მაგრამ მაინც გავიხსენებ რამდენიმე წინადადებას, რომლებსაც განვითარებადი ქვეყნების ხელისუფლებებს მეგობარი, განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლები სწორედ კორუფიაცსთან ბრძოლისთვის სთავაზობენ. ესენია: ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმირება, ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროების გამჭირვალეობის მიღწევა, ძირეული რეფორმები სასამართლოს, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და მაკონტროლებლების სფეროებში და, რაც მთავარია, სახელმწიფო აპარატში, ბიუროკრატიული სისტემის შეზღუდვა და საბაზრო ეკონომიკაზე მისი გავლენის აღკვეთა, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის ზრუნვა და სხვადასხვა პროცესებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება, სახელმწიფო მოხელეების ეთიკის ნორმების დამკვიდრება, კანონის უზენაესობის და მის წინაშე თანასწორობის მიღწევა და ასე შემდეგ.

საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული შედეგებისთვის არც ერთი ზემოთ ხსენებული მიმართულებით არ მიუღწევია. კორუფციასთან ბრძოლა მას პოლიტიკური ბრძოლის რანგში გადააქვს და ადასტურებს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის დამკვიდრების მოთხოვნა მისთვის მეორეხარისხოვანია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG