Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისზეა გათვლილი პუტინის მუქარა - გრძნობს თუ არა მოსახლეობა ომის საფრთხეს


არის საკითხები, რომლებიც კომენტარს არ საჭიროებენ: ომის მუქარაზე, როგორც წესი, მოსახლეობა ერთგვაროვნად რეაგირებს. პანკისის ხეობა, რუსეთის პრეზიდენტის მიერ 11 სექტემბერს

გაკეთებული განცხადების შემდეგ, კიდევ ერთხელ გახდა საქართველოს ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი. ზოგად პაციფისტურ განწყობებს რუსულმა იმპერიულმა ზრახვებმა აქ, თითქოსდა, ადგილი აღარ დაუტოვა. პანკისში პანიკაა და მრავალეროვანი მოსახლეობა თვითგადარჩენისათვის იბრძვის. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დუისში ადგილობრივი უხუცესები ჩეჩნებს ხვდებიან და შიდა მობილიზაციის გეგმებს ათანხმებენ. 13 სექტემბერს კი დაგეგმილია დიდი საერთო თვყრილობა, რომლის მიზანია პანკისის ხეობის მრავალეროვანი მოსახლეობის ხმამ დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებამდეც მიაღწიოს.

პანკისის ხეობაში, არაზუსტი სტატისტიკით, დღეისათვის 30 000 ადამიანი ცხოვრობს. მათგან უმრავლესობას შეადგენენ ადგილობრივი ქისტები -
10 000 კაცი, უმცირესობას კი - ოსები, 1000 კაცი. მათ გარდა, ხეობის მკვიდრი მოსახლეობაა ფშავლები - 2500- 3000 კაცი და ჩეჩნეთიდან ლტოლვილები - დაახლოებით 4 500 კაცი. მიუხედავად იმისა, პანკისის ხეობის მოსახლეობის რომელი ნაწილი იწვევს რუსული იმპერიალიზმის გაღიზიანებას, საფრთხე თანაბრად ეხება ყველას, მათ შორის, მეზობელ ახმეტის რაიონს, რომელიც 23 აგვისტოს რუსული საჰაერო თავდასხმის ეპიცენტრად იქცა: დაბომბვის მსხვერპლი ხომ სწორედ ახმეტის რაიონის მკვიდრი იყო. ახმეტის გამგებლის ზაქრო ქინქლაძის თქმით, პანკისის ხეობისაგან განსხვავებით, პრეზიდენტ პუტინის 11 სექტემბრის განცხადებას ახმეტის მოსახლეობა შედარებით თავშეკავებულად შეხვდა:
[ზაქრო ქინქლაძის ხმა] “ ამას თითქმის უკვე მიეჩვია ხალხი. უკვე მერამდენედ მოხდა ახმეტის რაიონის ტერიტორიების დაბომბვები. არასასურველი შეგრძნებები არის. თავყრილობები ასეთი ჯერ არ გაკეთებულა აქ, მაგრამ მოსახლეობა ერთმანეთში ხომ უზიარებს აზრს და შეშფოთებაა. ეს ყველგან იგრძნობა - ჩემთან სამსახურში, ქუჩაში, ყველგან შეშფოთებულია ხალხი, მაგრამ ისე, რომ ცაში იყურებოდნენ, ან ეხლა დაგვბომბავენ, ან ეხლაო, ასე არ არის”. [სტილი დაცულია]
სხვათა შორის, რუსული აგრესიის არაერთგზისი აფიშირების მიუხედავად, პრეზიდენტ პუტინის 11 სექტემბრის პოლიტიკურად, აშკარად, უცენზურო და არაკორექტული განცხადების შემდეგაც კი, ომის საშიშროება არ იგრძნობა დედაქალაქშიც, სადაც ჩვენ მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ პუტინის მუქარა მხოლოდ პოლიტიკური ურთიერთობების სცენარში იწერება და მისი სამიზნე მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა.
[მოქალაქის ხმა] “რუსეთი არ წავა მაგაზე, რომ ომი დაუწყოს საქართველოს. განცხადებებს რატომ აკეთებს და, მაინც შეგვაშინოს უნდა. რას მოიგებს და, არეულობას საქართველოში, რომელსაც უნდა მოჰყვეს პრეზიდენტის გადადგომა აუცილებლად. აქეთაა გათვლილი და, ალბათ, ასე იქნება. შეიძლება კიდევ ერთი-ორი ბომბი ჩამოაგდოს შესაშინებლად, თვარა, მე მგონი ქართველ ხალხს რუსეთი არ გაწირავს. ”[სტილი დაცულია]
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე რუსეთი ყოველთვის სარგებლობდა ძლიერი მეზობლის იმიჯით. ძლიერის მიერ სუსტის დამორჩილების “დერჟავნიკული” პათოსი კი იმდენად შეჩვეული ჭირია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ დაბომბვა დაშინებად მიიჩნევა და არა თავდასხმად. ფაქტია ისიც, რომ ასეთ არათანაბარ პირობებშიც კი თბილისელები აზრს ძნელად იცვლიან:
[მოქალაქის ხმა]“ამან მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ.მთლად რადიკალურად ამერიკისაკენ გადახრაც არ არის ჩვენი ქვეყნისთვის - ახლა სულ უგულებელვყოთ რუსეთი, იმიტომ რომ ამერიკაა, საბოლოოდ მაინც ვინ დგას საქართველოს გვერდში, რეალურად.”[სტილი დაცულია]
გვერდში მდგომი აგრესორის აშკარა და ფარულ ზრახვებს ამ ეტაპზე ამერიკის მიერ ერაყზე შესაძლო თავდასხმის ოპერაციას უკავშირებენ. პოლიტიკოსებში გავრცელებული აზრის მიხედვით, ამერიკის მიერ ერაყზე თავდასხმას მომენტალურად რუსეთის საქართველოში შეჭრა მოჰყვება. პოლიტიკურ რადიკალიზმს ქალაქელები ამჯერადაც ჩვეული მსუბუქი ოპტიმიზმით უპასუხებენ:
[მოქალაქის ხმა]“პრეზიდენტები არ იწყებენ ომს.”
XS
SM
MD
LG