Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის პოზიცია ერაყთან მიმართებაში


ანდრო ეული, პრაღა თეთრი სახლი უმნიშვნელოდ მიიჩნევს აზრთა მკვეთრ სხვადასხვაობას, რამაც პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციაში იჩინა თავი ერაყთან მიმართებით. ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ და სახელმწიფო მდივანმა

კოლინ პაუელმა ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი გამოთქვეს გასულ კვირაში იმასთან დაკავშირებით, უნდა მოითხოვოს თუ არა ვაშინგტონმა გაეროს განიარაღების ექსპერტთა დაბრუნება ერაყში. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, გაუგებრობა უახლოეს დღეებში უნდა მოგვარდეს, ვინაიდან გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას, 12 სექტემბერს, პრეზიდენტმა ბუშმა კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს ვაშინგტონის პოლიტიკა ერაყთან მიმართებაში.


ომების ვეტერანთა წინაშე გამოსვლისას, გასულ კვირაში, ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა, რომ ერაყში განიარაღების ექსპერტთა დაბრუნება სულაც არ იქნება იმის გარანტი, რომ ბაღდადმა გაეროს რეზოლუციები შეასრულა და არ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი. ჩეინიმ თქვა, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია იმ მუქარის უგულებელყოფა, ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი რომ უქმნის დანარჩენ მსოფლიოს და, ამდენად, ვაშინგტონმა ძალა უნდა გამოიყენოს.

რამდენიმე დღის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, ტელეკომპანია BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში სრულიად საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა, როცა ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა დაბრუნებას დაუჭირა მხარი. ვითარება იმანაც გაართულა, რომ ბუშის მამის, უფროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წამყვანი წევრები, მათ შორის ყოფილი სახელმწიფო მდივნები: ლორენს იგლბერგერი და ჯეიმს ბეიკერი მოუწოდებენ თეთრ სახლს, სამხედრო ძალის გამოყენებამდე, ახალი რეზოლუცია მიაღებინოს გაეროს, ერაყში განიარაღების ექსპერტთა დასაბრუნებლად.

ამჟამად როგორც თეთრი სახლის პრესმდივანი არი ფლაიშერი, ასევე თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ხმებს ადმინისტრაციაში მომხდარი განხეთქილების შესახებ. სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ფლაიშერმა თქვა, რომ პრეზიდენტი ბუში ჯერ კიდევ 16 იანვარს გამოვიდა მოწოდებით, რომ ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტები დაბრუნდნენ: [არი ფლაიშერის ხმა] ”ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტმაც და სახელმწიფო მდივანმაც მხარი აუბეს პრეზიდენტის მაშინდელ მოწოდებას და გაიცნობიერეს ის ფაქტი, რომ განიარაღების ექსპერტები საშუალებაა მიზნის მიღწევისა. მიზანი კი ამერიკის დაცვაა და არა, უბრალოდ, ერაყის ტერიტორიაზე ექსპერტთა ყოფნა.”

ფლაიშერმა აღნიშნა, ამასთანავე, რომ BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში პაუელმა თქვა, რომ ექსპერტთა დაბრუნება, უბრალოდ, ”პირველი ნაბიჯი” იქნება. კორესპონდენტის შეკითხვაზე, რა იქნება შემდგომი ნაბიჯი, ფლაიშერმა განაცხადა, რომ განიარაღების კომისიის საქმიანობის განახლება ვერ გახდება იმის გარანტი, რომ ერაყი აღარ წარმოადგენს საფრთხეს; რომ სადამ ჰუსეინს შეუძლია დამალოს თავისი იარაღი და თვალი აუხვიოს განიარაღების ექსპერტებს. ”შეერთებული შტატების მიზანი რეჟიმის შეცვლაა ერაყში, იმის მიუხედავად, ჩავლენ თუ არა ამ ქვეყანაში განიარაღების ექსპერტებიო” – დასძინა თეთრი სახლის პრესმდივანმა. ხოლო როცა ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რაღა აზრი აქვს ექსპერტთა დაბრუნებას, თუ შეერთებულ შტატებს სადამ ჰუსეინის დამხობა მაინც განზრახული აქვსო, ფლაიშერმა თქვა, ამით საერთაშორისო თანამეგობრობა მეტ ინფორმაციას მიიღებს იმის შესახებ, აქვს თუ არა ერაყს მასობრივი განადგურების იარაღიო.

თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ასევე უარყოფს მასა და პაუელს შორის განხეთქილების ფაქტს. პენტაგონში, სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, მან არი ფლაიშერის პოზიცია გაიზიარა განიარაღების ექსპერტთა საკითხში. ერაყის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ თარიკ აზიზმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბაღდადი მზად არის დიალოგისთვის გაეროს განიარაღების ექსპერტთა დაბრუნების შესახებ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დღის წესრიგში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც იქნება შეტანილი, მათ შორის ერაყის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმება და მის მთელს ტერიტორიაზე ერაყის სუვერენიტეტის აღდგენა. მაგრამ დონალდ რამსფელდმა თარიკ აზიზის ამ წინადადებას დროის მოსაგებად გამიზნული მორიგი ხრიკი უწოდა.

ამასობაში გაეროდან იუწყებიან, რომ ვაშინგტონის ევროპელი მოკავშირეები, რომლებიც თეთრი სახლის პოზიციას აკრიტიკებდნენ ერაყთან მიმართებაში, მათ შორის, საფრანგეთი და გერმანია, მხარს უჭერენ უშიშროების საბჭოში ახალი რეზოლუციის მიღებას ერაყში განიარაღების ექსპერტთა დაუყოვნებელი დაბრუნების თაობაზე. რეიტერის სააგენტოს ცნობით, ხსენებული რეზოლუციის პროექტს უშიშროების საბჭოს წევრები დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ და მოელიან, რომ რუსეთი ვეტოს არ დაადებს ახალ რეზოლუციას, თუ მასში არ იქნება მოხსენიებული ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების მუქარა.
XS
SM
MD
LG