Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იწვევს შეერთებული შტატები გაღიზიანებას მსოფლიოში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ამერიკას თითქმის მთელი მსოფლიო თანაუგრძნობდა და უცხადებდა სოლიდარობას. გავიდა ერთი წელი. ანტიამერიკული განწყობილება კვლავ გაღვივდა,

ევროპაშიც კი, კონტინენტზე, რომლის სახელმწიფოთა უმრავლესობას ვაშინგტონი თავის მოკავშირედ მიიჩნევს.


აკისირია თუ არა თვით შეერთებულ შტატებს ერთგვარი პასუხისმგებლობა 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმაზე? ასეთი შეკითხვა დაესვა იმ სახელმწიფოების წარმომდგენლებს, რომელთაც ამერიკა თავის ახლო მოკავშირეებად თვლის. შედეგი გამაოგნებელი იყო. რესპონდენტთა 69 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა – დიახ, შეერთებულმა შტატებმა მოიმკა რაც დათესა.
კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ გამოკითხვა, საუდის არაბეთში ან ინდონეზიაში კი არ ჩატარებულა, არამედ კანადაში, გაზეთ “გლობ ენდ მეილისა” და კანადის ტელევიზიის მიერ.
ევროპაშიც, გაზეთები სავსეა ამერიკის პოლიტიკის კრიტიკით, გარემოს დაცვით დაწყებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული.
მდიდარი და ძლევამოსილი, მით უმეტეს, თუ თავი მოაქვს ამით, ყოველთვის იწვევს სუსტისა და ღარიბის შურს. ამერიკა მდიდარიცაა და ძლიერიც, ისე რომ, არაფერია გასაკვირი, რომ მსოფლიოში ის ერთგვარ გაღიზიანებას იწვევს. მაგრამ ყველაზე მეტად ამერიკელებს ევროპელების რეაქცია სწყვეტს გულს.
ყველაზე უკიდურესად ეს გაღიზიანება იტალიელმა დრამატურგმა და რეჟისორმა, 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა დარიო ფომ გამოხატა: “11 სექტემბერი არის ლეგიტიმური პასუხი ძალადობის კულტურაზე, შიმშილობასა და ადამიანის ექსპლოატაციაზე”, რომლის გავრცელებას, დარიო ფოს აზრით, ხელს უწყობს ამერიკა.
პოლიტიკურ მეცნიერებათა ექსპერტი, ჩეხეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის თანამშრომელი პეტრ დრულაკი გაღიზიანების მიზეზს ხედავს ამერიკის ჰეგემონიურ საქციელში, იმაში, რომ ის სხვების ინტერესების გაუთვალიწინებლად მოქმედებს.
დრულაკის აზრით, ევროპელებისა და დანარჩენი მსოფლიოს თვალში ამერიკის მიერ დეკლარირებული უნივერსალური პრინციპები კაცობრიობის კეთილდღეობისა და დემოკრატიის შესახებ, სინამდვილეში ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.
ევროპასა და ამერიკას შორის ყოველთვის არსებობდა აზრთა სხვაობა გარკვეულ პრობლემებზე, მათ შორის იარაღის ტარებაზე, სიკვდილით დასჯაზე, გლობალურ დათბობაზე თუ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაზე
მაგრამ მსოფლიო და, სხვებთან ერთად ევროპაც თვლის, რომ ამერიკას სულაც არ ადარდებს ამ განსხვავებათა არსებობა.
პარიზელი ანალიტიკოსის ჟაკ ბელტრამის თქმით, ის, რომ ბუშის ადმინისტრაცია გამოდის საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ (მაგალითად კიოტოს ოქმი და საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო გამოდგება) კიდევ უფრო აძლიერებს ანტიამერიკულ განწყობილებას.
ბელტრამი აღნიშნავს, რომ ცივი ომის დამთავრების შემდეგ, დასვლეთ ევროპამ იგრძო, რომ ახლა, როცა აღარ არის ანტიკომუნისტური კოალიციის შესუსტების შიში, შეუძლია თავისუფლად გამოხატოს გაღიზიანება.
ბელტრამი შიშობს, რომ შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა განხეთქილებაში გადაიზარდოს. ამის თავიდან ასაცილებლად, მისი აზრით, ამერიკამ და ევროპამ უნდა შეარბილონ ყველაზე მძაფრი მომენტები დიალოგის მეშვეობით.
მაგალითად, ევროპას ბელტრამი სთავაზობს, გაგებით მოეკიდოს ტერორიზმის წინააღმდეგ ამერიკის მიერ წარმოებულ ომს.
[ბელტრამის ხმა]nc091018

“ევროპელების მხრიდან ამერიკის ცალხმრივობის გაკრიტიკებისას ყველაზე უსამართლოა იმის თქმა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ომის საქმეში ამერიკელებმა გონება დაკარგეს, რომ ისინი საფრთხეს აზვიადებენ და სხვა, ვინაიდან ეს ამერიკელებს აფიქრებინებს, რომ ამ საშიშროებასთან გამკლავებას მათს გარდა არავინ მიიჩნევს თავის საქმედ. ჩემი აზრით, ევროპელებმა, პირიქით, ხაზი უნდა გაუსვან ამ მუქარას და ამერიკელებს იქნებ ალტერნატივაც შესთავაზონ – ტერორზმთან გამკლავების სხვა, სამხედრო აქციებისგან განსხვავებული გზა.”
ის, რომ ევროპელები სათანადოდ არ აფასებენ ტერორიზმის საშიშროებას, შეიძლება იყოს კრიტიკის მთავარი მიზეზი, ასკვნის ბელტრამი.

როგორც აღნიშნავს პეტრ დრულაკი, საინტერესოა, რომ ევროპის პოსტკომუნისტური ქვეყნები უფრო პროამერიკულად არიან განწყობილი, ვიდრე მათი დასავლელი მეზობლები. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ისტორიულად ამერიკა ტოტალიტარული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის ფლაგმანად აღიქმებოდა.
მაგრამ დრულაკის აზრით, ეს სიტაუცია შეიცვლება. რეგიონისთვის უფრო მიმზიდველი ევროპის კავშირია და არა ამერიკის შეერთებული შტატები.
XS
SM
MD
LG